in

„მე ვარ გიორგი ქვლივიძე – კომუნიკატორი, გამომგონებელი და პატივმოყვარე ინტროვერტი“

„მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე
კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!
საქმეა – ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!“

(„ავტოპორტრეტი“, მ. ქვლივიძე)

ეს ორი ავტოპორტრეტი, დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს, ფორმით და შინაარსით. მიხეილ ქვლივიძის შვილის, გიორგი ქვლივიძის მის მიმართ, ყოველთვის დიდი მოლოდინი ჰქონდათ. თუმცა, ეს მისთვის ხელისშემშლელი არასოდეს ყოფილა.

„დროთა განმავლობაში, მე ჩემი მიმართულება ავირჩიე, რომელიც დიდწილად განსხვავდებოდა მისი საქმისგან, მაგრამ მამაჩემი ბიძგის მომცემი სულ იყო და ყოველთვის იქნება. როგორც ცნობილი პოეტის შვილს, სულ მქონდა გამოწვევა, რომ მეც მაგარი ვყოფილიყავი. ამას, პრინციპში, ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით – დღეს, მე ჩემი პლატფორმა მაქვს, მას – თავისი.  

გიორგი ქვლივიძე, მიხეილ ქვლივიძე

ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბანალური შესავალია, გიორგი ქვლივიძის ამბის მოსაყოლად, მეც ასე მეგონებოდა, რომ არა ჩვენი საუბრის დასაწყისი, ბავშვობაზე და იმ დროინდელ ემოციებზე რომ ვკითხე.

„გავჩნდი მეცნიერისა და პოეტის ოჯახში. ახლა ვხვდები, რომ ეს ბევრ რამეს განაპირობებს ჩემს პროფესიაში და ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში“. 

თანაც, ორივე შემთხვევაში, საკუთარ თავზე და პიროვნებაზე საუბრობენ, ორივე ამბავი ავტოპორტრეტია. და კიდევ, როცა საშუალება მომეცა, ჩემი აზრით, ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტზე მესაუბრა, ამ შანსს ხელიდან, უბრალოდ, ვერ გავუშვებდი.

გიორგი ქვლივიძე სამუშაო პროცესში

ზოგადად, ჩვენი საუბარი, ინტერვიუზე მეტად დიალოგი აღმოჩნდა. კითხვა – პასუხებზე მეტად – აზრების გაზიარება. ამიტომ, მინდა თქვენც ასე მოგიყვეთ გიორგი ქვლივიძეზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად განსხვავდება წინანდელი საკუთარი თავისგან.

„ის ძველი „ქვლივა“ აღარ არსებობს, თავისი ცხოვრების სტილით და აზროვნებით. ახლა ვარსებობ მე, გიორგი ქვლივიძე – კომუნიკატორი, გამომგონებელი და პატივმოყვარე ინტროვერტი“. 

მისი პატივმოყვარეობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო „ლოქ დაუნის“ დროს შექმნილი ვიდეორგოლების სერია. თვითონ ასე ამბობს. ერთი, რაც ზუსტად შეიძლება ვთქვათ, იმ პერიოდის განწყობისა და თვითგამოხატვის მცდელობა ნამდვილად არ აკლია ამ ამბავს.

ისევ ორ ავტოპორტრეტს შორის მსგავსებას რომ დავუბრუნდეთ, მათ ისიც აერთიანებთ, რომ „საქმეა მთავარი“ და სიტყვით კი არა, საქმით აგიხსნით ყველაფერს, რაც იცის და რაც შეუძლია. 

შთაგონებას იღებს ყველგან და ყველაფრისგან – მთაში, მუზეუმში, ბაზრობაზე. თვლის, რომ რაც უფრო არაადეკვატურ გარემოსა და სიტუაციაში აღმოჩნდება, უფრო ბევრ შთაგონებას მიიღებს.

„საბოლოო ჯამში, ადამიანები და მათი გარკვეული განსახიერება გვაძლევს ინსპირაციას, ბუნებასთან გვაქვს ურთიერთობა, თუ ცხოველთან, იქაც ადამიანებთან მსგავსებებს ვეძებთ.

მე მგონია, რომ რაც უფრო მრავალფეროვან, რაღაცებთან, გაქვს შეხება, მით მეტ შთაგონებას იღებ, რასაც მერე შენს ნამუშევრებში თარგმნი“.

შემოქმედებითი კრიზისი პირადაპირ კავშირშია ცხოვრების წესთან. მუზების ცოტა არ მჯერა, შენ ხარ ინფორმაციის მიმღები, ანუ თავად უნდა ვიყო მომართული საამისოდ. ყოველდღიური შრომაა საჭირო, შემოქმედის ყოველდღიურ შრომას ვგულისხმობ. შენი მიმღების გამართულად მუშაობა შენს ხელშია“.

