in

გიორგი ქუცა რუხაძე – ადამიანი და ურთიერთობა

საკუთარ თავს ყველაზე მეტად, პროფესიასთან აკავშირებს, ალბათ იმიტომ, რომ ქოფირაითინგი მის ხასიათთან ყველაზე ახლოსაა და პირდაპირ უკავშირდება ურთიერთობებს. თუკი გიორგი ქუცა რუხაძის ერთი სიტყვით დახასიათებას მთხოვდნენ, მისსავე მეტსახელს ვახსენებდი – „ქუცას“ – ისევე უბრალოდ, როგორც თავად ეძახდა მოფერებით ქუჩის ძაღლს, ერთ დღეს რომ ყველაფერი აჭამა, რაც კი ჰქონდა. თავად ყველაზე მეტად, უნდა, რომ ადამიანად იცნობდნენ, მიაჩნია, რომ მიღწევების მიუხედავად, ადამიანობა ყველაზე მაღლა დგას. ასე იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ბავშვობაში, ეზოში ჩასვლის წინ, ყოველ ჯერ შეუვლიდა ხოლმე უფროს მეგობარს, კარის მეზობელ ნინა ბებოს. აქტიური და მოლაპარაკე ბავშვი იყო. უადვილდებოდა ურთიერთობები, ყოველთვის აქტიური მოვლენების ეპიცენტრში ხვდებოდა და როგორც აღნიშნავს, ყველა ტიპის ადამიანთან ახერხებდა მეგობრობას. ბავშვობიდანვე ჰქონდა კავშირი ხელოვნებასთან – ხატვა და წერა პატარა ასაკიდანვე შეუყვარდა.

წერა ყოველთვის იყო ჩემი განუყრელი იარაღი, სკოლაშიც და უნივერსიტშიც. თეატრალურის მისაღებ გამოცდაზე ფოტოები მოგვცეს, რომლების ერთობლიობითაც მოთხრობა უნდა დაგვეწერა. ძალიან სწრაფად შემეძლო ინფორმაციის მიღება. გახსოვს, გაზეთებში სვეტებად რომ ეწერა ხოლმე მოკლე ინფორმაცია? ძალიან მიყვარდა მაგის კითხვა, სწრაფად და ლაკონურად ვიგებდი და ვიმახსოვრებდი ამბავს. ქოფირაითინგის მთავარი შემადგენელი ნაწილიც ეგაა – ინფორმაციის ბაზა, რომელიც შემდეგ პროდუქტად შეგიძლია გადმოიტანო“.

დამოუკიდებლობა და ოჯახური ურთიერთობები იყო ის უმნიშვნელოვანესი რამ, რამაც ქუცას პიროვნულ ჩამოყალიბებაზე იქონია დიდი გავლენა.

ვფიქრობ, ადამიანის ჩამოყალიბებაში 90% გავლენა ოჯახს აქვს. მგონია, რომ სწორედ სახლში „წყდება“, ქუჩაში გასული ბავშვი ძაღლს წიხლს ამოარტყამ თუ მოეფერები. ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ასეთი ბავშვი დიდობაში გახდეს სასტიკი. ბავშვობიდანვე, ჩემ ირგვლივ მშვიდი გარემო იყო. ბაბუა – ოთარ შალამბერიძე – პოეტი იყო, ბებია – მთარგმნელი, დედა – ფილოლოგი და მუსიკის პედაგოგი, მამაც – მუსიკოსი – ვსულდგმულობდით ხელოვნებით, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობით. სიმშვიდის გარდა, ჩემს ჩამოყალიბებაზე დამოუკიდებლობამ იქონია გავლენა, რაც ასევე, ოჯახმა განაპირობა.

პატარა ასაკიდანვე თავად ვიყავი ვიღებდი გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, შედეგიც ჩემი პასუხისმგებლობა იყო. ვფიქრობ, ამან ჩამინერგა განცდა, რომ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი  ჩემი გადაწყვეტილებების შედეგია. ვფიქრობ, ორ რამეში გამიმართლა განსაკუთრებით – რომ დავიბადე იქ, სადაც დავიბადე და შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, სწორ გარემოში მოვხვდი. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი შეასრულა.

სანამ საკუთარ თავში ქოფირაითერს აღმოაჩენდა, პროფესიული არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამ ძიებაში, ქუცამ ხელოვნების გზა აირჩია და თეატრალური უნივერსიტეტის ტელე-კინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მენეჯერ-პროდიუსერის სპეციალობაზე. მოსწონდა, რომ არ ჰქონდა შეზღუდვები და ბევრი მიმართულებით შეეძლო ძალების გამოცდა.

ქუცა, როცა ადამიანს ბევრი რამ აინტერესებს და ძიებაშია, რთულია განსაზღვროს, რის კეთება მოსწონს ყველაზე მეტად. ამ ძიებაში კი ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროს ცდის და დროდადრო, დაკარგულად გრძნობს თავს, ზუსტად რომ არ იცის, რა საქმით დაკავდეს.. ამავდროულად, ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელმაც ბავშვობიდან იცის, ვინ გამოვა და რის კეთება უნდა. შენთვის, როგორ მიმდინარეობდა ეს ძიება?

საინტერესოა, თუმცა იქნებ, პირიქით, გაცილებით მარტივია ასე, ვიდრე პირდაპირ რაღაც საქმის არჩევა? არაერთი ადამიანი ჩემ გარშემო, რომელმაც თავიდანვე მტკიცედ აარჩია პროფესია, წლების შემდეგ აღმოჩნდა გაურკვევლობაში და გაუჩნდა კითხვა – ნამდვილად ეს არის, რაც მინდა ვაკეთო? ჩემ შემთხვევაში კი, უბრალოდ, ვიცოდი, რა სფეროები არ მაინტერესებდა. 17 წლიდან ვმუშაობდი ტელევიზიაში – 2003 წელი იყო. შემეძლო მეცადა სხვადასხვა რამ. როცა კინომ დამაინტერესა, ტარანტინოს ჩავუჯექი. შემდეგ, როცა რეკლამამ ძალიან დაგვაინტერესა მე და ჩემი მეგობარი ვეძებდით ხარისხიან ვიდეოებს, სად იყო მაშინ Marketer.ge და AdsOfTheWorld… კანის ფესტივალზე გამარჯვებულ რეკლამებს ვეძებდით, დისკებზე ვწერდით, ვიკრიბებოდით, ვუყურებდით და განვიხილავდით. ასე ვაკეთებდით ფილმების შემთხვევაშიც. ჩემს ცხოვრებაში სულ იყო ხელოვნება ან მასთან დაკავშირებული სფეროები.

პირველი სამსახური უნივერსიტეტის პრაქტიკებიდან დაიწყო…

უნივერსიტეტში სწავლისას, პირველ არხზე პრაქტიკაზე გაგვიშვა კოკა ყანდიაშვილმა. შემდეგ, მე შემოვრჩი და დავიწყე კიდეც მუშაობა. თავდაპირველად, გადაცემა „იმღერე რამეს“ პრაქტიკანტი ვიყავი, ვაკვირდებოდი სამუშაო პროცესს და მარტივ საქმეებს ვაკეთებდი. შემდეგ, იყო სხვა გადაცემები, სადაც წერის მიმართულებით გადავინაცვლე და დოკუმენტური ფილმების სცენარებს ვწერდი. პერიოდულად, როლები იცვლებოდა – ხან ჟურნალისტი ვიყავი, ხან – რეჟისორის ასისტენტი. სკოლიდან, ფაქტობრივად, პირდაპირ ტელევიზიაში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილი თავბრუდამხვევი ატრაქციონი იყო. ახლა ეს არც ისე უჩვეულოა ახალგაზრდებისთვის, მაშინ კი ძალიან უცხო იყო იმის აღქმა, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი ეკრანს მიღმა.

სანამ აღმოაჩენდა, რომ საქმეს, რომელსაც დიდი ხანია აკეთებდა, ქოფირაითინგი ერქვა, ივენთ მენეჯმენტი მოსინჯა…

სტუდენტ მეგობრებს საკურსო გვქონდა გასაკეთებელი და ისე მოხდა, რომ ერთობლივი საქმე წამოვიწყეთ. ჩვენი საქმე იყო პატარ-პატარა ივენთები, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიის სურვილით ვაორგანიზებდით. თუმცა, მასშტაბური ღონისძიებაც მახსენდება – ეს იყო ყვავილების ფესტივალი 26 მაისს, რომელიც 2006-2007 წლებში ჩამოვაყალიბეთ. აქ იყო გამოფენები, კონცერტები, გაყიდვა. ფესტივალს, შარდენის ქუჩიდან შავთელამდე, მთელი სივრცე ეკავა. შემდეგ, წლების განმავლობაში დამკვიდრდა ტრადიციად.

შემდეგ, წერასა და კრეატივში თავით გადაეშვა…

ამის შემდეგ, 2007 წლიდან, უამრავ სხვადასხვა საქმეს მოვედე. ხან სარეკლამო სააგენტოს რეკლამებისთვის სცენარს ვწერდი, ხან ფროდაქშენ სტუდიაში. მაგ პერიოდში უფრო მეტად იკვეთებოდა ის, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პროფესია. რეალურად, ქოფირაითერის საქმეს ვაკეთებდი, თუმცა არ ვიცოდი, რომ ამას ასე ერქვა. პატარ-პატარა გამოცდილებებს ისევე ვაგროვებდი, როგორც ბავშვობაში ჟურნალ-გაზეთების სვეტებიდან სწრაფად მიღებულ ინფორმაციას.

მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ პოეზიისა და მუსიკის ფესტივალი „პოემუსი“. ეს იყო საქველმოქმედო მოძრაობა. ხან ლეიკემიით დაავადებულებს ვეხმარებოდით, ხან თავშესაფრებს, ხან – ვეტერანებს… ამ პროცესში, ასე ვთქვათ, კრეატივ დირექტორის როლი მქონდა, ვფიქრობდი სახელებზე, პოსტერების შინაარსზე, სხვადასხვა დეტალზე.

ამდენწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ქოფირაითერად ოფიციალურად მუშაობა მხოლოდ 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც HOLMES & WATSON-ის გუნდს შეუერთდა და აღმოაჩინა, რომ თუკი საქმე ძალიან გიყვარს, ერთ სამსახურში 9 წლის მანძილზეც შეიძლება გაჩერდე…

M: თუ გახსოვს გარდამტეხი მომენტი შენთვის, როგორც ქოფირაითერისთვის?

გაი რიჩის „რევოლვერში“ არის ერთი მონოლოგი, სადაც ამბობენ, რომ ადამიანებს ტაში სჭირდებათ. მგონია, რომ შექება პროფესიონალი ადამიანების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ჩემთვის იყო პირველი ბრიფის პირველი იდეა HOLMES & WATSON-ში, როდესაც მეგობრების აღფრთოვანება დავინახე. სწორედ მაგ დროს ნათქვამი „ვაა, ეგ არი!“ მოქმედებს ძალიან დადებითაც. როდესაც გარესამყაროსგან ვიღებთ დასტურს, რომ რაღაც შეგვიძლია, სხვანაირი შთაგონებით ვაგრძელებთ საქმეს. თანაც ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა.

M: რას ნიშნავს შენთვის ქოფირაითერობა, როგორც ღირებულება?

ურთიერთობას. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო როგორც ქოფირაითერი, ადამიანებსა და ბრენდებს სწორად ვაკავშირებ ერთმანეთთან. ალბათ, ესაა ამ ყველაფრის მთავარი იდენტობა.

სარეკლამო კომუნიკაციის მთავარი საყრდენი არის ინსაითი. შენი სათქმელი იმ სახით უნდა მოყვე, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობია. ამისათვის, შენ უნდა წარმოიდგინო თავი იმ ადამიანების ადგილას, ვისაც ბრენდი ესაუბრება. ემპათიაც ესაა, რომ სხვის ადგილას წარმოდგენა შეგეძლოს. ამდენად, როგორც ქოფირაითერის, ემპათია მეხმარება გავიგო, რის მოსმენა სჭირდება მომხმარებელს ბრენდისგან.

M: შენი გზა საკმაოდ არასტანდარტულად განვითარდა, არადა, ბევრს პროფესიული განვითარება სხვანაირად წარმოუდგენია, კიბის მსგავსად. შენთვის რას ნიშნავს „კარიერა“?

არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს, კარიერა აუცილებლად „სიმაღლის განვითარება“ იყოს. კარიერა არაა ქვევიდან ზევით მიმავალი ხაზი. შეიძლება ერთ პოზიციაზე იყოს ადამიანი, მაგრამ სტაბილურად და შესანიშნავად ასრულებდეს ფუნქციებს. ჩემთვის, კარიერა ნიშნავს, კარგად და დიდხანს აკეთებდე შენს საქმეს. ჩემი კონცენტრაცია იმაზეც კი არ არის, რომ „რამე კარგი მოვიფიქრო“. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ბრიფს ვუპასუხო სათანადოდ. დავალებაზე მუშაობისას გენიალურ იდეასა და კრეატიულ ჯილდოებზე ფიქრი არასწორი მგონია.

M: რომელია შენი საყვარელი ქოფი?

ცალსახად, Just Do It – ნებისმიერ საქმეს მოარგებ, უბრალოდ, უნდა ადგე და აკეთო. თუნდაც ის, რაზეც კარიერის თემაზე ვისაუბრეთ, რომ დიდხანს და კარგად აკეთო შენი საქმე. ეს სლოგანი მთლიანად მოქმედებისკენ მოგიწოდებს და ძალიან მომწონს.

M: შენი თავისთვის როგორ სლოგანს მოიფიქრებდი?

სერიოზული ბრიფია… ჩემი სლოგანი იქნებოდა „კაცია ადამიანი!“ – თან ბოლოში ძახილის ნიშნით. ორიგინალ ვერსიაში ხომ კითხვა-ძახილის ნიშანია, მე კი მხოლოდ ძახილის ნიშანს დავტოვებდი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Agronnect – ქართული პლატფორმა, სადაც აგრორჩევების მიღებას მსოფლიოს წამყვანი აგრონომებისგან შეძლებთ

ახალი ტრენდი ბიზნესში — ხელმძღვანელები თანამშრომლების როლებს ირგებენ