ყოველ ჯერზე, როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ვურთიერთობთ, საკუთარ თავთან ერთად ქვეყანასაც წარმოვადგენთ. სწორედ ასეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ატარებენ საქართველოს ახალგაზრდა ელჩები საზღვარგარეთ. სულ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად 23 წლის გიორგი პაპავა დაინიშნა. მას მნიშვნელოვანი მისია აქვს – ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ასევე, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს თვითდამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში დაეხმაროს. ემიგრაციაში გატარებულმა არაერთმა წელმა, გიორგი პაპავას თანამემამულეების მხარდაჭერის სურვილი გაუჩინა. არასამთავრობო და ბიზნესის სექტორებში დაგროვილმა გამოცდილებამ, ციფრული მარკეტერის პროფესიამ ახლებურად დაანახა მოცემულობა და გეგმავს საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესების მომსახურებასთან ერთად, ციფრული კამპანიები ელჩობის მანდატის ფარგლებშიც აწარმოოს და ქართულ დიასპორას ამ გზითაც გაუხსნას ახალი შესაძლებლობები.
M: გიორგი, გვიამბეთ, რას გულისხმობს ახალგაზრდა ელჩის მანდატი საქართველოდან? რა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ახლავს მას?
პირველ რიგში, მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტისთვის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები კიდევ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა გაიგებს.
ახალგაზრდა ელჩის მანდატი, ძირითადად, გულისხმობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, რათა ახალგაზრდებზე მორგებული პროექტებით უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობებს, პროგრამა არის მოხალისეობრივი დატვირთვის მქონე. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ახალგაზრდა ელჩებს სრული ნდობა და თავისუფლება გვაქვს პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.
M: რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რა იყო მთავარი მოტივაცია?
ემიგრაციის ცნება ჩემს ცნობიერებაში ხუთი წლის ასაკში გაჩნდა, როდესაც აღმზრდელი ბებია წავიდა საზღვარგარეთ. ფაქტს შევეგუე, ისევე, როგორც უამრავი ქართველი დღემდე ეგუება საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრებას. ემიგრაცია ბავშვობის ტრავმად დამრჩა. წლების გასვლასთან ერთად, თავად გავხდი ემიგრანტი ჯერ გერმანიაში, სადაც საერთოდ არავის ვიცნობდი და სრულიად დამოუკიდებლად მომიწია ბიოროკრატიული პროცესების გავლა.
შემდეგ აღმოვჩნდი საბერძნეთი, რომელიც ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. ამიტომ კარგად მესმის, რას განიცდიან ემიგრანტები საზღვარგარეთ და რა გზის გავლა უწევთ. ნებისმიერი ქართველი – ეს იქნება ლტოლვილის, სტუდენტის თუ ბიზნესმენის სტატუსით, აბსოლუტურად ყველა იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო ადგილობრივ სოციუმში ქართველი ემიგრანტების ინტეგრირებაში.
M: ელჩად არჩევამდე რას საქმიანობდით?
პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი ვარ, თუმცა ხანმოკლე სტაჟირებებს თუ არ ჩავთვლით, პროფესიული განხრით არასდროს არ მიმუშავია. პანდემიამ, ფაქტობრივად, რადიკალურად შეცვალა ჩემი საქმიანობის სფერო და ისევე, როგორც სხვა უამრავ ადამიანს, მეც მომიწია „გადმოციფრულება“. ასე ვეზიარე ციფრული მარკეტინგის სამყაროს, სადაც თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ.
პროფესიულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ონლაინ განათლებამაც. ყველა ახალგაზრდას ვეტყოდი – თუ ფლობთ ინგლისურს, თქვენ წინ უსასრულოდ საინტერესო სამყაროა გადაშლილი, რომელზეც სრულიად უფასოდ მიგიწვდებათ ხელი და შეგიძლიათ ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოთ. ამისთვის მხოლოდ ერთი უნარი გჭირდებათ – უნდა იცოდეთ, როგორ „დაგუგლოთ“. სწორედ ასე გავიარე ისეთი წამყვანი უნივერისტეტების ონლაინ სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა: University of California, Davis; Università Bocconi; University of Illinois Urbana-Champaign. ვფიქრობ, მთავარი არის მონდომება და საკუთარი თავის რწმენა.
M: თქვენი ხედვით, როგორ შეგიძლიათ დააკავშიროთ ციფრული მარკეტერის პროფესია თქვენს ახლანდელ პოზიციასთან?
ციფრული მარკეტინგისგან მიღებული გამოცდილება საშუალებას მომცემს სწორად და სრულყოფილად მივიტანო ჩემი სათმელი ჩემს აუდიტორიამდე, რაც ახალგაზრდა ელჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
M: რას გეგმავთ ელჩობის პერიოდის მანძილზე – როგორი შედეგის მიღება გსურთ მანდატის ამოწურვამდე?
მთავარი გეგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა, რაც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.
ასევე, საბერძნეთში მრავლად არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაგანაც დაახლოებით 80% მდედრობითი სქესისაა. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან საკმაოდ სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას. ჩემი დიდი სურვილია ვიზრუნო საბერძნეთში მყოფი წარმატებული ქართველების პოპულარიზაციაზე. ასევე, მთავარი მიზანია საინფორმაციო კამპანიების წარმოება ბერძენ ახალგაზრდებში, რათა უკეთ გავაცნო ქართველები და ქართული კულტურა. ამისთვის დაგეგმილი მაქვს ათენში არსებული სტუდენტური ორგანიზაციების პრეზიდენტებთან შეხვედრა, რათა მათი დახმარებით, კამპანიებმა ფართო აუდიტორია მოიცვას.