თუკი გიორგი კონტუაძის დასახასიათებლად მხოლოდ ერთი სიტყვის არჩევის საშუალება მექნებოდა, დაუფიქრებლად ავირჩევდი „ძიებას“. დღეს, მის სახელთან რამდენიმე კომპანიაა დაკავშირებული. მარკეტინგისადმი მძაფრმა ინტერესმა შექმნა „კრაკენი“, „გიფერი“, „ბურგერ ინნ“ და „ალკო ჰოლი“. არადა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, მარკეტინგის სფეროში თუ აღმოჩნდებოდა. დიდი ხნის მანძილზე, მისი მთავარი საქმიანობა სპორტს უკავშირდებოდა, თუმცა წყალბურთის ეროვნული ნაკრებიდან წამოვიდა და იმ დროისთვის სრულიად უცნაურ პროფესიას მიჰყო ხელი – ციფრულ მარკეტინგს. ამ საქმეს „ფეისბუქის ადმინობას“ ერქვა და ბევრი სერიოზულ საქმედ ვერ აღიქვამდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გიორგის „რამე წესიერი სამსახური იპოვე“ ხშირად ესმოდა. ამ ფრაზას ყურადღებას არ აქცევდა და ყოველ ჯერზე, ინტერესით ცდიდა რაღაც ახალს. ასე იყო ბავშვობიდან.
„მგონია, რომ ადამიანები სულ ძიების პროცესში ვართ. ფილოსოფიაში, ალბათ, მოკლე გზებს ვნახულობდი. თითქოს, იმ ადამიანებს ჩემნაირი კითხვები, უკვე გავლილი და ბევრი მხრიდან დანახული ჰქონდათ.“
M: საინტერესოა, წყალბურთის პარალელურად, ფილოსოფიით როგორ დაინტერესდი?
წყალბურთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის პარალელურად, უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ეგ ის დროა, როცა ჯერ კიდევ არ ხარ ჩამოყალიბებული, რა პროფესია გინდა, რა მიმართულებაა პერსპექტიული. ვფიქრობდი, რაკი საქართველოს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს, ემ მხრივ წავსულიყავი. ოჯახის რეკომენდაციით, ტურიზმის მენეჯმენტზე ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში. პირველ კურსზე ფილოსოფიისადმი გამიჩნდა ინტერესი. აგვისტო იყო და დასვენების მაგივრად, საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული. გარშემომყოფებისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო ჩემი ასეთი ინტერესი, მაგრამ რაკი უნივერსიტეტი მეორადი პროფესიის არჩევის შესაძლებლობას მაძლევდა, მეორად პროფესიად ფილოსოფია ავირჩიე.
M: რაში დაგეხმარა ფილოსოფია?
მგონია, რომ ადამიანები სულ ძიების პროცესში ვართ. ფილოსოფიაში ალბათ მოკლე გზებს ვნახულობდი, თითქოს ის კითხვები, რაც მე მქონდა, ფილოსოფოსებს უკვე გავლილი და ბევრი მხრიდან დანახული ჰქონდათ. მაგ დროს წერაც მაინტერესებდა, ჩემი ბლოგი მქონდა, სადაც პატარა ნოველებს ვქმნიდი. პარალელურად იყო სპორტიც და უნივერსიტეტიც.
მესამე კურსზე ბლოგების წერა დავიწყე. ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანები გავიცანი. რომ გავიგე, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა და ამაში ანაზღაურებას იღებდა, შოკი მქონდა. არ მეგონა, ბლოგისა და გვერდების მართვაში ვინმე ფულს თუ იხდიდა. ამის შემდეგ მიხვდი, რომ შეიძლებოდა ამ მიმართულებით რაღაც გამეკეთებინა და სპორტიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.
M: როგორც ახსენე, საკმაოდ დიდი ხნის მანზილზე, წყალბურთი შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, პროფესიაც კი. რამდენად რთული აღმოჩნდა იმისთვის თავის დანებება, რაც ძალიან გიყვარს?
ამ სპორტს ცხრა წელი მივუძღვენი. არაფრის დრო არ მრჩებოდა ხოლმე. ძალიან აქტიური რეჟიმია და ალბათ, არც მე ვიყავი შინაგანად ისე მოტივირებული, რომ ბოლომდე გავყოლოდი ამ სპორტს. ხშირად მიფიქრია, რაღაც ასაკამდე ვითამაშებდი წყალბურთს და მერე რას გავაკეთებდი?! დიდი ალბათობით, გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი. სხვა სპორტებისგან განსხვავებით, წყალბურთი დიდად არ არის ანაზღაურებადი. საქართველოში მაშინ ამ სფეროს ასეთი ყურადღება არ ექცეოდა, როგორც ახლაა. სპორტის კუთხით, პერსპექტივა იმდენად არ მომეწონა, რომ ვერ დავუკავშირე ჩემი თავი ამ მომავალს. უფრო სხვა მიმართულებით დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შემეძლო საკუთარი თავის განვითარება.
ზუსტად მაგ დროს, სხვა შემოთავაზებები გამოჩნდა და ამანაც გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება. სპორტიდან წამოსვლისთანავე სარეკლამო კომპანია „ზებრაში“ დავიწყე მუშაობა. აქ ბევრი რაღაც შევითავსე: კასტინგ მენეჯერიც მე ვიყავი, სოციალურ მედიასაც ვმართავდი, გადაღებებზე ფოტოებსაც ვიღებდი. იმდენად მომწონდა პროცესი, რომ ამ სფეროსადმი სიყვარული პირდაპირ კავშირშია „ზებრასთან“, სადაც ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე.
ფილოსოფიის სიყვარულმა მასწავლა ის, რომ ხანდახან რაღაცების წინააღმდეგ გალაშქრებაც კარგია, როცა გულწრფელი ხარ და რაღაცის გჯერა. მაშინ ტერმინები „ციფრული მარკეტერი“ და „სოციალური მედიის მენეჯერი“ არ არსებოდა, უბრალოდ „ფეისბუქ ადმინი“ გერქვა. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 7 წლით უფროსია, სულ მეუბნებოდა, ეს დროებითი სამსახურია, ხვალ შეიძლება არაფერი აღარ იყოს, წადი, ნორმალური სამსახური იპოვეო.
მაშინ რთული იყო ახსნა, რას ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან მჯეროდა ამ მიმართულების. ისეთი ანთებული ვუხსნიდი, რომ მომავალში ეს სფერო ძალიან გამომადგებოდა, თანდათან ნდობა ვიგრძენი ოჯახის წევრებისგან.
M: როგორია შენთვის მომენტი, როცა შენთვის საინტერესო საქმეში სხვები პერსპექტივას ვერ ხედავენ?
ჩემთვის დიდი გამოწვევაა. უფრო დიდ მოტივაციას მიჩენს, თუნდაც საკუთარ ოჯახის წევრს დავუმტკიცო, რომ სწორ გზაზე ვარ. ის ადამიანები ჩემი შედეგებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ. ზოგადად, ეს ნებისმიერ რამეს ეხება, თუნდაც ბიზნესში, როდესაც ვიღაცას ეჭვი აქვს, სურვილი გიჩნდება, რომ ეს ეჭვი გაუქარწყლო. ალბათ, ეს სპორტული გამოცდილების დამსახურებაც არის.
M: სპორტის, ტურიზმისა და ფილოსოფიის შემდეგ, როგორ იგრძენი, რომ სწორედ მარკეტინგია შენი საქმე?
მარკეტინგს საგნად უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, მაგრამ დიდად არ მაინტერესებდა. არ იგრძნობოდა ის ხიბლი, რაც მარკეტინგს აქვს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ციფრულ მარკეტინგში გადავედი. ეს იყო ძიების 4 წელი, როცა თავად მივდიოდი საკუთარ საქმიანობამდე. დღეს, ბევრი საშუალებაა, რომ ეს გზა მარტივად გაიარო, ბევრი კურსია და ამ გზის დაჩქარება და დროის მოგებაა შესაძლებელი. მე დიდი დრო დამჭირდა. ბევრ შეცდოდმასაც ვუშვებდი და ახლა, იმავე შეცდომებს აღარ გავიმეორებდი, მაგრამ ამ არასწორმა კეთებამ მომიყვანა დღევანდელ გამოცდილებამდე. შეცდომები ყველაზე მთავარი გაკვეთილია.
