in

სტუმარ-მასპინძლობის სიყვარული თუ კარგი კარიერული წინადადება?

ფოტო: ანა ბოკო

მათემატიკის პროფესორმა მეფუტკრეობა დაიწყო, წარმატებული ეკონომისტი კი,ბედს გრაფიკულ დიზაინერად სარეკლამო სააგენტოში ცდის. მსგავსი ისტორიები Marketer-ზე ხშირად  წაგიკითხავთ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიას და სფეროს რადიკალურად იცვლიან. საკუთარ დარგში მრავალწლიანი, წარმატებული საქმიანობის მერე, ან ახალ სტარტაპებს იწყებენ, ან ბავშვობის დროინდელ ჰობის უბრუნდებიან, ანდაც — სრულიად განსხვავებულს ახლიდან სწავლობენ; ტრანსფორმაციის პროცესში კომპანიებში წამყვან პოზიციებს იკავებენ და საშუალოდ 30-35 წლის ასაკში არიან;

შეიძლება, ეს ის ასაკია,  როდესაც პროფესიას უნდა ვირჩევდეთ?! 

შეიძლება, ამ დროს სიახლეების და რისკის ნაკლებად გეშინია?! მესამე ვარაუდით, კი — ეს ის ასაკია, როდესაც მხოლოდ იმის კეთება გინდა, რაც გულით გიყვარს…

გიორგი კორსანტია ფინანსისტობას არსად გაჰქცევია. ციფრები დღესაც მისი ყოველდღიურობის მთავარი ნაწილია — თუმცა ქართული ღვინის ჯგუფის ფინანსური დირექტორი 2019 წელს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში პირდაპირ ფინანსებიდან აღმოჩნდა. გიორგი დღეს ჯგუფის CFO და ვაზისუბნის სასტუმროს ბიზნესის განვითარების დირექტორია. მან სასტუმროს ბიზნესი ყველაზე კრიტიკულ, პანდემიის პერიოდში ჩაიბარა, თუმცა მიუხედავად რთული პერიოდისა, ვაზისუბნის მამულმა მალევე შეძლო ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანის პოზიციის დაკავება.

როგორ მართავს ფინანსისტი სასტუმროს, თავად გიორგი კორსანტია ისაუბრებს:

ფოტო: ანა ბოკო

ჩემი განათლება და შემდეგ უკვე  მთელი კარიერული მისწრაფებები ყოველთვის ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური საგნები ბავშვობიდანვე კარგად გამომდიოდა. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას, ვიცოდი, რომ ციფრები ჩემი ძირითადი ხაზი იქნებოდა. ფინანსების მიმართულებით დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და შემდეგ უკვე მაგისტრატურა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ყველა ეტაპზე ჩემი პროფესიული ზრდა ფინანსისტობას უკავშირდებოდა. ხოლო 10 წელი ფინანსების მიმართულებით ვიმუშავე სხვადასხვა კომპანიაში, ხოლო 2016 წლიდან ქართული ღვინის ჯგუფს შევუერთდი.  

ეს ნაბიჯი ჩემთვის გამოწვევა იყო. თუმცა მოტივაციას სიახლეების სიყვარული მაძლევდა. რეალურად, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდი — სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, არქიტექტორებს, დიზაინერებს. ჩემი სამუშაო ბევრად მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახდა.

ისეთი გამოცდილება მივიღე, რაც მანამდე არ მქონია

რთული პერიოდი იყო და ეს განსაკუთრებულ ენთუზიაზმს აჩენდა მთელს გუნდში. 31 დეკემბერს მივიღეთ პირველი სტუმრები — ვაზისუბნის მამული და ზუსტად 3 თვეში ლოკდაუნი დაიწყო. მთავარ ამოცანად იმ ხალხის შენარჩუნება დავისახეთ, ვინც ვაზისუბნის მამულში დღემდეა დასაქმებული. ისინი ძირითადად ადგილობრივი არიან, რომლებსაც ვასწავლეთ, გამოცდილება მივეცით და სასტუმროსთან ერთად გავზარდეთ. მათი უმრავლესობა სასტუმროს გახსნის პირველი დღიდან მუშაობს.

ფოტო: ანა ბოკო

როდესაც ვსაუბრობ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებზე, პირველ რიგში, მათთან ღია, უშუალო ურთიერთობას ვგულისხმობ. ჩვენი მიზანია, რომ მათ იდეების, ინიციატივების გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ. ისინი არიან სტუმრებთან ყველაზე ახლო კავშირში, ჩვენზე უკეთ იციან მათი დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებების შესახებ. ამიტომ, თუკი, გაიჟღერებს რაიმე საკითხი თანამშრომლის მხრიდან,  რაც სასტუმროს გაუმჯობესებისკენ არის მიმართულები, ამაზე მუშაობა  დაუყოვნებლივ იწყება. ის, რომ  ვაზისუბნის მამული დღეს უკვე წარმატებული და შემდგარი პროექტია  ეს, ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა. ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან არის დასაქმებული ბიზნესის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.

ჩვენ ვართ პირველ რიგში მეღვინეობა — ვაზისუბანი ღვინის მამულია და საუკეთესო ადგილია კარგი ღვინის დასაგემოვნებლად და ღვინოსთან დაკავშირებული სასიამოვნო ურთიერთობებისთვის. 

ეს ნაბიჯი თქვენთვის პროფესიულად მომგებიანად გეჩვენებოდათ, თუ უფრო პიროვნული ზრდისკენ მიმართული?

ღვინის და მეღვინეობის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს.

ვაზისუბნის ქვევრის საფერავი და ქისი ჩემი საყვარელი სახეობებია.

