2
Aug
2018

გიორგი შონიას მისტიფიკაცია და ხანგრძლივი ექსპერიმენტი ქართველ მკითხველზე – #თაობა

2 Aug 2018

„ამერიკელი პოეტი ჰანს პრომველი დაიბადა 1986 წლის 6 მარტს, ნიუ-იორკში“ – 2014 წლიდან 2016 წლამდე, ასე იწყებოდა „თანამედროვე ამერიკელ პოეტთან“ დაკავშირებული, ბიოგრაფიული სტატიები. სინამდვილეში კი, ჰანსი 2014 წელს, აგვისტოს მიწურულს, ზუგდიდში დაიბადა, როცა იმ დროისათვის, არაპოპულარულმა ლექსების ავტორმა – გიორგი შონიამ მოიწყინა. თავის შექცევა კი „არაპოპულარული ლექსების ავტორის“ წერით გადაწყვიტა. ჩვეული „იუველური სიზუსტით“ მიუდგა ტექსტის დამუშავებას, facebook-ზე დაპოსტა და მიაწერა – „თარგმანი: გიორგი შონია“. ასე გაჩნდა ჰანს პრომველი, გიორგის პოეტური მისტიფიკაცია, თუ ფსიქოლოგიური ალტერ ეგო და ასე გახდა ქართველი, უბრალო მკითხველი, თუ ლიტერატურის კრიტიკოსი გიორგის ორწელიწადნახევრიანი ექსპერიმენტის მონაწილე. ქართული სოციალური კონტექსტისა და ამერიკული ლიტერატურული ენის სინთეზით, ჰანსმა არაერთი ლექსი, ჰაიკუ დაწერა და „ამერიკელმა“ პოეტმა მოახერხა ის, რასაც ზუგდიდელი გიორგი შონია ამდენი წელი ვერ ახერხებდა.

ჰანსამდე, გიორგის ტექსტები სოციალური თემატიკის იყო:

ქალაქის აურა მებრძვის,
ქალაქის აურა მკლავს,
ქალაქის აურა ნეხვი
და ჩემი ბურჟუაზიული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი ხმა,
რომელიც იბრძვის ჩემი სხეულიდან
და რომელიც ისმის ჩემი სხეულიდან,
უნდა მოედოს ქალაქს,
რომელიც ლეთარგიულ ძილშია გახვეული“.

ჰანსის/გიორგის ხმა ქალაქსა და ქვეყანას მოედო. „არც ერთ ჩემს ლექსს ასეთი გამოხმაურება არ ჰქონია, ამავე პერიოდში, ვიყავი ლიტერატურულ პორტალ Artside.ge-ს მთავარი რედაქტორი და მქონდა შესაძლებლობა, ჩემი ლექსები აქტიურად მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ არ იყო პოპულარული. როცა დავიწყე ჰანს პრომველის დადება, ძალიან ბევრი მკითხველი გაუჩნდა და ითხოვდნენ მის ახალ თარგმანებს. ჩემს ლექსს რომ არაფრად აგდებდნენ, ისეთი ადამიანები ძალიან დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ ჰანსის. მე ამ ყველაფერზე ეშმაკურად მეცინებოდა. შემდეგ, უკვე მივხვდი, რომ სხვა „ლეველზე“ გადასვლის დრო მოვიდა და ჰანსს შევუქმენი ფეისბუკ გვერდი და იქ მწერდნენ ქართველი მკითხველები – „ჰანს ჩვენ ვართ თბილისიდან/საქართველოდან და გვიყვარხარ, ვგიჟდებით შენს ლექსებზე“. მეც ვპასუხობდი, როგორც ჰანსი. ინტერვიუც კი გამოვაქვეყნე, „ახალ საუნჯეში“, სადაც ჰანს პრომველი, როგორც უცხოელი ავტორი, უზიარებდა ქართველ მკითხველს თავის აზრს. გარდა ამისა, ტექსტებს ვთარგმნიდი ინგლისურად და სხვადასხვა, უცხოურ პორტალზე ვათავსებდი, რომ „დედანიც“ ენახათ და ეჭვი არ გასჩენოდათ. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ კარგად ვერ ვთარგმნიდი ჰანსს და ორიგინალში უმჯობესი იყო, მე ვიღიმოდი და ვპასუხობდი, რომ შესაძლოა, რადგან ინგლისური საკმარისად კარგად არ ვიცი. მათ არ იცოდნენ, რომ ქართულიდან ინგლისურად თარგმნას ვგულისხმობდი და არა პირიქით“.