M: სხვა სააგენტოში მუშაობის პროცესში, საკუთარი კომპანიის შექმნამდე როგორ მიხვედი?
„ზებრაში“ 5-6 კომპანიას ფეისბუქის გვერდის მართვის მიმართულებით ვემსახურებოდი. მაშინ სააგენტოში მოვიდა „ჯი დი ალკო“, რომელსაც დაახლოებით სხვადასხვა ბრენდის კომუნიკაციის დაწყება უნდოდა. მაშინ „ზებრაში“ სოციალური მედიის მიმართულება არ იყო, მითხრეს, ეს შენი საქმეა, ჩვენ არ გვეხებაო. მივხვდი, ფიზიკურად ვერ შევძლებდი მარტო ამ საქმის კეთებას. ამიტომ მეგობარს შევეხმიანე, კომპანია ხომ არ გავაკეთოთ, არსებობს მოთხოვნა და მოდი ჩვენ დავაკმაყოფილოთ-მეთქი. შეხვედრაზე სამნი მივედით. გვითხრეს, 11 გვერდი გვინდა ჩაგაბაროთ და იმედია, საკმარისად ხართ გუნდშიო. კი, ზუსტად 11-ნი ვართ-მეთქი. რომ გამოვედით, დავიწყეთ დარეკვა, თანამშრომლების ასაყვანად.
ჩვენ რომ პასუხისმგებლობა არ აგვეღო და გვეთქვა, რომ სამნი ვართ, ალბათ იმ სამ გვერდსაც ვერ წამოვიღებდით და გვეტყოდნენ, სხვა სააგენტოს მოვძებნითო. რა თქმა უნდა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გამოცდილ თანამშრომლებს ავიყვანდით, მაგრამ მჯეროდა, სულ რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონოდა ახალ ადამიანს, მე ვასწავლიდი და ვეტყოდი, რა როგორ გაეკეთებინა. ეს არ არის საშიში საქმე. უკან დახევით კი შორს ვერ წახვალ. ეგ იყო პირველი ბიძგი და ზოგადად, მნიშვნელოვნად დაგვეხმარა კარიერულ წინსვლაში, რომ ბევრი რამ გვესწავლა. „ჯი დი ალკოს“ ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდი ჰყავს და საერთაშორისო ტრენინგები გვიტარდებოდა ხოლმე. ეს უცხოური გამოცდილების დაგროვებაში დაგვეხმარა.
M: როდის ხვდები, რომ ახლა კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად კარგი დროა?
ვფიქრობ, ყველაფერი პროცესში მოდის. „გიფერის“ იდეა ერთ-ერთი კომპანიისგან გაჩნდა, რომელიც მაშინ „კრაკენის“ დამკვეთი იყო. გვითხრეს, რამე განსხვავებული მოგვეფიქრებინა და ზუსტად მაგ დროს გაჩნდა იდეა. იმდენად მოგვეწონა, რომ განგებ დავუფასეთ ძალიან ძვირი, რის გამოც ბუნებრივია უარი გვითხრეს. თავიდან ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა წარმატებული ბიზნესი გამოსულიყო. არც გრანტი აგვიღია, არაფერი, ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია. ამ სფეროში როცა ხარ და რაღაც ალღოს დაუჭერ, მერე უფრო მარტივად ხვდები რა სფეროა საინტერესო და სად არის სისუსტეები. ბაზარზე საერთოდ არ არსებობდა მსგავსი ტიპის მოწყობილობა. ჩვენ გავაჩინეთ მოთხოვნა და ამ მოთხოვნას ჩვენივე პროდუქტით ვუპასუხეთ.
თუ იდეა მოგწონს და გჯერა, მერე რა, თუკი ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება არ გაქვს – მოძებნი ადამიანს, ვისაც განახორციელებინებ. უბრალოდ, კარგად უნდა გქონდეს წარმოდგენილი, რა და როგორ გინდა. ხშირად სტარტაპერები ამის გამო წილს თმობენ, თუმცა არსებობს იდეები, რომლებიც შეგიძლია მინიმალური ფინანსური კონტრიბუციით დაიწყო და სრულად შეინარჩუნო. „გიფერი“ 1000 ლარით დავიწყეთ.
M: როგორია ძიებისა და დაკვირვების პროცესი შენს გონებაში?
რთული კითხვაა. ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც ვიღებ, აუცილებლად გადავხარშავ ხოლმე, აი, დაღვინებას რომ ეძახიან. ბიზნესშიც ეგრეა, შეიძლება იდეა ერთ დღეს მოგეწონოს და მეორე დღეს – არა. ასე არის საკუთარ თავშიც. შეიძლება შეგიპყროს რაღაც იდეამ, მაგრამ თუ საკითხს ყველა მხრიდან არ შეხედე, შესაძლოა რაღაცები გაგეპაროს. ალბათ, ძიების პროცესიც აქედან ჩამომიყალიბდა. ყველაფერს ავწონ-დავწონიდი ხოლმე და ეგრევე არ ვიღებდი გადაწყვეტილებას.
M: გაიხსენე ისეთი შეცდომა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ გასწავლა…
შეცდომები ხშირია ხოლმე. მაგალითად, „გიფერის“ შემთხვევაში, ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის ბაზარზე, უცხო ქვეყანაში, ყველანაირი გამოცდილების გარეშე გავედით. დამფუძნებლები მორიგეობით ჩავდიოდით, ვხვდებოდით ადამიანებს, მაგრამ ბაზარი მაინც იყო და თავად ბიზნესმოდელიც არასწორი. არ უნდა წავსულიყავით, უაზროდ დავხარჯეთ დრო და ვერც შედეგი მივიღეთ. არადა, გვეგონა, საქართველოზე ბევრად გახსნილი ხალხიაო, პირიქით აღმოჩნდა. საქართველოში უფრო მარტივად შეხვდნენ გიფერს, ვიდრე იქ. უცხოელები რომ ვიყავით, არ აღგვიქვამდნენ სერიოზულად. დიდი ქვეყანაა და იქ ბევრად დიდი დრო და რესურსია საჭირო. მივხვდით, სჯობდა ადგილობრივ კომპანიას ჩაებარებინა და ემართა ეს საქმე.
ფაქტობრივად, გავაჩერეთ ოპერირება. შემდეგ, ბიზნესმოდელი შევცვალეთ და ფრანჩაიზის გზით წავედით, სხვა ქვეყნებში ადგილობრივ მაცხოვრებლებს ლიცენზიასა და მოწყობილობებს მივყიდდით და შემდეგ ისინი აგრძელებდნენ ოპერირებას. ამ მიმართულებამ გამოიღო შედეგი. თუმცა, არა ის შეცდომა, ფრანჩაიზის მოდელზე არ გადავიდოდით. თანაც, შეცდომასაც გააჩნია. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ კომპანიისთვის ძალიან რთული იყოს მაგის გაანალიზებაც კი. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო და გააანალიზო – კი, შეცდომა დავუშვით, მაგრამ მოდი, სხვა მოდელი ვცადოთ.
M: იმ ბევრ საქმეში, რასაც ხარ შეჭიდებული, რა უნარები გჭირდება ან გეხმარება?
ჩემი აზრით, როდესაც რამდენიმე ბიზნესში ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავიდან გამოხვიდე და სხვა თვალით უყურო ყველაფერს. ჩემი ძირითადი მიმართულება მარკეტინგია, იმ ბიზნესებში, სადაც მე ვარ, ჩემს პარტნიორებთან ერთად მაქვს განაწილებული პასუხისმგებლობები. ხედვის კუთხით ვიტყოდი ჩემს რჩევას, ადამიანებს ყოველთვის სჯობს ახსოვდეთ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთ კონკრეტულ „ბაბლში“. ხშირად ვუშვებთ ამ შეცდომას, როცა, მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერებისთვის ვაკეთებთ კონკრეტულ რაღაცას. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ვსაუბრობთ მასობრივ პროდუქტზე, როდესაც რაღაც უფრო დიდ ბიზნესებს ვეხებით. რეალურად, ჩვენ თუ „ბაბლის“ იქით არ ვიფიქრეთ და ადამიანების საჭიროებები არ დავაკმაყოფილეთ, ბიზნესს ვერ გავზრდით, რადგან მარკეტინგის მენეჯერების „ბაბლი“ ძალიან პატარაა.
