1
Aug
2019

“პროფესიით ხმათმეწარმე ვარ..” – გიორგი ქორიძე #თაობა

1 Aug 2019

გიორგი ქორიძე ახალგაზრდა მუსიკოსია თბილისიდან. უკვე 7 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს – ისე კი, ბავშვობიდან აქვს მუსიკასთან შეხება. ინსპირაციის წყარო ბევრი აქვს, ბევრი და უცნაური.. რადგან შეიძლება, ერთხელაც ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი თავში დაეცეს და ეს გახდეს მისი შთაგონება.. მის შემოქმედებაზე, ამჟამინდელ საქმიანობასა და ზოგადად მუსიკაზე #თაობა გიორგის გაესაუბრა:

M: ვინ არის გიორგი ქორიძე? გაგვაცანი შენი თავი..

გამარჯობა, ან თუ დიდად გრამატიკა არ განაღვლებთ – გამარჯობათ. მე, როგორც ამ ქალაქის 30 პროცენტი, გიორგი ვარ. სცენის სახელზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მაინც გიორგი ვარ და ჰა… პროფესიით ხმათმეწარმე ვარ, კახეთში ხმების ველები მაქვს და ჰობით კაბელების გროვება და თაროზე დაკოლექციება მიტაცებს ხოლმე.

M: როგორი იყო შენი პირველი შეხება მუსიკასთან და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

გარიჟრაჟიანი დილა იყო, ცვარმოდებულ ასფალტზე გახეული ბოტასებით მივაბოტებდი, ცას ავხედე ფიქრების მოსაგროვებლად და ვაშლი დამეცა. შეიძლება, ვიღაცას ამით რაიმე ახალი კანონი დაეწერა, მაგრამ მე ხმა მომეწონა და “გავსემპლე.” ზოგადად, ბავშობიდან მქონდა მუსიკასთან შეხება (casual musician shit story on the board), დედაჩემი მუსიკოსია და ძალიან სწორად წარმართა ჩემი მუსიკალური თავგადასავალი: პიანინოს მოვედე, სიმღერას, ვიოლინოს, დრამს, გიტარას, ჰარმონიკაც არ დავაკელი და საბოლოო ჯამში ჩემი მუსიკალური კოქტეილის ჯამური გამოვლინება ციფრულ სამყაროში აღმოვაჩინე.

M: როგორ განვითარდა შენი და მუსიკის ურთიერთობა შემდგომ?

“მუსიკასთან, სავარაუდოდ, ვმეგობრობ და ახლოს ვარ, we have our ups and downs” – არა, არასწორი პასუხია. ასე მარტივად არ არის. არ არსებობს მუსიკასთან ასე პირდაპირი მეგობრობა, ბევრი ასპექტია ჩართული და რომელიმესთან თუ აგერია ურთიერთობა, მუსიკასთანაც გერევა. ხან მუზა იწყენს, ხან ებელტონის რომელიღაც “თული” აღარ გემორჩილება, ხან ყველა მზადყოფნაშია შენთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის და შენ ხარ მძიმე ნაბახუსევზე, მოკლედ it’s way too complicated. ჩემი პირველი ტრეკი, როგორც ყველა სხვა მუსიკოსის პირველი ტრეკი, ნამდვილი საშინელება იყო. თუ აქსიომად ავიღებთ იმას, რომ ჯოჯოხეთი არსებობს და თუ აქსიომად ავიღებთ იმასაც, რომ ჯოჯოხეთში ცუდი ადამიანის სულები ხვდებიან – იქ ნამდვილად ჩემი 2013 წლის ტრეკია ჩართული, თავისი დაუბალანსებელი ხმებით და სამუდამო repeat – ზეა დაყენებული.

თუ კითხვა იმას ეხება, პირველი ისეთი ტრეკი სად დავწერე, რომელსაც საზოგადოებას მოვასმენინებ, მაშინ CES – ში. მინდოდა, მიღებული ცოდნა ბოლომდე გამომეყენებინა, ცოტა ზედმეტი გამომივიდა თულების გამოყენება, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. მთლად შვილივით არ მიყვარს, მაგრამ თუთიყუში ფეთის დონემდე მივა.

M: ამჟამად რომელ ჟანრში მოღვაწეობ, ძირითადად?

როგორც გითხარით, მთელი ხმების ველები მაქვს და ბაზის ასათვისებლად ბევრ ჟანრს მოვედე. რაღაც მხრივ, ჟანრის ერთგულება მაკლია. პირველ ეტაპზე დაბსტეპი მიტაცებდა, მერე ციფრი ორი მეცოტავა და ტრიპჰოპზე გადავედი. იდეაში, დრამ’ნ ბეისი არის ის, ბავშობაში, ერთი ნახვით შეყვარებული გოგო, რაღაც მომენტში ტატუსაც რომ გაიკეთებდი და არასდროს ინანებდი. ისე ახლა უფრო ჰიპ-ჰოპია ის რითმი, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ და მაგ სტანდარტში ვცდილობ ლავირებას.

ჟანრი არ არის, მაგრამ ერთი პერიოდი ქერჩზე და ტიფლისზე ვიყავი ფოლი არტზე. ჩემი “გამოცდილებების კარადა” – ზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი და გამორჩეული თარო უკავია. ძალიან საინტერესო პროცესია კადრს შეხედო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თვალსაჩინოა, მაინც წარმოიდგინო, მერე რეჟისორის სათქმელს ჩაწვდე და რაღაც “რანდომ” ნივთებიდან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაბამისი ხმა გამოუშვა..

M: ამჟამად რას საქმიანობ?

რაღაცნაირად გამოვშრი და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. სცენას ვერიდები, სახლიდანაც იშვიათად გავდივარ – ვზივარ და ვმუშაობ. ვცდილობ, მუზა დავიბრუნო, რომ მუსიკასთან მეგობრობა ისევ ჰარმონიული გახდეს და ჩემი შემოქმედების მიმართ აგრესია გამიქრეს. ძალიან ჩახლართული რამაა მუსიკოსის დამოკიდებულება თავისი ნამუშევრისადმი, როგორც ხელოვნების ყველა სხვა დარგში ხდება. მოკლედ, ვცდილობ, ავდგე, ძველებური ჟინი დავიბრუნო და მერე დავუბრუნდები შუქ-ნაკლულ ლოკაციებს.

M: აქამდე არსებული გამოცდილების ფონზე, არის თუ არა რაიმე ისეთი, რითიც დღეს ამაყობ?

ვამაყობ? ოცნებებით. ძალიან აბსტრაქტული რამაა სიამაყე. უკვე 7 წელია, ამ სფეროში ვარ, ჩემს მუსიკას ძალიან დაბალანსებული ჟღერადობა აქვს, გამოცდილებაც საკმაოდ მსუყე მაქვს, მაგრამ არც ესაა დიდად საამაყო ამბავი. ნამდვილად ვამაყობ ოცნებებით. არსებობს ასეთი გამოთქმა ‘be aware what you dreaming’ და I’m aware და I’m doin’ it right.

M: როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია თბილისი შენი მუსიკისთვის?

მგონია, რომ თბილისის მუსიკალური სცენა საკმაოდ განსაკუთრებულია და ყველა ჟანრის მიღება შეუძლია, მაგრამ ეს განსაკუთრებულობა გამომდინარეობს მოსახლეობის სიმცირით. ფაქტობრივად, არ არსებობს სამარკეტო სივრცე ლოკალური არტისტისვის. ასე რომ, სინთეზატორების ჟღარუნით  შეუძლებელია, იცოცხლო. აკეთებ მუსიკას საკუთარი თავისთვის და არა სამარკეტო პოზიციისთვის, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ თბილისი შესანიშნავი ადგილია კრეატიულობისა და ინოვაციისთვის, მაგრამ მაინც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება გიწევს იმისთვის, რომ ელემენტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო და, ამავდროულად, არ უღალატო საკუთარ თავს.

M: რელიზის გამოშვებას ხომ არ გეგმავ?

მაისში გამოვუშვი ტრეკი CES Records-ზე, Adult Morning. ამჟამად ვმუშაობ სადებიუტო ალბომზე, რომელიც წესით 1 წლის წინ უნდა დამემთავრებინა, მაგრამ პერფექციონიზმმა ნატვრის თვალის მძებნელ ელიოზად მაქცია.

ყველაფერი ნათელია მუსიკაში – “წარმატებული” კარიერისთვის ძალიან მარტივი ფორმულაა არსებობს, რომელიც ყოველთვის იყო და კიდევ კარგა ხანს იქნება ალბათ. მიდიხარ იმ ადგილზე, სადაც სცენაა, მუშაობ 98%-ით მეტს, ვიდრე ყველა დანარჩენი და ვუალა, ეგეც შენი კარიერა, ანუ წარმატებულობა შესრულებული სამუშაოს byproduct-ია და ეს ალბათ ყველა პროფესიას ერგება.

M: მუსიკა შენი ძირითადი საქმიანობაა? რაიმე სხვა საქმიანობასაც ხომ არ ეწევი?

ბოლო წლებში უფრო sound designer-ის ამპლუაში მიწევდა ყოფნა, ვიდრე მუსიკოსის და კარიერად მაგას უფრო ჩავთვლიდი. ჰობის რაც შეეხება ანიმაციის სწავლა დავიწყე და ძალიან თერაპიული საქმიანობაა.

M: რომ არა მუსიკა..

სხვანაირი ფიზიკა გვექნებოდა.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

ეს ტრეკი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის:

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა