in

გიორგი ლალიაშვილი – #პირველისამსახური

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში რომ დავიწყე მუშაობა. იქვე ვსწავლობდი – ფიზიკის მიმართულებით, თან თვითმმართველობაში ვაქტიურობდი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც იცოდნენ, რომ ვებგვერდების მართვა კარგად შემეძლო. იმ დროისთვის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს ვებგვერდი არ ჰქონდა. ჩემს მისვლამდე, საიტი სხვას გააკეთებინეს, თუმცა მოდიფიკაცია ვერ შეძლეს და პოზიციაზე საიტის პრობლემის გადასაჭრელად მოვხვდი. ჯერ სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ, ჩემს ფუნქციაში ვებგვერდზე ცვლილებების შეტანა შედიოდა. სირთულე იყო იმ თვალსაზრისით, რომ დეპარტამენტში ყველამ ყველაფერი იცოდა და მე – ნაკლებად. ვფიქრობდი, რომ ძალიან ვიწრო პროფილი მებარა და მინდოდა სხვა რაღაცებიც ამეთვისებინა. იმ სამსახურში გავაცნობიერე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეგიძლია რაღაც ახალი დაიმატო იმ ადამიანებისგან, ვინც შენ გვერდით მუშაობენ და ბევრად მეტი იციან, ვიდრე შენ. ამ ყველაფერში, ყველაზე დიდი ბარიერი მაინც შინაგანი იყო. თუმცა, გავაცნობიერე ისიც, რომ ბევრად მეტი შემეძლო მეკეთებინა.

უნივერსიტეტიდან, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ წამოვედი. ჩემს ძმასთან და მამაჩემთან ერთად ვმუშაობდით პროგრამებზე, რომლებსაც უნდა ემართათ რობოტები. მაგ დროს, უფრო სიღრმისეულად ვისწავლე, როგორ იწერება ალგორითმი. ამის შემდეგ, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა, სადაც მონაცემთა ბაზები უნდა დამეხარისხებინა. კარგა ხანს ვიწვალე, მაგრამ მანდ ვისწავლე Excel. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირებასთან ვმეგობრობდი, Excel არ ვიცოდი. პარალელურად, ACCA-ის წიგნებს გავდიოდი და დისტანციურად ვაბარებდი. საბოლოო ჯამში, ჩემს გონებაში საინტერესოდ დაუკავშირდა ერთმანეთს ფინანსები, პროგრამირება, მონაცემთა ბაზები და შეიკრა იდეად, რომ შემეძლო დამეწერა პროგრამა, რომელშიც მეყოლებოდა ძალიან ბევრი მომხმარებელი.

ზოგადად, უნივერსიტეტიდან მოყოლებული, ვფიქრობდი, რა უნდა მეკეთებინა მომავალში – ფიზიკაზე რომ ვსწავლობდი, ან კათედრაზე უნდა მემუშავა, საზღვარგარეთ, ან ცერნის ლაბორატორიაში წავსულიყავი პრაქტიკოსად. ცოტა ვერ წარმომედგინა ფიზიკის სფეროში ჩემი თავი, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ნანახი მქონდა ქართული ლაბორატორია და იქ არ მინდოდა ყოფნა. მეორე მხრივ, არც იმის მჯეროდა, რომ ჩემი ფინანსური შეძლების ადამიანი საზღვარგარეთ შევძლებდი წასვლას. ამ ფიქრმა მიმიყვანა აზრამდე, რომ საკუთარი კომპანიის შექმნა კარგი ალტერნატივა იქნებოდა – მეც კომფორტულად ვიქნებოდი და თანამშრომლებსაც მოეწონებოდათ.

გიორგი ლალიაშვილი – Stack-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

აუსრულე მას, ვისაც სურს – mynewyear.ge

“ლაზიერის გამბიტის” ეფექტი – ყოველდღიურად 100 000 ახალი ჭადრაკის მოთამაშე