სად წახვალ შენ
როცა გზები არსად მიდის
ალბათ იქ სადაც
იხვები მიფრინავენ ტბების გაყინვის შემდეგ.
სად შეიძლება მიდიოდეს
გზა იმისა
ვინც დაკარგა გზა
ვინც გზამ დაკარგა
ვინც თავად იქცა გზად
ვინც იქცა დიდ გამოცანად
საკუთარი თავისთვის
ვინც მიხვდა, რომ ამერიკული ოცნება
მარტივია,
როგორც ერთუცნობიანი განტოლება,
და X – ყველაფერი იმის კეთებაა
რაც სიამოვნებას განიჭებს
და მოსაბეზრებელ ყოველდღიურობაზე მაღლა
გაყენებს,
რადგან ხანდახან მაინც
ვიგრძნოთ
რომ ადამიანად ყოფნა ბედნიერებაა.
ჩვენ ერთმანეთში დაკარგულები
და ჩვენ სამყაროში დაკარგულები
და ჩვენ მანჰეტენზე დაკარგულები
ჩვენ ვინც ვეძებთ სიმშვიდის ნაპირებს
სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან
ჩვენ ვინც აუხდენელ ოცნებებზე ვწუხვართ
რადგან ვგრძნობთ, რომ ყოველთვის რაღაც გვაკლია
რადგან შეგუება რთულია
რადგან შეგუება შეუძლებელია.
სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან
ხელს არ გაგიშვებ.“

„დაახლოებით 6 თვეში გავხდი „პოპულარული ლექსების” ავტორი და დღე არ გავიდოდა, ფეისბუკზე შევსულიყავი და ვიღაცის გაზიარებული ჰანს პრომველი არ მენახა“.

M: რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰანს პრომველი გახდა ასეთი პოპულარული საქართველოში?
ის წერდა ამერიკაში, საქართველოს ყოველდღიურ პრობლემებზე, ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე. იმაზე, თუ რა იმედები და ტკივილები აქვთ. მათ იმედგაცრუებებზე საუბრობდა ჰანსი და ამიტომაც მიიღო ასე მარტივად, თუმცა, წერდა იქაური ენით. მისი ენა არ არის ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი. ეს არის ამერიკული ლიტერატურიდან წამოსული, უიტმენის, კერუაკის, ბიტ და პოსტ ბიტ თაობის პოეტების ენის გადათამაშება და ჩემეული გადააზრება. ეს იყო ერთგვარი მიქსი ამერიკული ლიტერატურისა და ქართული სოციალური გარემოსი, რომელმაც წარმოშვა ჰანს პრომველი.

ჰანსამდე, რა თქმა უნდა, იყო მისი შემქმნელი – გიორგი შონია, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლისა თუ სოციალური აქტივიზმის პარალელურად, განვლო თვითგანვითარების გზა:

წერა, როგორც ყველა ქართველმა ავტორმა, არ დავიწყე ბავშვობისას. ეს დაიწყო მეათე კლასში, მიზეზი კი საკმაოდ ბანალური იყო – პირველი სიყვარული. სიყვარულმა გამიარა და ლექსის წერის სურვილი დარჩა. როცა ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა ჩემი ნაწერი უარესდებოდა, მივხვდი, რომ უნდა მეკითხა. ლექსის წერიდან მივედი ლიტერატურამდე, წიგნის კითხვამდე, წიგნის სიყვარულამდე და თვითგანვითარებამდე. იმდენად ზღვარგადასულად დავიწყე კითხვა, დედაჩემს, რომელიც სკოლის პერიოდში მეუბნებოდა, იკითხეო (მაშინ არ მქონდა ამის სურვილი და ეს დაძალებით არ მიიღწევა), ახლა უკვე მკვეთრად საპირისპირო რეაქცია ჰქონდა .

