in

გიორგი კონტუაძე – #პირველისამსახური

გიორგი კონტუაძე

17 წლის ასაკში მივიღე პირველი ჰონორარი, დასტურად იმისა, რომ ჩემი ამდენხნიანი ვარჯიში დაფასდა და უკვე წყალბურთის ეროვნულ ნაკრებში ვირიცხებოდი. სასწაული გრძნობა იყო, ალბათ ყველას ვახარე ეს ფაქტი. მეგონა, ცხოვრების უმაღლეს წერტილს მივაღწიე. ნაკრები ნამდვილად არის უმაღლესი წერტილი ნებისმიერი სპორტსმენისთვის, თუმცა ჩემთვის კარიერის პირველი სამსახური შეგვიძლია ვუწოდოთ.

ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დიდ სპორტს ჩამოვშორებოდი და უფრო სხვა მიმართულებით მეპოვნა საკუთარი თავი. სპორტის პარალელურად, გატაცებული ვიყავი წერით, მქონდა პირადი ბლოგი და ვწერდი ჩანახატებს. ბლოგინგმა იმდენად გამიტაცა, რომ ამ პერიოდში სწორედ ეს იქცა ჩემი ინტერესის მთავარ სფეროდ. წყალბურთიდან წამოსვლის შემდეგ, მუშაობა სარეკლამო კომპანია “ზებრაში” დავიწყე, სადაც კომპანიის სოციალური მედიის გვერდს ვმართავდი, ვმუშაობდი კასტინგ მენეჯერად და ვმონაწილეობდი სხვადასხვა რეკლამის თუ კამპანიის დაგეგმვაში. ეს პროცესი ძალიან შემიყვარდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, სწორედ აქედან იწყება ჩემი ინტერესი კრეატიული სფეროს მიმართ. ამავე პერიოდში ვიღებ შეთავაზებას კომპანია “აჭარაბეთისგან” და ვიწყებ ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობას. აქ ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი – მეგობრები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. არასდროს ვჯერდებოდი ერთ საქმეს. სულ რამდენიმე საფიქრალი მქონდა. ყოველთვის მიყვარდა აქტიური რეჟიმი და დინამიკურობა. ამ პერიოდშივე დავიწყე ლექციების კითხვა ილიას უნივერსიტეტში, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. უამრავი რამ ვისწავლე და ვტკბებოდი იმ მომენტით, რასაც ცოდნის გაზიარება ჰქვია.

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი კომპანია, ციფრული მარკეტიგნის მიმართულებით და უკვე პირადი ბიზნესი ყოფილიყო მთავარი, რაზეც ვიქნებოდი კონცენტრირებული. ამის გამო მომიწია სხვადასხვა სამსახურზე უარის თქმა და იმის ნულიდან შენება, რისიც მჯეროდა და ვიცოდი, მომავალში ძალიან დიდი პერსპექტივა ექნებოდა.
 როდესაც საუბრობენ, თუ რა არის წარმატების გასაღები, ვფიქრობ, მისი ყველაზე ძლიერი პასუხია რწმენა – გჯეროდეს, რასაც აკეთებ აუცილებლად გამოვა. შიშითა და ეჭვებით გაკეთებული საქმე, უბრალოდ, წყალში გადაყრილი დროა.

გიორგი კონტუაძე – ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო “კრაკენის”, კომპანია “გიფერის”, “Burger Inn”-ისა და “ელვისის” თანადამფუძნებელი.

როგორ გავუმკლავდეთ დაბალპროდუქტიულ თანამშრომელს, რომელსაც ჰგონია, რომ კარგად მუშაობს

„2-3 ძლიერი კონცეპტი 20 დაუმუშავებელ იდეას ჯობია“ – გია ბოხუა, Adobe-თან, მინიმალისტურ ლოგოებზე საუბრობს