დღეს, გიორგის ის ინტერესები, საიდანაც ინსპირაციას იღებს, ისევ ხელოვნებას უკავშირდება. ფოტო, ფილმი, არტი – ის პატარ-პატარა დეტალებია, რაც დღის განმავლობაში მის აღფრთოვანებას იწვევს და აისახება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეზე, რადგან მისთვის ეს ორი რამ ცალ-ცალკე არ არსებობს.

გიორგი ქვლივიძესთან საუბრის პირველივე წუთიდან მიხვდებით, რომ ძალიან ემოციური ადამიანია. როგორც აღმოჩნდა, ზოგადად, ემოციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან – იქნება ეს იდეის გენერაცია თუ უკვე მოფიქრებული და ჩაფიქრებული ამბის სხვა ადამიანებისთვის გადაცემა. თვლის, რომ სათქმელი ბოლომდე, აუდიტორიასთან, მხოლოდ სწორი ემოციური მუხტით მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კამპანია, უბრალოდ, არ შედგება. მიყვება, რომ ისეთი შემთხვევაც ძალიან ბევრი ჰქონია, როცა „კისერი წაიტეხა“.

„რეალურად, მარცხი ხომ უფრო კარგი მასწავლებელია, ვიდრე წარმატება?! მგონია, რომ ყველაზე მეტი ზუსტად აქედან ვისწავლე. ეს არის აუცილებელი. სტუდენტებს რომ ლექციას ვუკითხავ, მათაც იმავეს ვეუბნები: თუ ყველაფერი წყალივით მიდის და ფეხი არსად წაგიცდათ, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებთ“.

პრინციპში, „შეცდომები რომ მოსულა“, მისთვის უცხო ნამდვლად არ არის – ამ კამპანიაზე, თავის მაშინდელ გუნდთან, HOLMES&WATSON-თან ერთად იმუშავა.

გიორგი ქვლივიძე და პროექტის „შეცდომები მოსულა“ დირექტორი მერი გიორგობიანი, ©Tatia Tutiko Mujiri

ბევრ წარმატებულ პროექტსაც გაგახსენებთ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სააგენტოში, განსხვავებულ ამპლუაში რომ შექმნა.

„მე მგონია“ – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად გაიგებთ გიორგისგან. ჩვენი საუბრის შემდეგ, მეც მგონია, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე აქვს საკუთარი აზრი, ოღონდ სხვის საზღვრებს არასოდეს დაარღვევს, იმიტომ რომ მისთვის ყველა ადამიანი „თავის-უფალია“.

„ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ თავისუფლება არის დისციპლინა, რომელსაც შენს თავს დაუწესებ. იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში, შენ სხვის დაწესებულ დისციპლინას მიჰყვები“.

და კიდევ, ორი რამ, რა ასოციაციაც გიორგი ქვლივიძესთან საუბრისას გაგიჩნდებათ – ის არის გულწრფელი და აქვს ლიდერისთვის საჭირო „სუპერ ძალა“.

„საკუთარ თავს ვაფასებ, როგორც პატივმოყავრე ინტროვერტს. ჩემი ეს ორი მხარე, ერთმანეთთან შეჯახების დროს, ქმნის იდეებს, რომლებსაც სარეკლამო ინდუსტრიის სასარგებლოდ ვიყენებ. სოციალური უნარები ძლიერი არასოდეს მქონია – პატარაობაში, სახლში ჯდომა და ხატვა ბევრად მერჩივნა, ვიდრე ბავშვებთან თამაში, მაგრამ მეორე მხრივ, პატივმოყვარეობის კომპონენტი იმდენად ძლიერი იყო ჩემში, რომელიც ალბათ ისევ ოჯახიდან მოდის, რომ მომიწია ჩემს თავში „პერფორმერის“ უნარების განვითარება, ჩემს შიგნით მოხარშული კერძების პრეზენტაცია უკვე გახდა ის, რაც არის სარეკლამო საქმე“.  

ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა და ეს გზა კარგად ჩანს მის საქმიანობაში, პირველი სამსახურიდან – დღემდე.

„სულ თავიდან, დიზაინერი რომ ვიყავი, ეს უფრო ინტროვერტული საქმე იყო და მეც ასეთი ვიყავი. მერე ნელ-ნელა როცა არტ დირექტორი და კრეატიული დირექტორი გავხდი, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემთვის, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა სარეკლამო რეჟისურა აღმოჩნდა. აი, ეს იყო ბოლომდე იმის გაანალიზება, რომ ჩემი იდეა მარტო მე კი არ უნდა შემესრულებინა, არამედ სხვებისთვის გადამეცა, ისევე გამეჟღინთა ისინიც და ერთად შეგვექმნა ის, რაც მე წარმომედგინა“.

პირველი პროფესია როგორ აირჩიე?

ჩემი აზრით, განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ძალიან ადრე უწევს ადამიანს,  ჩამოყალიბდეს და გადაწყვიტოს, რა უნდა გამოვიდეს. დღეს მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილებაც  ნაადრევი იყო. რეალურად, არც ვიცოდი, რა იყო არქიტექტორობა და რამდენად მაინტერესებდა. ამ პროფესიაში დიზაინ კომპონენტი მომწონდა, უკვე აშენებულ შენობებს რომ ვხედავდი. მაგრამ როგორც კი საინჟინრო ნაწილებსა და არქიტექტურის რუტინულ კომპონენტებს „შევასკდი“, მიხვდი, რომ ეს საქმე საჩემო არ იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი უკვალოდ გაქრა, პირიქით – ამ პროფესიის დახმარებით, დღეს მაქვს  ცოდნა და „მაინდსეტი“, რომელიც დიდწილად მეხმარება ახლანდელ საქმეში.

რა გზა გაიარე დიზაინერობიდან კრეატიულ დირექტორობამდე? 

„როგორც ყველა დიზაინერი, მეც ბავშვობიდან ვხატავდი. მერე, არქიტექტურულზე რომ ჩავაბარე და რეალურად ვისწავლე, საერთოდ შევეშვი ხატვას – აღარ მომინდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით ხატვა, როგორც მასწავლეს“.

მუშაობა, პირველად, სტუდენტობის დროს, დიზაინერად, ინტერნეტ პროვაიდერ „ჯეო ნეთში“ დაიწყო. ნელ-ნელა გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს ბოლომდე მისი საქმე არ იყო.

მგონია, ჩემი გონება და აზროვნება არ არის ისე მოწყობილი, რომ მთელი წელი ერთ პროექტზე ვიმუშავო, მიყვარდეს და მაქსიმუმს ვდებდე მასში. მე უფრო ჩქარ-ჩქარი ემოციური იმპულსები მომწონს, რაც იდეაში აქვს კიდეც სარეკლამო ინდუსტრიას.  ამიტომ აღარ გავხდი არქიტექტორი“. 

JWT Metro-ს 2 კრეატიული დირექტორი – გიორგი ქვლივიძე და ეკა ყიფიანი

შემდეგ, იმ დროს ძალიან პოპულარული „სარკეს“ დამფუძნებელ ლევან ბახიას თავისი პოსტერები აჩვენა, თავისუფალ დროს რომ აკეთებდა და ასე მოხვდა სარეკლამო სააგენტოში. აქედან იწყება შემოქმედებითი ინდუსტრიის და გიორგი ქვლივიძის მეგობრობა და თანაცხოვრება – მერე იყო Emotion Production, „საქიდეამშენი“, Windfor’s, ABK, HOLMES&WATSON. ახლა JWT Metro-ს კრეატიული დირექტორია. ლიდერობა და გუნდის მართვა მის პატივმოყვარე ინტროვერტული ბუნებასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა.

„ინდუსტრიის ვიღაცის ხელში გადაცემისა და ვიღაცისთვის გადაწოდების პროცესში, ძალიან ბევრ რამეს იგებ საკუთარ თავზე, იმაზე თუ ვინ ხარ და რა იცი შენ თვითონ. ეს უკუპროცესია და შენც ბევრ რამეს გასწავლის. ჩემთვის ლიდერობა სწორედ ეს ღერძია. რასაც ჩემს გუნდს ვაძლევ, მათივე ამონაგები მაქვს. რომ დავფიქრდე, რაღაც მომენტში, ეგოიზმიცაა, მაგრამ რეალურად, ასეა“.  

დიზაინერი, არტ დირექტორი, ახლა – კრეატიული დირექტორი. ეს განსხვავებული პროფესიებია და განსხვავებულ უნარებს მოითხოვს. 

