in

2 ოქრო მსოფლიო ოლიმპიადაზე და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების გამოწვევები

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ოლიმპიადაზე, 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მთავარი მწვრთნელი და ნაკრების ხელმძღვანელი, გიორგი მანდარია ამბობს, რომ ეს გუნდისთვის ისტორიული და უპრეცედენტო გამარჯვებაა: „გვქონია წარმატებები ევროპის ჩემპიონატებზე, ყოფილა შემთხვევა, ნაკრების ოთხივე წევრს აუღია მედალი, მაგრამ 2 ოქრო ერთად – არასოდეს“. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. გიორგი მანდარიას თქმით, ამ თემას მეტი პოპულარიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა სჭირდება.

 

როგორ შეიქმნა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები, რა წარმატებებს მიაღწია მსოფლიო ასპარეზზე და ყველაზე მეტად რა სჭირდება დღეს გუნდს?! ამ და სხვა საკითხებზე „მარკეტერი“ გიორგი მანდარიას ესაუბრა.

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი, პროფ. გიორგი მანდარია

„ინფორმატიკის ოლიმპიადებში საქართველოს წარმომადგენლები 1989 წლიდან მონაწილეობენ. ამავე წლიდან ტარდება მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველ ორ წელიწადს საქართველოს ნაკრები 3 კაციანი შემადგენლობით გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიადაზე და ჯამში, აღებული გვაქვს 3 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალი. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოხვდა გიორგი დათუაშვილი და აიღო ოქროს მედალი მსოფლიო ოლიმპიადაზე. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო – პირველი ოქრო. გიორგი დღეს კომპანია Google-ის თანამშრომელი და არის 50-ზე მეტი სამეცნიერო გამოგონების ავტორია, ციფრული ტექნოლოგიებში. შემდეგ იყო 1992 წლის ოლიმპიადა  დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს მონაწილეობით. აქ 1 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. შემდეგ რამდენიმე წელი საერთაშორისო ოლიმპიადებში აღარ მიგვიღია მონაწილეობა. რაც შეეხება საქართველოში შიდა ოლიმპიადების ჩატარებას, იგი ასევე  1989 წლიდან დავიწყეთ და დღემდე გრძელდება“.

M: როდის და როგორ დაბრუნდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე? 

1996 წელს, საკუთარი კონტაქტებით დავუკავშირდი მსოფლიო ოლიმპიადის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტს და შეჯიბრებაზე, საქართველოს 4 კაციანი ნაკრები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდი მიიწვიეს. რთული იყო მომზადება: არ გვქონდა სამეცადინო ლიტერატურა, გამოცდილება, არ ვიცოდით, რა ფორმატით  ტარდებოდა ოლიმპიადა, რა მოთხოვნები იყო ცოდნისადმი და ა.შ. არც ამ და არც მომდევნო რამდენიმე წელს, მსოფლიო ასპარეზზე ჯილდო არ მიგვიღია, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობდით – 4 წლის მანძილზე შევადგინეთ და გამოვეცით საოლიმპიადო ამოცანათა კრებული, სერიოზულად ვემზადებოდით წლიდან წლამდე და 2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აიღო პირველი ვერცხლის მედალი (არჩილ ცისკარიძე). ამის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიადიდან, რომელშიც ყოველ წელს მინიმუმ 80 ქვეყანა მონაწილეობს, მედლის გარეშე არ დავბრუნებულვართ. პირველი ოქროს მედალი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ნაკრებმა, 2010 წელს მოვიპოვეთ. ეს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ მოახერხა, რომელიც მაშინ მსოფლიოს 7 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. შემდეგი ოქრო 2014 წელს, თბილისის ვლ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ და ასევე თბილისის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელმა ნიკოლოზ სვანიძემ ტაივანში (მსოფლიო ოლიმპიადა) აიღო და ამით, მსოფლიოს 10 უძლიერესთა შორის მოხვდა. 2015 წლიდან დავიწყეთ ცენტრალური ევროპის ოლიმპიადებზე გამოსვლა. პირველად წავედით ჩეხეთში და მოვიპოვეთ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ეს ძალიან მაღალრეიტინგული ოლიმპიადაა და აქ წარმატება მართლაც ბევრს ნიშნავდა. შემდეგ წელს რუმინეთში (იგივე ოლიმპიადა) ავიღეთ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი. 2017 წელს პირველად ჩატარდა 15 წლის ასაკის ბავშვებს შორის სრულიად ევროპის ოლიმპიადა და ჩემპიონი საქართველოს ნაკრების წევრი, ნიკა ბირკაძე გახდა (ასევე კომაროვის სკოლის და მზიურის მოსწავლე). ამ ტურნირზე 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ავიღეთ, ანუ ნაკრების ოთხივე წევრმა მოიპოვა მედალი. რაც შეეხება ცენტრალური ევროპის ოლიმპიადას, 2017 წელს გიორგი კლდიაშვილი გახდა ოქროს მედლის მფლობელი და ამ ოლიმპიადის ჩემპიონი (ყოფილი დემირელის კოლეჯის, ხოლო შემდეგ კომაროვის სკოლის და მზიურის მოსწავლე), აქვე ავიღეთ 2 ვერცხლი. რაც შეეხება მსოფლიო ოლიმპიადას, შარშან, საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2 ოქროს მედლის მფლობელი ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები, მწვრთნელებთან ერთად. ინფორმატიკის  მსოფლიო ოლიმპიადა, იაპონია, 2018 წელი

M: რაც შეეხება წლევანდელ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე . . .

2018 წელს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კლდიაშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, ვანო გამეზარდაშვილი, ალექსანდრე ხოხიაშვილი (ოთხივე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე). ნაკრების მწვრთნელები: გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი, ვახტანგ შეკიშვილი.  სრულიად ევროპის ოლიმპიადაზე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, გუნდმა პროტესტის ნიშნად არ მიიღო მონაწილეობა, რადგან იგი რუსეთში, ქალაქ ყაზანში ჩატარდა. ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ნიკა ბირკაძემ აიღო ოქროს მედალი. ამის გარდა ნაკრების დანარჩენმა წევრებმა 1 ვერცხლი (გიორგი კლდიაშვილი) და 2 ბრინჯაო (ალექსანდრე ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი) მოიპოვეს. რაც შეეხება მსოფლიო ოლიმპიადას, შეჯიბრება 1 – 8 სექტემბერს იაპონიაში ჩატარდა. აქ უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ: ნიკა ბირკაძემ და გიორგი კლდიაშვილმა ოქროს მედლები აიღეს. ეს იყო საოცარი წარმატება – ნიკა ბირკაძე, ჩვენი ყველა საგნობრივი ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 4 უძლიერეს მონაწილეს შორის მოხვდა და ძალიან მცირედით ჩამორჩა მათ. გუნდური შედეგით კი საქართველო 87 ქვეყნიდან  8 უძლიერესს შორის მოხვდა.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, სხვადასხვა წელს, ინფორმატიკის ეროვნულმა ნაკრებმა, მხოლოდ მსოფლიო ოლიმპიადებზე 5 ოქროს, 9 ვერცხლის და 40-მდე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მართლა ძალიან დიდი მიღწევაა.

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები: გიორგი კლდლიაშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, ვანო გამეზარდაშვილი და ალექსანდრე ხოხიაშვილი. ინფორმატიკის  მსოფლიო ოლიმპიადა, იაპონია, 2018 წელი

M: როგორ ემზადება ნაკრები საზღვარგარეთ სხვადასხვა ოლიმპიადაზე საასპარეზოდ? ან საქართველოში როგორ ტარდება შიდა, ეროვნული შეჯიბრებები? 

ნაკრების მოსამზადებელი მეცადინეობები ტრადიციულად ტარდება კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც ყველა პირობაა მუშაობისთვის. მეცადინეობები ძირითადად გვაქვს ივნისის თვეში 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე, კვირის გარდა, დილის 10-დან საღამოს  5 საათამდე. ამ მეცადინეობებს ნაკრების 4 ძირითადი წევრის გარდა ესწრება 4 რეზერვისტი მოსწავლეც. დასკვნითი, ერთკვირიანი შეკრება იმართება უშუალოდ მსოფლიო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ დაბა ბაკურიანში, სადაც მხოლოდ ნაკრების 4 ძირითად წევრთან მიდის მუშაობა. თან ვმეცადინეობთ და თან ვისვენებთ რთული შეჯიბრების წინ. ნაკრების შერჩევას, მომზადებას და მსოფლიო თუ ევროპის ოლიმპიადებზე გამგზავრებას მთლიანად აფინანსებს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. რაც შეეხება ეროვნულ ოლიმპიადას, მას ბოლო ოთხი წელიწადია საკუთარი სახსრებით ატარებს „ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში“ გამარჯვების შემდეგ. ეს ასოციაცია 2008 წელს  დავაფუძნე თანამოაზრეებთან ერთად და მის ანგარიშზე თანხების აკუმულირება ხდება ჩვენი ყოფილი ოლიმპიელების შემოწირულობების მეშვეობით, რომლებიც უკვე საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში მუშაობენ.  ოლიმპიადაში ძირითადად მონაწილეობენ ის მოსწავლეები, რომლებიც მზადებას გადიან კომაროვის სკოლაში, ვეკუას სახ. 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და ქუთაისის შპს „პირველ სკოლაში“ (გოქაძის სკოლა)  ფუნქციონირებად საოლიმპიადო წრეებზე. ადრე ასეთი ჯგუფები იყო დემირელის კერძო კოლეჯშიც, მაგრამ მოგეხსენებათ, იგი აღარ ფუნქციონირებს. მომზადებას ვიწყებთ მე-5, მე-6, მე-7 კლასებიდან. რაც შეეხება და პედაგოგებს, ჩემს გარდა ამ ბავშვებთან მუშაობენ ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და ვახტანგ შეკიშვილი (ნაკრების მწვრთნელები). ასევე ბატონი მალხაზ ჯინჯიხაძე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგია. გარდა ამისა, გვეხმარებიან ჩვენი ყოფილი აღსაზრდელები და ნაკრების ყოფილი წევრები, ნიკა სვანიძე, თორნიკე მანძულაშვილი, ბაკური ცურცხაშვილი, ნიკა ლოსაბერიძე და სხვები. ახლა კი უკვე გიორგი კლდიაშვილიც. ფინანსურად ძალიან გვეხმარება და ჩვენი  გენერალური სპონსორია კომპანია „სინგულარი“,  რომლის დამფუძნებლებიც, სხვათაშორის, არიან ჩვენი ყოფილი  მოსწავლეები და ყოფილი ოლიმპიელები გიორგი შამუგია და აკაკი მელაძე. ეროვნულ ოლიმპიადაზე ტარდება 2 ტური. პირველი ონლაინ ტურია, რომელშიც  მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ შესაბამისი მომზადების მქონე მოსწავლეები, მათ შორის გამარჯვებულებს კი უკვე დასკვნით ტურზე ვიწვევთ თბილისში. აქ 3 ასაკობრივ ჯგუფში (მე-8 კლასამდე, მე-9 და მე-10 კლასები, მე-11 და მე- 12 კლასები) ვავლენთ 10 – 10 გამარჯვებულ მოსწავლეს და შემდეგ ტარდება ნაკრების შესარჩევი ტურები. სულ არის 2 წერა, რომლის შედეგადაც ვარჩევთ 4 მოსწავლეს და 4 რეზერვისტს. სწორედ მათთან ერთად ვმეცადინეობთ ივნისის თვეში და ვემზადებით მსოფლიო ოლიმპიადისათვის თუ სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის.

გიორგი მანდარია ნაკრების მწვრთნელებთან ზაზა გამეზარდაშვილთან და ვახტანგ შეკიშვილთან ერთად.

M: რა სირთულეებს აწყდებით შიდა ოლიმპიადების დროს, ყოველდღიური მეცადინეობის პროცესში და რა სჭირდება ნაკრებს კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობისთვის?  

ზოგადად, უფრო მეტი მაღალკვალიფიციური პედაგოგი რომ გვყავდეს და უფრო მეტი ბავშვი მონაწილეობდეს ეროვნულ ოლიმპიადაში, უკეთესი იქნებოდა. გასულ წელს მე დავაფუძნე სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO) იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც არა აქვთ სპეციალური მომზადება და არ ფლობენ დაპროგრამების ენებს.  მსურს ამ სფეროში მოვიზიდო ახალგაზრდები რეგიონებიდან, აღმოვაჩინოთ ამ მიმართულებით ნიჭიერი ბავშვები და ჩავრთოთ ისინი საოლიმპიადო მუშაობაში. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ოლიმპიადაში ჩაერთნენ მოსწავლეები პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან. თუმცა, მის ჩატარებას სახსრები სჭირდება, ხოლო სპონსორის მოძებნა კი ჭირს. ოლიმპიადა წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. პირველი საკუთარი სახსრებით ჩავატარე, მეორე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააფინანსა (სადაც მე ვმუშაობ კიდეც), მესამე კი – კომპანია „სინგულარმა“. იმედი მაქვს მეოთხე სეზონზეც გამოჩნდება სპონსორი,  რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მართალია, როგორც აღვნიშნე, ყოფილი მოსწავლეებიც გვეხმარებიან, მაგრამ მათაც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ: ზოგი სტუდენტია, ზოგი აქაურ, ხოლო ბევრი მათგანი კი მსოფლიოს ისეთ წამყვან კომპანიებში მუშაობს, როგორებიცაა Facebook, Google, Dropbox, Quora და სხვა.  გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, ნაკრები ერთის ნაცვლად 2-3ჯერ იკრიბებოდეს წლის განმავლობაში და არა უშუალოდ საერთაშორისო ოლიმპიადების წინ. მაგრამ ყველაზე მეტად რაც, ვთვლი, რომ ჩვენს სფეროს აკლია, ცნობადობაა. მეტი პოპულარიზაცია სჭირდება ინფორმატიკის ოლიმპიადებს ქვეყნის შიგნით და ნაკრების საერთაშორისო წარმატებებს. ვფიქრობ, ეს თემა უფრო მეტად უნდა შუქდებოდეს, საზოგადოება მეტ ინფორმაციას უნდა იღებდეს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ბავშვების წარმატების შესახებ. ასე მეტი ინტერესიც გაჩნდება – დღეს, მაქსიმუმ, 150 მოზარდი მონაწილეობს შესარჩევ ტურებში. მგონია, რომ ნაკრების წინსვლა მაგალითი გახდება სხვებისთვისაც და თუნდაც, ჯერჯერობით, თბილისსა და ქუთაისში მეტი ბავშვი მოვა საოლიმპიადო წრეებზე.

„მეტი პოპულარიზაცია სჭირდება ინფორმატიკის ოლიმპიადებს ქვეყნის შიგნით და ნაკრების საერთაშორისო წარმატებას“

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებს . . . 

თუ მხარდაჭერა გვექნება, შესაძლებელია, საქართველოშიც ჩატარდეს საერთაშორისო ოლიმპიადები. 29 წელია ნაკრების ხელმძღვანელი ვარ, ასევე გახლავართ მსოფლიო ოლიმპიადის გენერალური ასამბლეის წევრი. შეგვიძლია ამ კონტაქტების გამოყენება. საჭიროა მატერიალური მხარდაჭერა, თორემ ინტელექტუალური რესურსი გაგვაჩნია ასეთი დონის ოლიმპიადების ჩასატარებლად.  სავსებით რეალურია საქართველოში, მინიმუმ, ევროპის 15 წლამდე ასაკის ოლიმპიადის ჩატარება. მგონია, რომ ჩვენი სფეროს გარდა, ეს ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტი და დიდი წარმატება იქნება – ძალიან აამაღლებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ყველაზე თხელი, საკრედიტო ბარათის ზომის მობილური ტელეფონი – UPDATE

ერთი სული გვაქვს, მოვისმინოთ შენი პირველი ხუმრობა საჯარო გამოსვლის დროს!