in

„მუსიკა შეიძლება აკეთო მინიმალური შესაძლებლობებითაც კი” – გიორგი მიგრიაული

ბენდები „დაგდაგანი”, „Bedford Falls” – ყველასთვისაა ნაცნობი და მათ თავიანთი სიტყვა თქვეს არა მარტო ქართულ მუსიკაში, არამედ ზოგადად, ქვეყნის კულტურის განვითარებაში. მართალია, სამწუხაროდ, პირველი უკვე დაშლილია, მაგრამ მან მაინც მოასწრო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალტერნატიული მუსიკის შემქმნელი ყოფილიყო. 

ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ქართული კომპოზიციების თვალიერებისას, შემთხვევით ახალი ალბომი Terra Incognita შემომხვდა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ ისმინება. ავტორის მოძიების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ეს გიორგი მიგრიაულის სადებიუტო ალბომია, მუსიკოსის, რომელიც თავის დროზე სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ბენდებიდან გავიცანით. 

მუსიკისადმი ინტერესი გიორგის ჯერ კიდევ თინეჯერობის ასაკში, როგორც თავად იხსენებს, MTV-ს ყურებისას გაუჩნდა. ხშირად უყურებდა კონცერტების ცოცხალ ჩანაწერებს და არაერთხელ უფიქრია იმაზე, როგორ შეიძლებოდა, თვითონაც ამ სამყაროს ნაწილი გამხდარიყო. 

მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ კი სულ ახლახან გადაწყვიტა პერსონალური ალბომის გამოშვება, რომელიც ექსპერიმენტალური ხასიათისაა, ოდნავ სევდიანი, დამაფიქრებელი მელოდიებით, ხოლო შინაარსი თავად ავტორის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება ბევრი სხვა მსმენელის ემოციებსაც ემთხვეოდეს.

გიორგი მიგრიაული:

11-12 წლის ვიქნებოდი, როდესაც გიტარის შესწავლით დავინტერესდი ჯერ დავიწყე კლასიკურით, მოგვიანებით კი ელექტროგიტარაზე დაკვრაც ვისწავლე. 

ცოტა უფრო რომ წამოვიზარდე, სულ ვეძებდი ბენდსა და თანამოაზრეებს, ვისთან ერთადაც დავუკრავდი. თავიდან მეგობრებთან ერთად გავაკეთე ერთი ბენდი, მერე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიცანი ამ სფეროში, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი შემოსვლა, ასე ვთქვათ, იყო ჯგუფი „წერილი”. გია თოიძემ თავად მომწერა, რომ დამეკრა მის ბენდში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მსმენელის წინაშეც პირველად ოფიციალურად ამ ბენდთან ერთად წარვდექი.

ამის პარალელურად, ვუკრავდი ბენდში „ქვემეხი”, Scratch The Floor, „დაგდაგანი” და Bedford Falls, რომელშიც დღემდე ვრჩები.

M: ახლახან თქვენი ალბომიც გამოვიდა. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა საკუთარ ალბომზე მუშაობის სურვილი და რაზეა ის?

წლების განმავლობაში მუსიკალურ სფეროში ყოფნის შემდეგ მივხვდი, რომ დრო იყო, საკუთარი იდეები და შინაგანი სამყარო მეტად წარმომეჩინა. სწორედ ამან გამოიწვია ალბომის გამოშვებაც, რომელიც 12 სიმღერას მოიცავს. ამ სიმღერების შეგროვებას ორი წელი მოვანდომე. მქონდა საკმაოდ დიდი სია, რომლიდანაც ამოვარჩიე ისინი, რომლებიც ალბომისთვის მომეწონა. 

საინტერესო იყო ამ ალბომზე მუშაობა იმ კუთხითაც, რომ ბევრი ახალი გამოცდილება შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი ბენდში ვუკრავდი, მივხვდი, რომ კომპოზიციური თვალსაზრისით ცალკე მუშაობა მაინც უფრო სხვა გამოწვევაა. ეს გამოცდილება განვითარდა ჩემთან ერთად.

ალბომს დავარქვი Terra Incognita, რაც ნიშნავს „უცხო მიწას” და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მოუხდა სიმღერების ხასიათსაც და ჩემს შინაგან მდგომარეობასაც. 

ჩემი მიზანი იყო, ფორმა მიმეცა იდეების ნაკადისთვის და არ მქონია ჩაფიქრებული, რომ ეს ტრეკები გაჰიტდებოდა ან რაიმე მსგავსი. დაემთხვა ისიც, რომ ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი სარდინიაში, სადაც დავასრულე ეს სიმღერები საკმაოდ მინიმალური აღჭურვილობით. ოთახში, ჩემთვის მოულოდნელად, დამხვდა ერთი კლასიკური გიტარა, მე მქონდა წაღებული ერთი ყურსასმენი, საუნდბარათი და ჩამწერი. ამ გარემოებამ გარკვეულ ჩარჩოებშიც მომაქცია, არ მქონდა დამოუკიდებლად ჩაწერის გამოცდილებაც და მიქსინგის პროცესში რაღაც კითხვებს ChatGPT-საც კი ვუსვამდი. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზებით, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა მუშაობაც და თავად ალბომიც.

M: თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის, როგორია შემოქმედებითი პროცესი?

შემოქმედებითი პროცესი ინდივიდუალურია და განწყობას გააჩნია. ზოგჯერ შეიძლება დიდი დრო გავიდეს ისე, რომ ინსტრუმენტი გვერდით მედოს, მაგრამ ხელიც არ მოვკიდო. ხან კი პირიქით, არის ხოლმე მომენტი, როცა ვიღებ გიტარას და ვიწყებ იდეების გენერირებას. ძირითადად, ეს ხდება ღამით, როცა ყველას სძინავს და მიყვარს ჩემთვის, წყნარად მუშაობა. როგორც წესი, ჯერ მონახაზებს ვაკეთებ, რომლებსაც ვწერ მარტივად, ტელეფონის ჩამწერით და შემდეგ ვუსმენ, ვფილტრავ, იდეებს ვაარქივებ, რომლებიც მერე ტრეკებად ფორმირდება.

რაც შეეხება ბენდთან მუშაობას, სხვა მიდგომა სჭირდება – აქ უკვე მარტო იმაზე კი არ ფიქრობ, შენ რა გინდა, არამედ ითვალისწინებ სხვების აზრებსაც, რა მოუხდება სიმღერას და ა.შ. ამ დროს არ უნდა იყო იმაზე ორიენტირებული, რომ შენი შესაძლებლობები გამოაჩინო და ვიღაცისგან გამორჩეული იყო, რადგან ბენდი არაა კონკურსი, უბრალოდ უნდა მოარგო და დაუმთხვიო ხასიათი სხვა წევრებსაც. ამ დროს აზრების კარგი გაცვლა-გამოცვლა ხდება ხოლმე.

M: მუშაობის პროცესში თუ ფიქრობთ ხოლმე იმაზე, რა განწყობა უნდა მიიტანოთ მსმენელამდე?

თან კი და თან არა. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, რადგან უკვე ვიცნობთ ჩვენს მსმენელს და ვიცით მათი გემოვნება, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად მსმენელზე მორგება არაა კარგი პრაქტიკა, რადგან ჯერ თავად მუსიკოსს უნდა მოსწონდეს, რასაც აკეთებს. ნამუშევარი ამ დროს უფრო ნამდვილი და ხარისხიანი გამოდის. 

M: თქვენი აზრით, დღეისათვის რა არის საქართველოში იმისთვის საჭირო, რომ მუსიკოსმა თავისუფლად აკეთოს თავისი საქმე და განვითარდეს?

ადრე ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ფინანსური ხელშეწყობა ჰქონოდა, ასევე, უკეთესი სტუდია, უკეთესი აპარატურა და ა.შ. ეს წარმოდგენა ნელ-ნელა დამემსხვრა, რადგან დავინახე, რომ თუ სურვილი გაქვს, ხალხს რაიმე გაუზიარო, არ უნდა დაელოდო ამ ყველაფერს. მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში, კარგი და ნამდვილი მუსიკა სწორედ მაშინ მოდის, როცა რაღაცები არ გაქვს, მაგრამ არ ნებდები და ცდილობ, რომ შენი გაიტანო. ყველას ვურჩევდი, რომ მარტივად მიუდგნენ ამ საკითხს და მთავარია, მონდომებით შეხედონ.

M: ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია სამომავლო გეგმები?

ამჟამად, რადგან ზაფხულია, Bedford Falls-თან ერთად ზღვისპირეთში გვაქვს დაგეგმილი კონცერტები. უფრო მოგვიანებით კი, სექტემბრიდან, მინდა, რომ ჩემი პროექტი, ModernGhostRadio გავაცოცხლო და პერფორმანსის სახე მივცე. 

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

დავუტოვებ ვახტანგ ქანთარიას სიმღერას, რომელსაც საკმაოდ კარგი ნიშა აქვს დაჭერილი და განსაკუთრებით მომწონს „შენ, შენ, შენ”. 

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ზაფხული შენს გზაზე — „მაზდა ცენტრი თეგეტას“ სეზონური ფოტოგადაღება

შაორი სფეისი — გლემპინგი კოსმოსურ რაჭაში პლანეტების სახელებითა და ცისკენ მიმართული ტელესკოპით