გამოწვევებით სავსე ასეთ დროს, რა გარემოებაშიც ახლა ვცხოვრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში მოვნახოთ ძალა და ის სხვებსაც გავუზიაროთ. ერთ-ერთი ასეთი გზაა გაგიზიაროთ ადამიანების პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ და ამგვარად, თქვენი კარიერული გეზის განსაზღვრაში შეგიწყოთ ხელი. ამჯერად, სააგენტო Maverik-ის ხელმძღვანელის, გიორგი მგელაძის ამბავს გიყვებით:
„ალბათ, ბევრი მკითხველი იფიქრებს, რომ ძალიან გამიმართლა – თავიდანვე მოვხვდი კომპანიაში, სადაც უკვე 6 წელია ვმუშაობ და დღესაც მაქვს შესაძლებლობა განვვითარდე პროფესიულად და წინ წავწიო კომპანიაც. ყველაფერი უნივერსიტეტში დაიწყო, როცა 20 წლის ვიყავი და ციფრული მარკეტინგით დავინტერესდი. მაშინ გამიჩნდა შესაძლებლობა, ამერჩია საგანი „სოციალური მედიის მართვა“, რომლის ლექტორიც ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კენჭუაშვილი იყო. კურსი დასრულებული არც იყო, რომ ჩემი გამორჩეული ინტერესის გამო მავერიკში მუშაობა შემომთავაზა და ასე, დაიწყო ჩემი პირველი სამსახურიც. დღეს, მას „მავერიკის“ სახელით იცნობენ, მაშინ კი – 4MEDIA ერქვა.
პირველი ნაბიჯები გადავდგი, როგორც კონთენტ კრეატორმა. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ ჩვენი დამკვეთები კმაყოფილები ყოფილიყვნენ, თუმცა დროდადრო, ბევრი დაბრკოლებაც ჩნდებოდა. ვგრძნობდი, ვერ ვქმნიდი ისეთ კონტენტს, რომელიც კომპანიებს მათი კონკურენტებისგან რადიკალურად გამოარჩევდა და ბაზარზე უნიკალურ სიტყვას ათქმევინებდა, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ. ეს მუხტი დღესაც შემორჩენილი მაქვს და ჩვენ მავერიკებიც სულ ვამბობთ, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელსაც ვერ ვიტყვით, ვიზუალი რომელსაც ვერ შევქმნით და ამოცანა, რომელსაც ვერ შევასრულებთ! ალბათ, ეს არის ის მთავარი გასაღები, რამაც დღევანდელ დღემდე მომიყვანა.
დღეს კი, უკვე ციფრული მარკეტინგის ლექტორი, ტრენერი და კომპანიის ხელმძღვანელი ვარ.“
გიორგი მგელაძე – სააგენტო Maverik-ის ხელმძღვანელი, პრაქტიკოსი ტრენერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი












