in

გიორგი ლობჯანიძე – #პირველისამსახური

პირველი ჰონორარი 10 წლის ასაკში ავიღე. ჩემი ანაზღაურება 20 ლარი იყო. მახსოვს, სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და ამ ფულით რუსთაველზე ნახატი ვიყიდე. ეს ნახატი დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემი მშობლების სახლის კედელზე და ყოველი ნახვისას მახსენებს იმ განსაკუთრებულ სიხარულს, რომელიც პირველმა ჰონორარმა მომიტანა.

რაც შეეხება ჩემს პირველ ოფიციალურ სამსახურს, ეს გახლდათ თიბისი ბანკი, სადაც 2009-ში, 19 წლისამ დავიწყე მუშაობა. მაშინდელი პოზიციის ზუსტი დასახელება არ მახსოვს, მაგრამ ჩემს მოვალეობაში შედიოდა POS-ტერმინალების გამართულობის შემოწმება და აღრიცხვა სხვადასხვა ობიექტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებაზე. თიბისი ბანკის საზაფხულო/სტუდენტურ პროგრამა იყო, რომლის შესახებაც რომელიღაც დასაქმების პლატფორმაზე გავიგე და ამობეჭდილი მეოთხედ გვერდიანი რეზიუმეთი მივადექი პირდაპირ სათაო ოფისში. საზაფხულო სამსახური იყო და შესაბამისად, არდადეგებზე უარის თქმა მომიწია და მთელი ზაფხული თბილისში გავატარე.

სამსახურის დაწყება ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა, რაც იმ წლის დასაწყისში შემემთხვა. უკრაინაში წავედი სტუდენტური პროგრამით. იქ ორი თვე გავატარე. ვფიქრობდი, რომ წაღებული ფული საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ფული რომ გამითავდა, მერე მივხვდი, რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, როგორ მეთხოვა მშობლებისთვის დამატებითი თანხა, სკაიპში მივწერე, თუმცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამის შემდეგ აღარასდროს ვთხოვდი ფულს.

კარიერის საწყის ეტაპზე რაიმე კონკრეტული დაბრკოლება არ მახსენდება, თუმცა ყველაზე დიდი დისკომფორტი იყო ზოგადი გაურკვევლობა, რადგან დიდხანს არ ვიცოდი, ზუსტად რა მინდოდა. ბევრი რამ ვცადე, საჯარო სამსახურშიც ვიმუშავე. საბოლოოდ მგონია, რომ მივაგენი სწორ გზას. ახლა ის მაინც ვიცი, რა არ მინდა ვაკეთო.

გიორგი ლობჯანიძე – საქართველოს ბანკის პრემიუმ რითეილ მიმართულების მარკეტინგის უფროსი.

ვატიკანი ახალგაზრდებთან დაკავშირებას ახალი თილისმით ცდილობს

თქვენ იცით რატომ ჰქვია ამ წყალს „ბაკურიანი“? იმიტომ რომ, ბაკურიანის მთებში იღებს სათავეს