არტ დირექტორად ჩემი ჩამოყალიბება Windfor’s-ში მოხდა. პირველად, აქ დავინახე ფართო მასშტაბი, მოვხდი საერთაშორისო ფესტივალებზე, გავიაზრე, რა ხდება ინდუსტრიაში, მსოფლიოს მასშტაბით და მომინდა, კიდევ უფრო ფართოდ ჩავრთულიყავი ამ საქმეში – იდეის მოსვლიდან, კამპანიის ბოლო წერტილამდე გზაში, სადღაც უფრო ადრე წარმომიდგენია საკუთარი თავი. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე ადამიანი, ვისაც მენტორებად მივიჩნევ, მათ შორის არიან: ვატო ქავთარაძე (Windfor’s-ის თანადამფუძნებელი) და ბიბი ასათიანი (Windfor’s-ის თანადამფუძნებელი). ასევე – ლევან ბახია, პირველად მას მოეწონა ჩემი პოსტერები. და რა თქმა უნდა, გიორგი პოპიაშვილი. ამ ინდუსტრიაში, შეიძლება ითქვას, მისი დახმარებით მოხვდი, გიორგის იდეა იყო, ლევან ბახიასთვის მეჩვენებინა ნამუშევრები. HOLMES&WATSON-ში უკვე სინიორ არტ დირექტორი ვიყავი. დღეს კრეატიული დირექტორი ვარ და მგონია, რომ უკვე ასაკისა და გამოცდილების შედეგია, რომ კომპანიები სრულად მანდობენ თავიანთ კრეატიულ მიმართულებას. როცა მე და ჩემი თაობა ამ პროფესიაში მოვედით, ინდუსტრიაში ისეთი სიტუაცია იყო, ყველაფრის კეთება თავად გვიწევდა – ქოფირაითინგი, სტრატეგიაზე ფიქრი, პროდაქშენი. ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ მრავალფუნქციური ადამიანი გავხდი, მხოლოდ მე არა, ზოგადად, ამ თაობის „ედვერთაიზერების“ მახასიათებელია ეს. 

კრეატიული დირექტორობა ბოლოა, თუ კიდევ სხვა ამპლუაში შეიძლება გიხილოთ? 

მგონია, რომ რაც დრო გადის, უფრო უკეთ მესმის, როგორია ჩემი ფსიქოტიპი, ანუ პატივმოყვარე ინტროვერტი. სხვა სიტყვებით რომ ავხსნა, მე ვარ კომუნიკატორი, კომუნიკაციას ვახდენ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს არის საქმე, რომელიც მინდა, ვაკეთო.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გიორგი ქვლივიძეზე, როგორც სარეკლამო ვიდეორგოლების რეჟისორზე. ეს რა გამოცდილებაა შენთვის? 

ზოგადად, ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ძალიან ბევრ პირადულს ვდებ. გამონაკლისი არც რეჟისურაა. შეიძლება, ქოფირაითერის დაწერილი სცენა, ან სხვისი მოწოდებული იდეა იყოს, მაგრამ რა ფილტრშიც გამყავს, ძალიან პირადული მიზანსცენები გამოდის. ეს, ძალიანაც რომ არ მინდოდეს, ბუნებრივად ხდება. არტ დაირექშენსა და დიზაინს რომ დავუბრუნდეთ, იქაც ეს ფილტრი მაქვს. მოცემულობას პერსონალურად რამდენად მიიღებ და შენი თავის რა ნაწილი იქნება ნამუშევარში, აი, ეს აძლევს მას ნამდვილ ღირებულებას.  რეჟისურა იმიტომ მომეწონა ყველაზე მეტად, რომ დიდი დოზით შემიძლია, ჩემი თავის ინტეგრაცია მოვახდინო ამბავში,  სიუჟეტში და ასე შევასრულო, პირველ რიგში, ბრიფი, მაგრამ ამ აღსრულებას დავამატო ჩემი გულწრფელი ემოცია. 

რთული არ არის ამ ბალანსის დაცვა, რომ ძალიან ბევრი „შენ“ და შენი პირადული არ იყოს ნამუშევარში? 

ამოცანა ზუსტად მაგაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი შენი ნაწილი არ იყოს და ზედმეტი პატივმოყვარეობა არ გამოგივიდეს.

მოდი, ახლა შენთვის გამორჩეულ კამპანიაზე ვისაუბროთ, ისეთზე, სადაც ყველაზე მეტი შენ ხარ . . . 

ჩემთვის მნიშვნელოვნად გარდამტეხი იყო „არ გაჩერდე“. ამიტომ, ჩემს ნამუშევრებს შორის სწორედ მას გამოვარჩევ. ეს იყო JWT Metro-ს და ჩემი, როგორც კრეატიული დირექტორის პირველი თანამშრომლობა. სარეჟისორო ნამუშევრის კუთხითაც, პირველი დიდი რგოლი ამ კამპანიის ფარგლებში გადავიღე. მანამდე ძალიან რთული პერიოდი მქონდა, პიროვნულად ბევრი რაღაც გადავაფასე და გადავწყვიტე, ბევრი რამ შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი ეს, პირადული, ავსახე კიდეც ამ კამპანიაში. მთელი კამპანია, მისი ყველა რგოლი, პრე და პოსტ პროდაქშენი, ძალიან გარდამტეხია ჩემთვის და ძალიან მიყვარს.

