in

გიორგი კუხალაშვილის “არტისტული თერაპია”

სამწუხაროა, რომ სისხლისმიერ და სხეულებრივ კავშირში ეძებენ ნიჭსა თუ უნარს…


მხატვრობა არის ფორმად და ფერად ქცეული აზრი და ფიქრი. აზრი სამყაროზე და ადამიანზე, ფიქრი სამყაროს შეცნობასა და ადამიანის რაობის შესახებ– ასე იწყებს საუბარს მხატვარი გიორგი კუხალაშვილი, რომლის გამოფენა “არტისტული თერაპია” ცოტა ხნის წინ გალერეა შარდენში შედგა.

წარმოდგენილი ექსპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო – ნამუშევრები სხვადასხვა დროით დიაპაზონშია შექმნილი და მათ შორის სხვაობას შერჩეული თემატიკაც წარმოადგენს. ერთი, რაც ყოველ მათგანს აერთიანებს, ძირითადი ღერძი და არსია, რაც ყოფითი ელემენტებისგან გათავისუფლებასა და მიღმიერ სივრცეში გასვლას გულისხმობს.

M: გიორგი, რატომ შეურჩიე შენს გამოფენას ასეთი სახელწოდება?

“არტისტული თერაპია” ძალიან გავრცელებული მეთოდია და მას ძირითადად ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის იყენებენ. დღეს კი სწორედ ის დროა, როცა ადამიანს დაძაბული რიტმის ხელოვნებით შემსუბუქება სჭირდება. სახელწოდებაც ამიტომ შევარჩიე – ვფიქრობ, როდესაც მაყურებელი ხელოვნების ნიმუშს აღიქვამს, მისი გონება ფიზიკური ტვინიდან თავისუფლდება, მიწიერი დროისა და სივრცისგან ეთერულ დროში გადაინაცვლებს.

M: გითქვამს, რომ ხატვის დაწყება იმ დროიდან გახსოვს, სადამდეც შენი ცნობიერი მეხსიერება წვდებაიყო რაიმე გარდამტეხი მომენტი, როდესაც გააცნობიერე, რომ ხატვა შენს პროფესიად და ცხოვრების ძირითად საქმედ იქცა?

ალბათ ის ფაქტორი, რომ ბავშვობიდან ვიცოდი თუ რა პროფესიას ავირჩევდი, დამეხმარა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების წარმართვაში, დავამთავრე აკადემია, გავხსენი საკუთარი სახელოსნო, ვმუშაობდი აქტიურად, წყვეტა ამ საქმეში არ მქონია. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა…

M: როდესაც შვილი მამის პროფესიას ირჩევს, ხშირად ამბობენ, რომ ეს ბუნებრივი და ინერტული მოვლენააშენ მიმართაც თუ ყოფილა მსგავსი აზრი გამოთქმული და თავად რას ფიქრობ ამასთ დაკავშირებით?

ბევრი ადამიანი უკავშირებს ამ ფაქტს გენეტიკურ ფაქტორს. არაერთხელ გამიგონია “მამა მხატვარია და აი, გენები თავისას შვრება”. თუმცა ცხადია, ეს არ არის გენეტიკური მოვლენა – ასე ხომ ყველა მხატვრის შვილი მხატვარი იქნებოდა? სამწუხაროა, რომ სისხლისმიერ და სხეულებრივ კავშირში ეძებენ ნიჭსა თუ უნარს. ვფიქრობ, ადამიანი დაბადებამდე, სულიერ სამყაროში თავად წყვეტს, ვინ უნდა იყოს – ირჩევს პროფესიას, ოჯახს და ა. შ.

M: რას იტყვი გავლენებზე? რამდენად შეგიმჩნევია საკუთარი თავისთვის მამის ან თუნდაც სხვა მხატვრის მიმბაძველობის მცდელობა?

ზოგადად, ყველა ბავშვი საკუთარ მშობლებს ჰბაძავს. ადამიანი მიმბაძველი არსებაა და ეს ბუნებრივია, თუმცა ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ გარდა ხატვის ტექნიკის სწავლისა, ყველა მხატვარს სჭირდება საკუთარი ხელწერის გამომუშავება, სამყაროს ინდივიდუალური აღქმა, ის რასაც ვერავისგან ისწავლი, ეს მხოლოდ საკუთარ თვითჩაღრმავებაზე და წინა მიწიერი ცხოვრებების გამოცდილებებზეა დამოკიდებული…

M: და როდის იგრძენი საკუთარი ინდივიდუალიზმი და გავლენებისგან გათავისუფლება?

ჩემს ძველ ნამუშევრებს რომ ვაკვირდები, ყოველ მათგანში ვხედავ მარცვალს, რომელიც სხვა ყველა მხატვრისგან გამომარჩევს. თუმცა ეს არ იყო გააზრებული და გაცნობიერებული, არამედ სიყმაწვილის გულწრფელობიდან ამოთქმული ფორმები. წლებთან ერთად კი ამ მარცვალმა აღმოცენება დაიწყო და მეტი თავისუფლება ვიგრძენი.

M: რას იტყვი ხელოვნების მეტამორფოზის იდეაზეშენი აზრით, რა იცვლება და რა რჩება მარადიულ?

ზოგადად ყველაფერი, მათ შორის ხელოვნებაც, ფერისცვალებას განიცდის. მაგალითად, შუა საუკუნეების ხელოვნების გამოხატვის ფორმები დღევანდელობასთან შეუსაბამოა.

რაც შეეხება იმას, თუ რა რჩება მარადიული, შემიძლია ადამიანის სამყაროს ცენტრად ყოფნის იდეა ვახსენო, რომელსაც ვერ შეცვლი – ეს შეუცვლელი მოცემულობაა და ბუნებრივია, ყველა ეპოქაში სხვადასხვაგვარად გამოიხატება… რენესანსის ეპოქის მხატვრები გამოხატავდნენ იოანეს სახარების სიტყვებს ( 1.14 იოანე ) – “და სიტყვა იქცა ხორცად და დაიმკვიდრა ჩვენს შორის”. მაღალი რენესანსის ხელოვნებისთვის სიტყვა, ანუ ლოგოსი იყო განსხეულებული კაცობრიობის თითოეულ წევრში და საჭირო იყო ამის ცნობიერყოფა. სწორედ ამიტომ ვხვდებით რენესანსის მხატვრობაში ფორმების აბსოლუტურ სრულყოფილებას და ღმერთის იდეას ადამიანში, მიწიერი მშვენიერების შეზავებას ღვთაებრივთან. აი, დღეს კი, ამოცანა იცვლება, ეპოქის სულები გვამცნობენ სულის მეცნიერებით, რომ ხორცი კვლავაც უნდა იქცეს სიტყვად, ანუ განსულიერდეს. დღეს, თანამედროვე ხელოვნებაში ფორმების ნგრევა-გაიშვიათებასთან გვაქვს საქმე, რაც სწორედ ეპოქის ამოცანებით არის ნაკარნახევი. “დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას” (2.19 იოანე). აღდგომის ხელოვნება დაიბადება მიწიერი აზრფორმების ჯვარცმის შემდეგ.

ავტორი ქეთია ბელქანია


„ჰოლივუდმა გზა გაგვიხსნა, „ფორსაჟის“ შემდეგ, მათთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ფილმის გადაღება შეიძლება“ – მიხეილ ხიდურელი

„იღბლის არა, უფრო ინერციის ამბავია…“ – გიორგი ყიფიანის გარდამტეხი გადაწყვეტილება