ხშირად ვამბობ – გამოდით ბაბლიდან. უნდა ვიფიქროთ, რა მოსწონს იმ ხალხს, რა აინტერესებთ, რაზე ნერვიულობენ. თუ ეს ყველაფერი არ გაითავისე, აცდები შენს აუდიტორიას და როგორც კი აცდები უნდა ჩათვალო, რომ ბიზნესი უკან მიდის. როცა გამოჩნდა რეიტინგი, რას უსმენდა ხალხი Youtube-ზე და ბევრს გაუკვირდა, რა სიმღერებიც აღმოჩნდა ამ სიაში. არადა, ეს ხალხი არსებობს, ხომ ასეა?! თუკი ამ ყველაფერს უსმენს 10-დან 9 და შენ არ იცი, რა არის, ე.ი. სხვაგან ხარ. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. თუ მე ბიზნესს ვაწარმოებ და მინდა, რომ ამ სეგმენტზე გავიდე, უნდა ვიცოდე თუნდაც ის ტოპ-ათეული, რაც Youtube-შია, რომ ამ სეგმენტს რა მოსწონს.
M: ვფიქრობ, ადამიანები ჩვენი საქმიანობით გარკვეულ სათქმელს ვამბობთ. რა არის შენი სათქმელი, როგორც მარკეტერის? რა გინდა გადმოსცე შენი საქმით?
ზოგადად, ამ სფეროში ჩემი ყოფნა ყოველთვის გამოწვევა იყო. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ამ სფეროში სიტყვის თქმა შემიძლია, რაც „კრაკენმა“ მოახერხა კიდეც. პირად სათქმელს რაც შეეხება, ახლა გამოწვევა მაქვს, რომ ჩემი აქტივობები არ იყოს ნიშური და ვიწრო „ბაბლისთვის“ გაკეთებული. რაც დრო გადის იზრდება ეს ამბიციები იმ კუთხით, რომ იქნებ მოფიქრებულმა იდეამ ადამიანების ქცევა ან სამყარო შეცვალოს. ეგ ძალიან დიდ მოტივაციას და სიამოვნებას განიჭებს ადამიანს. ეს გამოწვევები მუდმივად ცვალებადია. რაღაცნაირად დამოკიდებულებას იწვევს განცდა, რომ შეიძლება არაფრისგან ისეთი კარგი რაღაც გამოიყვანო, ყველა ამაზე აალაპარაკო. ამ კარგი რაღაცის უკან შენ რომ დგახარ, ეს არის, რაც მარკეტერებს და ამ სფეროში მყოფ ადამიანებს გვაცოცხლებს. ამას ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერ გადაწონის. მთელი ცხოვრება, სადაც არ უნდა ვიყო, მარკეტინგისა და ე.წ. ინსაითების ძებნა იქნება ჩემი თანმდევი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროს ბიზნესის მიმართულებაში ვარ ჩართული, მარკეტინგი და კომუნიკაცია ყველა სფეროშია.
M: რა ეტაპზე იმყოფები – რას ეძებ ახლა?
სულ ძიების ეტაპზე ვარ. რას ვეძებ, ჯერ არ ვიცი. კომპანიებზეც, რომლებიც დავაფუძნე, ალბათ ორი წლის წინ რომ ეკითხათ, აპირებო? ვეტყოდი, რომ – არა. ეს არის ძიება და სულ ამ პროცესში ვარ. ხვალ რასაც ვიპოვი, თუ მომეწონება ვიტყვი, გავაკეთოთ, რატომაც არა. ეგ არის ჩემთვის მნიშნელოვანი. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. რაღაც ეტაპამდე რომ მიიყვან ერთ კომპანიას და ფიქრობ, რამე ახალი მოიფიქრო, ახლიდან გინდა საკუთარი თავი გამოიწვიო. სხვა სირთულეები გამოცადო და სხვა სფეროშიც დაამტკიცო, რომ შეგიძლია. ეს პროცესი თუ გიყვარს, არ გაჩერდები არასდროს. რაღაცაზე შეიძლება თქვან, გაუმართლაო, მაგრამ სხვადასხვა სფეროებში თუ ხარ ე.ი. გინდა დაამტკიცო, რომ პროფესიონალი ხარ, გამოგდის და ეს შემთხვევითობა არ არის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი