in

Claptocracy — გიორგი პოპიაშვილის ფილმი Kickstarter-ზე


იწყება ფილმი, კამერა კი ადამიანთა იმ ჯგუფისკენაა მიმართული, რომელიც გაუჩერებლად უკრავს ტაშს. ვერავინ ბედავს გაჩერებას, არადა უკვე ყველას ეზედმეტება ეს გაბმული ხმა; ცოტა ეუხერხულებათ კიდეც და უცბად აცნობიერებენ, როგორი შემაწუხებელი ყოფილა ამდენი ტაში! მაგრამ არა, მაინც ვერ ჩერდებიან. ეშინიათ. დასჯიან, მომავალს დაუნგრევენ, ახლობლებს დაუშავებენ რამეს… როდის იქნება საკმარისი? ვინ გაჩერდება პირველი? ვინ შეეწირება მსხვერპლად?

ეს გიორგი პოპიაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარია, სახელწოდებით Claptocracy, რომლის იდეაც 2 წლის გაუჩნდა, როდესაც მისმა მეგობარმა გია ბოხუამ გაიხსენა ამბავი წიგნიდან „არქიპელაგი გულაგი“. ამ უკანასკნელში ალექსანდრე სოლჟენიცინი მტანჯველ ამბავს ჰყვება 11-წუთიან ტაშზე. 

„ზოგადად, ეს ურბანული მითი, რომ საბჭოთა კავშირში ტაშის გაჩერება ეშინოდათ, ალბათ ყველას აქვს გაგონილი. ბევრი მსჯელობს, ნამდვილად ხდებოდა ასეთი რამ თუ არა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც გვაქვს საბჭოთა რეპრესიებზე, არ არის ძნელი, დავიჯეროთ ამ ამბის ავთენტურობა. ამის გარდა, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არც აქვს ეს ამბავი ფიქციაა თუ სინამდვილე. ვფიქრობ, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ავტორიტარულ რეჟიმში დამოუკიდებელ აზრს არ აქვს ადგილი და ის ჩანასახშივე ნადგურდება.

შესაბამისად, ვფიქრობ, ასობით შეშინებული ადამიანი, რომელიც 11 წუთის განმავლობაში ტაშს ვერ აჩერებს, რელევანტური სცენაა ნებისმიერი ტირანიული რეჟიმის მანკიერების ილუსტრირებისთვის.

რამდენადაც შემოქმედებითად საინტერესოა ასეთი კომპლექსური თემის მხოლოდ ტაშით ჩვენება, იმდენად რთულია, ეს 11 წუთი ყურებადი გახადო. სწორედ ამიტომ, სცენარი სავსეა მიკრო სცენებით, თუ როგორ გადაიზრდება ხალისიანი ტაში მტანჯველ განსაცდელად, როგორ აკვირდებიან ჩანერგილი აგენტები ხალხს, როგორ ხდება ჩაშვებები და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მნიშვნელოვან ისტორიას, ამ ამბავსაც ჰყავს თავისი გმირი“,ამბობს გიორგი პოპიაშვილი, სცენარისტი და რეჟისორი.

პროექტის პარტნიორები არიან „ენკენი ფილმსი“, ხმის დიზაინზე „პოსტრედი“ იმუშავებს ხოლო ოპერატორი ომარ გელაშვილი იქნება.

Claptocracy „ქიქსტარტერზე“ 

მას შემდეგ, რაც სცენარი შემუშავდა და გუნდი შეიკრა, პროექტი Kikstarter-ზე განთავსდა. ეს უკანასკნელი ცნობილი პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ პროექტს აქვს შანსი, დაფინანსება ხალხისგან მოიპოვოს.

საგულისხმოა, რომ გიორგი პოპიაშვილის პროექტს ქიქსტარტერმა „Project We Love“ ბეჯიც მიანიჭა.

„პროექტს უკვე ჰყავს ბევრი მეგობარი, და მინდა, აქვე ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ გზაზე დახმარება აღგვითქვა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის და რეალურად, ეს ფილმი ნახავს თუ არა დღის შუქს, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი ადამიანი გამოიჩენს ინიციატივას და ნებისმიერი სახით დაეხმარება პროექტს… იქნება ეს მცირე თუ მსხვილი დონაცია, ან პროექტის შესახებ სიტყვის გავრცელება. ამაში დიდ იმედს სწორედ ქართულ აუდიტორიაზე ვამყარებ“, — ამბობს გიორგი პოპიაშვილი.


კამპანია 4 მაისამდე გაგრძელდება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მიიღებს სცენარი სრულყოფილი ფილმის სახეს. 

ავტორი: ქეთია ბელქანია


თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო

SBC Summit Tbilisi 2024 მასშტაბურად ბრუნდება