„ცხოვრება არის ზმნა!“ და სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას იწყებს

ანუ რაც ამ კამპანიაში ვნახეთ, ყველაფერი ძალიან პირადული და გულწრფელია. 

კი და საერთოდ, გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღის ძირითად ნაწილს ამ საქმეს ვუთმობ, ძილის წინაც ამაზე ვფიქრობ. მგონია, რომ პროექტზე მუშაობისას, ამ იდეოლოგიით უნდა იცხოვრო, შეიძლება, ვიღაცისთვის არაპროფესიონალურად ჟღერდეს, მაგრამ როცა ამდენ შრომას, ენერგიას და რესურსს დებ, რატომ არ უნდა გაატარო საკუთარ თავში? რატომ არ უნდა აენთო შენც და რატომ არ უნდა ჩანდეს შენი ნაწილი ამ ნამუშევარში? „არ გაჩერდეს“ კამპანია, რომლითაც მე ჩემს თავს ვუთხარი, არ გავჩერებულიყავი, მგონია, რომ ამ გულწრფელობისა და ადამიანურობის გამო გახდა ბევრისთვის გადამდები და მამოძრავებელი.

მოდი, შენს ამბებსა და პერსონაჟებზეც ვისაუბროთ. ისინი როგორ იქმნება?   

შეიძლება, „სთორითელიგნში“ ერთი სცენა იყოს, რომელიც ამ პერსონაჟს კარგად წარმოაჩენს. ხშირად ეს არის მასკომუნიკაციით ჩვენამდე მოსული ამბები, ზოგჯერ კი ამბები, რომლებიც მე გადამხდა, ან ქოფირაითერის ისტორია იყო და მე ჩემი შეფუთვა გავუკეთე. საბოლოო ჯამში, ყველა იდეას ეტყობა რამდენად ცოცხალია. თუ არის შემთხვევა, რომ გვაქვს ამბავი, მაგრამ რაღაც აკლია, ბოლოს მაინც ისე გადავაკეთებთ, რომ ვაცოცხლებთ.

მგონია, რომ შენს ნამუშევრებში ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟები და ამბებია. ეს ნამდვილობის განცდაც უდაოდ არის. 

ე.ი. რაღაცას მართლა სწორად ვაკეთებთ. თან ცოტა მისტიკაც გვეხმარება. ამ ბოლო რგოლისთვის, კასტინგით, ავარჩიეთ დედა და უნდა შეგვერჩია შვილის როლის შემსრულებელი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ რეკლამაში ამ დედა-შვილის როლზე სინამდვილეშიც დედა-შვილი შეგვირჩევია, ისე, რომ არც ვიცოდით ამის შესახებ.

როგორ იქმნება ასეთი კამპანიები – თან ძალიან დიდი დოზით შენი ნაწილი რომ არის და თან – ყველასთვის რელევანტური? თვითონ პროცესს ვგულისხმობ . . . 

მე მგონია, რომ მთავარი, შემოქმედებით ინდუსტრიაში, არის „ინსაითის“ მოძებნა. ანუ იმ ჭეშმარიტების მიგნება, რომელიც საერთო იქნება შენი სამიზნე აუდიტორიისა და ბრენდისთვის, შენ კი ამაზე მოჰყვები ამბავს. თუ ეს რგოლი შეიკრა, მაყურებელს აქვს განცდა, რომ მისთვის გასაგებად ელაპარაკები, საერთო ენა იპოვე მასთან. მთელი დღის განმავლობაში, როგორც წესი, პატარ – პატარა რაღაცებს ვაკვირდები და ვაფიქსირებ – შეიძლება, დავინახო მანქანის ნომერი, რომელიც რაღაცას ჰგავს, ან საერთოდ არაფერს მახსენებს და იმაზე მაფიქრებს, რას ნიშნავს ეს ნომერი. 15-წამიანი მინი სავარჯიშოები ჩემს ტვინში სულ „მიდის“. ხშირად მგონია, რომ იდეები წინასწარ ჩნდება, სანამ კონკრეტული ბრიფი მექნება. შეიძლება, სადღაც, რაღაც კლიპი ვნახო და ფორმა მომეწონოს, რომელიც მომდევნო ბრიფზე გამახსენდება და ვხვდები, რომ ჩემს გონებაში ჯერ კიდევ არ არის გაციებული ცოტა ხნის წინ ნანახი რგოლი. მაინც მგონია, რომ გულწრფელობა არის გამოსავალი. ვიდეორგოლი, რა ფორმითაც არ უნდა შესრულდეს, მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ არის გულწრფელი და ასეთი ცხელი იდეებით ანთებული.

„კამპანიას იმდენი გამოხატვა შეიძლება ჰქონდეს, რამდენი ზმნაცაა“

შემოქმედებითი ინდუსტრია და მასთან ერთად შენც, შენი საქმით, ბრენდს ემსახურებით თუ ადამიანს? 

ბრენდს. ოღონდ ბრენდი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და სწორედ ამის კომუნიკატორები უნდა ვიყოთ ჩვენ. სარეკლამო სააგენტოების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე კმაყოფილი იყოს, მაგრამ ჰუმანურობა უფრო ჩვენს მხარეზე უნდა იყოს, ვიდრე ბრენდის მხარეზე, რადგან შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარეს არის შემოქმედება.

როგორ გგონია, ეს შემოქმედება ხელოვნებაა? 

არა და გეტყვი, რაშია განსხვავება – კრეატიული ინდუსტრია ეს არის კაპიტალისტური ინდუსტრია, რომელიც ხელოვნების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და ადამიანების ადამიანებთან ურთიერთობის მონაპოვარს იყენებს, თავის სასარგებლოდ. ოღონდ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ აკნინებს კრეატიული სფეროს კომპონენტებსა და მის შემადგენელ ნაწილებს.

ხელოვნებისგან ამ განსხვავების გამო, ხომ არ გგონია, რომ შემოქმედებითი ინდუსტრია უფრო პასუხებს აძლევს საზოგადოებას და ნაკლებად უჩენს შეკითხვებს? 

ჩემთვის განსხვავება დიზაინსა და ხელოვნებას შორის ზუსტად მაგაშია. დიზაინი იძლევა პასუხებს და ხელოვნება აჩენს კითხვებს. მე მგონია, სარეკლამო ინდუსტრიას აქვს ის ფუნქცია და  ძალა, რომ ეს ორივე გააკეთოს. მისი დიზაინ კომპონენტი იძლევა პასუხებს, პასუხები რა არის? ვიღაცების საჭიროების დაკმაყოფილება. მაგრამ არის ნამუშევრები, კონცეფციები, რომელებიც ამ ყველაფერზე გაცილებით მაღლა დგას. შესაბამისად, გაცემული პასუხების გარდა, აჩენს შეკითხვებს. მე მგონია, რომ ზუსტად აქ არის მათი პერსონალური კომპონენტი, ვინც კამპანიას ქმნის. უკვე მათ ოსტატობაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს რამდენად ჩადებენ ნამუშევარში ისე, რომ  მათი კითხვები სხვასთან, ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან საზიარო გახდეს.

როგორ გგონია, ახერხებს ამას შემოქმედებითი ინდუსტრია დღეს? ზოგადად, რა სიტუაციაა ამ სფეროში? 

ძალიან ბევრი კომპონენტის გამო მგონია, რომ ცალსახად წინ მივდივართ. შიდა კონკურენცია გაჩნდა,  ყველა ცდილობს, ამ საქმეში მაქსიმუმი ჩადოს. სრულდება ის ილუზია, რომ სარეკლამო ინდუსტრია არის ის, რაც „99 ფრანკში“ წერია. მეც გავლილი მაქვს ეგ პერიოდი – ეპატაჟური „ლაიფ სთაილი“ VS მართლა მუშაობა. ევროპაში, სააგენტოებში მომუშავე ადამიანები ისევე მუშაობენ, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენთანაც ნელ-ნელა სრულდება ღამეების თენების, არეული რეჟიმის, ცხოვრების ეპატაჟური სტილის გარომანტიზირება. ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ჩვენი ინდუსტრია იმხელა შრომას მოითხოვს, ძალიან უნდა გიყვარდეს და ყველაფერი უნდა გასცე, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. თუ არ გიყვარს, მართლა ვერ გაუძლებ.

ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს, გარემოს, ადამიანების ტიპაჟს? 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – სანამ, ასე ვთქვათ, მექანიკურ უნარს გამოიმუშავებ, რომ რაღაც კრეატიული აგენერირო, იქამდე ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. მე მგონია, რომ წლებთან ერთად, რაღაც, მექანიკური „სქილი“ ხდება და აღფრთოვანება ნაკლებია, ბრიფი რომ შემოდის, უკვე ნიმუშები გაქვს და რომელიღაცაში სვამ, მაგრამ სანამ ამას გამოიმუშავებ, ძალიან პირადულად გადაგაქვს ყველაფერი და ალბათ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც კომბინაცია აღზრდის, გარემოსი, წრის, ცხოვრების.

GIPA-ში ასწავლიდი, ახლა Miami AD School-ში ასწავლი, ახალგაზრდებში რა პოტენციალს ხედავ? ან შენ რას გაძლევს სტუდენტებთან ურთიერთობა? 

