9
ნოე
2018

გიორგი რამიშვილი – „ან შენით, ან არაფერი!“

9 ნოე 2018

„ბავშვობაში, მეც სხვებივით წარმომედგინა საკუთარი თავი კოსმონავტის სკაფანდრში. მერე გავიზარდე, გავიაზრე, რომ დედამიწიდან ათასობით კილომეტრში, ქილაში გამოკიდება არცთუ ისეთი სასიამოვნო პროცესია, როგორც ფილმებში ჩანს. გადავწყვიტე, რომ აქაც ბევრი საინტერესო რამით შემეძლო, დავკავებულიყავი“, – ამბობს გიორგი რამიშვილი, „ევროპაბეთის“ ვებგანვითარების სამსახურის უფროსი. ასე ფიქრობდა და ამიტომაც, ჩაფხუტისა და სასუნთქი აპარატის მორგებაზე ფიქრს შეეშვა, თუმცა იმ ტექნოლოგიებით უფრო ძლიერად დაინტერესდა, რომლებსაც კოსმონავტები ამოუცნობ ადგილებში მიჰყავდა, იქ, სადაც ჯერ არ დადგმულა ადამიანის ფეხი.

14 წლის ასაკში უკვე ზუსტად იცოდა, რისი კეთება უნდოდა. „გუგლი“ აღმოჩენილი ჰქონდა და აქ პასუხებს ისეთ კითხვებზე პოულობდა, „რომლებზე ფიქრიც კი არ წარმოედგინა“. აინტერესებდა, „გუგლმა“ ამდენი საიდან იცოდა და ძიების პროცესში, პროგრამირებაც შემოესწავლა. „მაშინ ძალიან ცოტა რესურსი არსებობდა, რუსულ და ინგლისურ ფორუმებზე დავძვრებოდი, წიგნებს ვეძებდი. „მთავარი იყო, სიტყვა “computer’’ დამენახა და მასზე ნებისმიერ ინფორმაციას სიამოვნებით ვისრუტავდი“. ასე დაუკავშირა პროფესიული განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და პირველივე დღესვე აღმოაჩინა: „ან შენით, ან არაფერი!“

გიორგი რამიშვილი POPXSpotlight-ის სპიკერია. აუდიტორიასთან ურთიერთობა მოსწონს და აინტერესებს – „გავბედე და უამრავი ადამიანი ჩავრთე თამაშში…“

M: გიორგი, ჩვენი პირველივე კითხვა გამბედაობას ეხება… ეს “Gizgiza-ს“ უკავშირდება?
ჩემი ძველი მეგობარი ლაშა გოგუა გიჟური იდეებით დამადგა თავს. მობილური აპლიკაციები და თამაშები გავაკეთოთო.“GIZGIZA“ დავირქვით და ბევრი სიგიჟეც ჩავიდინეთ: აპლიკაციები, თამაშები, საიტები. საქართველოში ცოტა იყო ისეთი, ვინც მობილურ აპლიკაციებში ერკვეოდა. ამიტომ, უცებ ავენთეთ და მალევე, პირველი თამაშიც დავდეთ. დღესაც მახსოვს იმდროინდელი ემოციები. წარმოიდგინე, შენს მეგობართან ერთად გაკეთებული პროდუქტი მარკეტზე ეშვება, ამ დროს კი, 3 მილიარდი პოტენციური მომხმარებელი გელოდება. აქ ვისწავლეთ, რა ხილია მსოფლიო, გლობალური ტრაფიკი, რაც ჩემთვის დღემდე საინტერესოდ რჩება.

M: კონკრეტულად, რა პროდუქტები შექმენით?
ჩამოვთვლი ჩემს ფავორიტებს, რომლებიც გარკვეული სეგმენტისთვის ღირებულ საქმეს ემსახურებიან:

iROC Emoji – მულტიკულტურული ემოჯების აპი, რომელიც ჩვენს ამერიკელ ვარსკვლავებთან ერთად გავაკეთეთ;

Project 17 – მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური ფასდაკლების კუპონების ონლაინ პლატფორმა;

Borjikos Adventure – ტრივია თამაში.

M: თქვენს პროფესიულ გზასა და გამოცდილებაზე, უფრო დაწვრილებით, გვიამბეთ …
პირველი სამსახური ბანკი კონსტანტა იყო. ანგარიშების მომზადება მევალებოდა. მონაცემთა ძალიან ბევრ ბაზასთან მქონდა წვდომა. მათ ვამუშავებდი, ტრანსფორმაციასა და ნორმალიზაციას ვუკეთებდი, შემდეგ კი პრეზენტაბელურს ვხდიდი. აქ მივხვდი DATA-ს ფასს და მისი შესაძლებლობები გავიაზრე. დღემდე მჯერა, რომ DATA არის ციფრული ბიზნესის ამომავალი წერტილი.

შემდეგი სამსახური „ალტა-სოფთვეარი“ იყო. საბანკო ინდუსტრიას არ მოვშორებივარ, კარგად მესმოდა და რაც მთავარია, მაინტერესებდა. ბევრი რამ ვისწავლე ამ სამსახურში, განსაკუთრებით, გამოვყოფ, პლატფორმის არქიტექტურასა და ბიზნესთან ურთიერთობას.

დღეს, „ევროპაბეთის“ ვებგანვითარების სამსახურის უფროსი ვარ. ჩემი კომპეტენცია პლატფორმის არქიტექტურას, დაგეგმვას, განვითარებას, ხანგრძლივი ხედვის ჩამოყალიბებას, გუნდის მოტივირებასა და მათ განვითარებაზე ზრუნვას გულისხმობს, ტექნიკური სიახლეების ძიებასა და ბიზნესზე მორგებას.M: თქვენი აზრით, რა არის მთავარი რეცეპტი იმისთვის, რომ ტექნოლოგიების სფეროში წარმატებას მიაღწიო?
ჩვენს პროფესიაში, ცნობისმოყვარეობა მნიშვნელოვანი კომპონენტია და იმას განსაზღვრავს, რამდენად უღრმავდები ტექნიკურ დეტალებს. ალბათ, ზუსტად ეს საერთო თვისება მქონდა „გუგლის“ შემქმნელებთან: ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინთან, რაც მოტივაციას მაძლევდა, უფრო მეტჯერ „დამეგუგლა“.

M: სად ხვდებიან ერთმანეთს ადამიანები და ინოვაციური იდეები?
ინოვაციაზე ერთი საინტერესო პუბლიკაცია მახსენდება: „ …არაფერია ისეთი მარტივი ან მაგარი, რაც უკეთესი ვერ იქნება“ – მარტინ მარშალი, მარკეტინგის პროფესორი, ჰარვარდი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად იცნობ შენს პროდუქტს, ბრენდსა და მომხმარებელს. ყოველთვის არის რაღაც, რასაც აღმოაჩენ, გაიგებ და ისწავლი. სწავლასა და აღმოჩენებს კი, როგორც წესი, ინოვაცია ახლავს თან.

M: დაშვებულ შეცდომებზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
შეცდომების არ მჯერა! ან იმარჯვებ, ან სწავლობ. ორივე შემთხვევაში მოგებული ხარ. მთავარია, ისწავლო ის, თუ როგორ ისწავლო.

M: „სპოტლაითზე“ თქვენგან რას უნდა ველოდოთ?
ჩემი თემაა „ტოპ ინტერნეტ კომპანიები და გლობალური ტრაფიკი“. პირადი გამოცდილება მინდა, გაგიზიაროთ. გლობალურ ბაზარზე, რა ტექნიკური ნიუანსები დგას, გიჟური იდეების განხორციელების უკან.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა