ყველასთვის საყვარელ და გამორჩეულ სერიალ Love, Death & Robots-ის ოფიციალურ IMDb გვერდზე გიორგი მაღრაძის, იგივე Artman-ის მიერ შექმნილი პოსტერები განათავსეს.
დაახლოებით, 9-10 წელია, გიორგი გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის განხრით მუშაობს, ბოლო 3 წელი კი მარკეტინგული საკომუნიკაციო სააგენტო Hans & Gruber-ის არტ დირექტორია. “2019-ში, როცა სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა, ისე მომეწონა ვიზუალური სტილების მრავალფეროვნება, რომ საკუთარ თავს პატარა ჩელენჯი დავუსახე. გადავწყვიტე, თითოეულ ეპიზოდზე FanArt პოსტერების სერია შემექმნა”, — აღნიშნავს გიორგი.

ეს ექსპერიმენტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობა მოიპოვა — განსაკუთრებით, ინსტაგრამზე, სადაც ფან-ფეიჯებზე თითოეულ პოსტერს 40-60K რეაქთი ჰქონდა, რედიტზე კი ყველა კითხულობდა, თუ ვინ იყო ავტორი, სად შეიძლებოდა შეძენა და ა. შ. ასეთი მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, Artman-მა პრინტების გაკეთებაც გადაწყვიტა… ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდში ბევრმა ოფიციალურმა წყარომ გამოიყენა და არტისტს მათი განთავსების უფლებასაც კი სთხოვდნენ, რაზეც უარი არასდროს მიუღიათ.

“უშუალოდ ამ სერიალის ანიმაციაზე მომუშავე რამდენიმე არტისტმაც კი მომწერა, რომ ძალიან მოეწონათ მათ სერიაზე შექმნილი პოსტერები და წარმატებები მისურვეს. IMDb-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მთხოვეს გამოყენების უფლება და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ IMDb-ს პლატფორმაზე, პირველი სეზონის სერიების ოფიციალურ ალბომებში ჩემი ნამუშევრებიც არის განთავსებული”.












ავტორი: ქეთია ბელქანია