ახალგაზრდებს რასაც ვუყურებ, ძალიან საინტერესო ტიპები და მართლა გულწრფელად ანთებულები არიან.  სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ახლა სააგენტოებს და ანთებენ სხვებსაც. ამიტომ, მგონია, რომ ნამდვილად დიდი მომავალი აქვს ინდუსტრიას. რაც შეეხება სხვისთვის ცოდნის გადაცემას, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო რამ არის, ეს მშენებლობის პროცესია. საკომუნიკაციო ინდუსტრიაში რაღაც კონკრეტულ კამპანიას აკეთებ და პასუხისმგებლობა გაქვს მხოლოდ ბრენდის მიმართ, რომ საქმე კარგად შეასრულო და კამპანია წარმატებით „ჩაუშვა“. სწავლების პროცესში, მთელი შენი ცოდნა უნდა მისცე ადამიანს, რომელსაც ინფანტილურად უყვარს ის, რაც ბოლომდე არც ესმის. წარმოიდგინე, მას უნდა აუხსნა, რა არის შემოქმედებითი ინდუსტრია. მერე, რაღაც ეტაპზე, იმედი რომ გაუცრუვდება და ეს აუცილებლად მოხდება, რაღაცნაირად, სწორი გზა უნდა აჩვენო. ჩემთვის საერთოდ არ არის კომფორტის ზონა ლექციის ჩატარება, ვინმესთვის ქულების დაწერა, ნამუშევრების შეფასება, მაგრამ, ამავდროულად, ეს „ტვირთი“ ძალიან მსიამოვნებს.

„კომფორტის ზონიდან“ ხშირად გამოჰყავს საკუთარი თავი? 

რა თქმა უნდა. მეტიც, ვცდილობ, რომ ძალიან იშვიათად ვამყოფო საკუთარი თავი კომფორტის ზონაში. იმიტომ რომ, ამ დროს ძალიან ვზარმაცდები. სულ ვცდილობ, კომფორტის ზონა დავტოვო და ასე ბევრად უკეთესია ჩემთვის.

რომ არა შენი დღევანდელი პროფესია, ვინ იქნებოდი? 

ბავშვობაში ჯამბაზობა მინდოდა. რაღაც ფორმის პერფორმერობა, სულ პატარაობიდანვე იყო ჩემში.

მამაჩემის პოეტობაც, ალბათ, დიდ როლს თამაშობდა ამაში. სხვა ვინ ვიქნებოდი არ ვიცი. ალბათ, კიდევ უფრო მაგარი საკუთარი თავი ვიქნებოდი და თან, უფრო ადრე. რაღაცებზე დრო რომ არ დამეკარგა, უკეთესი იქნებოდა. თუ სხვებს აქვთ სინანული ან ფიქრი იმისა, რომ სხვა პროფესია უნდა აერჩიათ, მე მაქვს განცდა, რომ შემეძლო, უფრო მეტი გამეკეთებინა თავის დროზე, ამ პროფესიაში.

დრო ახსენე, დროსთან როგორი ურთიერთობა გაქვს? 

მიჭირს, მაგრამ ვსწავლობ. დროის მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. მაგრამ მეორე მომენტიცაა, დროის დაფასება და დროის აღქმა დავიწყე, ეს უფრო ასაკმა და გამოცდილებამ მოიტანა.

ერთ-ერთი იყავი, მათ შორის, ვინც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, დიდი სოციალური კამპანია დაიწყო.

რა თქმა უნდა, არსებობს თემები, რომელშიც არ მონაწილეობა, ვერ წარმომიდგენია. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც, როგორც მოქალაქემ, აუცილებლად უნდა დააფიქსირო საკუთარი მოსაზრება.

ამ კუთხითაც, პროტესტს ვგულისხმობ, ადრე უფრო აქტიური იყავი 

კი, „ლოქ დაუნის“ დროს, ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა სოციალური აქტივობა. ამ ეტაპზე, ნაკლებად ვაქტიურობ, თუნდაც, სოციალურ ქსელებში. შეიძლება, ჯერ ახალი ფორმა არ მაქვს მოძებნილი, ან ისე გაპროტესტება, როგორც ამას წლების წინ ვახერხებდი, ჩემთვის ახლა არ იყოს ეფექტური. სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პროტესტი, მგონია, რომ თავისებური ბრიფია. წარმოიდგინე, რაღაც გაწუხებს და დავალება არის, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ყოველთვის საფრთხილოა, ამ ბრიფით, მოცემული საკითხის გადაწყვეტა. თუ არ თვლი, რომ ეს შენი აქტივობა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს, ანუ შენი კრეატიული „სოლუშენი“ ეფექტური არ იქნება, მაშინ თამაშობ და შენი, თუნდაც, სოციალურ ქსელში აქტიურობაც თავის ფუნქციას არ ასრულებს. მგონია, რომ ვისაც შემოქმედებითი უნარები აქვს, სჯობს, პროტესტი სწორედ ამ შემოქმედებით გამოხატოს.