ალბათ ღვინის, ქართული ისტორიის და რაღაცის შექმნის სიყვარულია, რამაც წლების შემდეგ ამ გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა. მუდმივად ხარ გზაში კახეთისკენ და თბილისისკენ, ყოველ დღე ახალ თავგადასავლების მაძიებელ სტუმარს ხვდები და შენ მათი სიახლეების ნაწილი ხარ. 

სწორედ ამიტომ, ვიტყოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას კარიერულზე მეტად ერქვა შემოქმედებითი. 

მუდმივად სიახლის და გამოწვევების ძიებაში ვარ. და თუ თავისით არ მოდის ეს სიახლე, ვცდილობ ხოლმე რომ თავად შევქმნა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ინდუსტრია შევიცვალე. ფინანსური სექტორის პარალელურად, ვუბრუნდებოდი ხოლმე წარმოების სექტორს, მერე ისევ ფინანსურს, ახლა კი, სტუმარ-მასპინძლობა. მართალია, ფინანსური ხაზი ძირითად მიმართულებად რჩებოდა, მაგრამ ინდუსტრიები და სამუშაოს სპეციფიკა იცვლებოდა.

ჯერ აქ ორი ერთნაირი დღე არ მქონია

ეს იმდენად დატვირთული და მრავალფეროვანი სფეროა, რომ ჯერ თავის ამოწურვასთან ახლოს არ ვარ. ბევრ ახალ პროექტზე ვმუშაობთ და ახალ გამოწვევებს ვქმნით. 

ფოტო: ანა ბოკო

როგორც ფინანსისტი, რას აკეთებთ სხვა გენერალური მენეჯერებისგან განსხვავებულად?

შესაძლებელია, ის ფაქტორი, რომ არ მქონდა მიღებული ფორმალური განათლება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, დამეხმარა ვაზისუბანში ბევრი რამ საკუთარი ინტუიციით მეკეთებინა. ეს არის ადამიანებზე და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასტუმრო და მთელი ჩვენი კონცეფციაც მათი პერსონალური სურვილების შესრულებაა. 

განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს როგორც სტუმრებთან, ასევე — თანამშრომლებთან მიმართებით, ძალიან ნამდვილი და ღია. შეიძლება ეს არის ერთ-ერთი რასაც შეიძლება განსხვავებულად ვაკეთებდეთ. 

რატომ უნდა დავრჩეთ ვაზისუბანში?

ვაზისუბანი მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლია, პროგრესულად მოაზროვნე და ნოვატორი თავადის — სულხან ჭავჭავაძის სახლი. ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში აქტიურად ჩართული წევრი, კარგი მევენახე და მეღვინე  იყო.  ეს ისტორია დღეს რეალურად გაცოცხლებულია და ვფიქრობ, ამას ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 

გარდა ამ ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტისა, ვაზისუბნის მთავარი  ნიშა – ის გასტრო გამოცდილება, რასაც სტუმრებს ვთავაზობთ. მენიუზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ შეფ ქეთი ბაქრაძესთან ერთად. ბევრი ეტაპი გავიარეთ იმისთვის, რომ ევროპულის და ქართულის საუკეთესო სინთეზი მიგვეღო, სრულყოფილებამდე შეგვეზავებინა და სტუმრებისთვის ის გასტრო გამოცდილება შეგვეთავაზებინა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში.

დამეთანხმებით, ეს ინდუსტრია იმდენად დინამიკურია, რომ სტუმარი ბევრი სხვადასხვა პარამეტრით გაფასებს. მხოლოდ გემოვნებიანი ინტერიერი არ კმარა გამოცდილებისთვის.

ფოტო: ანა ბოკო

მომხმარებელზე ფიქრი და ზრუნვა ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია. მუდმივად ვუსმენთ სტუმრებს და ვითვალისწინებთ იმას, თუ რა გახდის მათ ჩვენთან ყოფნას უფრო კომფორტულს და დასამახსოვრებელს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამუშაო სივრცის მცნება განვითარდა და სახე იცვალა. მუშაობა და შთაგონების პოვნა ბევრ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. ხანდახან, ახალ სივრცეში ყოფნა, რომელიც შენზეა მორგებული, განსაკუთრებული ინსპირაციის მომტანი შეიძლება გახდეს.

ვაზისუბნის მამულში აუთვისებელ ტერიტორიას განსხვავებული თვალით შევხედეთ. გამოუყენებელი სივრცისთვის ახალი როლის მინიჭება გამოწვევა იყო, თუმცა ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტა მოვიფიქრეთ და დღეს მამულის სტუმრებს ფიქრისთვის და მუშაობისთვის სპეციალური სივრცე აქვთ.

სივრცეში ბევრი დეტალის პოვნაა შესაძლებელი: ყურადღებით შერჩეული წიგნები, კომფორტული ავეჯი, ფაქიზი განათება.

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია საკმაოდ დინამიკურია. ვცდილობთ საქართველოსი შევქმნათ ისეთი ადგილი, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის საყვარელი გახდება.

ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღვინის ხაზი შევავსოთ გამოცდილებებით, რომლებსაც სასტუმროს, თუ რესტორნის ბიზნესის განვითარებით შევძლებთ.

ამ ეტაპზე, გეგმაშია ახალი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კონცეპტუალურადაც გვაქვს შესაძლებელია უნიკალური ადგილები შევქმნათ, რომელიც ძველის და ახლის საუკეთესო სინთეზი იქნება.

ავტორი ნუკა ჩოხელი

საუკეთესო მენეჯერები ლიდერები არიან — და პირიქით

ველური ბუნება – რა როლი აქვს მას და რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