და ახლა როგორ გამოხატავ ამ პროტესტს?  

უფრო მეტად ჩემს თავზე დავიწყე მუშაობა და პრობლემებს გარეთ არ ვეძებ. კი, ბევრი რამის მიმართ შეიძლება მქონდეს პროტესტი, მაგრამ ჩემი ერთი დაწერილი სტატუსი რომ რამეს შეცვლის, ცოტა ილუზიაა. მირჩევნია, ეს ილუზია საერთოდ არ მქონდეს. ახლა უფრო შიგნით ვმუშაობ ამ მიმართულებით, ვიდრე გარეთ.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემები ვახსენეთ, თვითონ ქვეყანა, სამშობლო რას არის შენთვის? 

მგონია, რომ რაღაც სიტყვები მარტივად ცვდება. და მით უმეტეს დიდი სიტყვები, როცა ვამბობთ სიტყვა სამშობლოს. მე სახლი, ოჯახი, სამშობლო ერთი ზონა მგონია. თუ სამშობლოზე ვლაპარაკობთ, მე რა რადიუსიც მაქვს ჩემი ცხოვრების, ალბათ, ის არის ჩემი სამშობლო. სხვა ქვეყანაში დიდი ხნით არ მიცხოვრია, მაგრამ რაღაც მომენტში, თუ მაგ ფაქტისა და არჩევანის წინაშე დავდგები, ყველაზე მტკივნეული იქნება აზრი, რომ ჩემი რადიუსი სინამდვილეში ჩემი აღარ იქნება. სამშობლოს მონატრება, რაღაცნაირად თვითგვემას ჰგავს, ირჩევ წერტილს, საიდანაც შენი სიყვარული მთლიანად მონატრებად იქცევა და ამ მონატრებით ურთიერთობა შენს ქვეყანასთან.

რა მოგცა 2020 წელმა? 

იმდენ ხანს მომიწია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, რომ ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით, შიგნით. ალბათ, ეს არის ყველაზე კარგი, რაც ამ წელმა მომცა – რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მიდგომები, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე მეტად „არ გაჩერდეს“ კამპანიაშია გამოხატული.

და როგორი ხარ დღეს? 

არის რაღაცები, რაც პირადად ჩემ თავთან „დავალაგე“ და ვცდილობ, ეს ყველაფერი საქმეში გადმოვიტანო.

ახლა მინდა, მოვძებნო ზუსტი ფორმა, რომლითაც პროტესტს, სიხარულს, ბედნიერებას გამოვხატავ.

ჩემთვის ძალიან გასაგები გახდა, რომ შემიძლია, საქმეში ჩავდო ყველაფერი, რისი თქმაც მსურს და რაღაც მომენტში, ბრენდის პირით გავაჟღერო.

მომავალში რა იქნება, როგორ განვითარდება ინდუსტრია? 

მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო უნდა მოვერგოთ ლოკალურ „ინსაითებს“ და ადამიანურ ფაქტორებს. შესაბამისად, შემოქმედებითი ინდუსტრიაც ბევრად ქართული გახდება. პარალელურად, გლობალური მასშტაბით, ყველაფერი ციფრულდება. ამიტომ, ეს სფეროც იქნება თან ქართული და თან – ციფრული. მგონია, ძალიან საინტერესო რაღაც გამოვა.

შენ როგორ ხედავ საკუთარ თავს ამ მომავალში? 

ვაპირებ, ხატვას დავუბრუნდე, რომ ჩემთვის ვაკეთო პოსტერები. ძალიან მინდა, იმ წერტილში დავბრუნდე, სადაც შევწყვიტე ეს საქმე.

ზოგადად კი, ვფიქრობ, ძველებურად ნამდვილად აღარაფერი იქნება, მაგრამ რა დროც არ უნდა დადგეს, ახლა რა განცდები და მიმართულებაც მაქვს, მე მგონია, რომ ეს აღარსად წავა. არც მე წავალ საკუთარი თავისგან და ჩემი საქმიდან ძალიან შორს.

 

 

ლილე ხმალაძე 

Xiaomi-ს მობილურის ახალი მოდელი ვიდეო გადაღების ღამის რეჟიმით

ძაღლებისთვის შექმნილი არხი, რომელიც მათ ფოიერვერკებით გამოწვეულ სტრესს აარიდებს