იმ პერიოდში, როცა გიორგიმ მისტიფიკაცია გადაწყვიტა, ჰაინრიხ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვით“ და მისი პერსონაჟით – ჰანს შნირით იყო მოხიბლული. „რამდენიმე ასეთი პერსონაჟი მყავს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამე მივიღე, მათ შორის: იოჰან ნაგელი, სალ ფარადაისი, რასკოლნიკოვი და ა.შ. იმ პერიოდში, ჰანსით ვიყავი მოხიბლული და ასე უნდა რქმეოდა ჩემს მისტიფიკაციას. ის უნდა ყოფილიყო ნონკომფორმისტი, მეამბოხე, ოჯახთან დაპირისპირებული,, საზოგადოების ფსევდოღირებულებებთან დაპირისპირებული. გვარზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ, ამერიკული ჟღერადობით შევარჩიე.

ორწელიწადნახევრიანი მისტიფიკაციის განმავლობაში გიორგი ახლო მეგობრებს, ნელ-ნელა და სათითაოდ უმხელდა საიდუმლოს – „საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის მათი რეაქციების დაკვირვებაც“. ხოლო მაშინ, როცა ჰანსის მკითხველის ინტერესს ხელოვნური ბიოგრაფიითა თუ ინტერვიუებით ვერ აკმაყოფილებდა, გადაწყვიტა კრებული გამოეცა. კრებული „ორი“ ავტორით – „ფაბრიკაცია“, რომელიც 2017 წელს, დებიუტის ნომინაციაში, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ ლაურეატი გახდა.

წიგნის პრეზენტაციაზე, მეგობრების გარდა, ჯერ არავინ იცოდა, რომ მისტიფიკაციასთან და ფაბრიკაციასთან გვქონდა საქმე. საღამო ორ ნაწილად დავყავი, ჯერ ჩემი ლექსები წავიკითხე და სანამ ჰანსის ლექსების კითხვაზე გადავიდოდი, ვიდეორგოლი გავუშვი, სადაც ვაღიარებ, რომ ჰანსი ვარ. გაოგნებული აღტაცება, შემდეგ კი იმედგაცრუება გამოვიწვიე, რადგან გაირკვა, რომ ჰანსი ქართველი ავტორია. „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“, ეს ანდაზა რეალური გამოდგა, რამაც მე გული არ მატკინა, სიმართლე გითხრათ. ეს იყო საზოგადოების ღირებულებების დატესტვა“.

ლიტერატურული საქმიანობის გვერდით, გიორგი ზუგდიდში კულტურული პროცესების გაჯანსარებას ცდილობს. ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ორ მეგობარ ავტორთან – ნიკა ლაშხიასა და ტატო ჩანგელიასთან ერთად დააფუძნა.

„ვიცით, რომ კულტურული პროცესი თბილისს გარეთ ძალიან სუსტია. მთელი ეს წლები, როცა თბილისში ვცხოვრობდი, ზუგდიდიში დაბრუნებისას ვხედავდი, როგორი პასიური იყო ლიტერატურული და კულტურული პროცესი. ეს ფესტივალი აუცილებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის და მგონია, რომ ზუგდიდს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი ამ კუთხით. 10-11 ივნისს, როგორც ლიტერატურული, ასევე, მუსიკალური მიმართულებით გააქტიურდა ზუგდიდი. ცნობილ ავტორებთან საინტერესო დისკუსიებთან ერთად, გაიმართა მუსიკოსების კონცერტები. რა თქმა უნდა, გვინდა და ვმუშაობთ, რომ ეს ფესტივალი ყოველწლიური იყოს, თუმცა, მხარდამჭერების როლი მისი არსებობის საკითხში, დიდია“.

M: და ბოლოს, სად წავიდა ჰანსი?
ხშირად მინდება, რომ ვწერო ისე, როგორც მაშინ, ჰანსის ენით, ახლა აღარ გამომდის. თითქოს იმ ტალღამ ჩაიარა, ჰანსი გავიდა ჩემგან. თუმცა, რამდენიმე თვის წინ დავწერე ლექსი, სადაც ჰანსზე ვწერ ჰანსის ენით, რომელიც მომავალ კრებულში აუცილებლად შევა. დღემდე მგონია, რომ როდესაც მასზე ვსაუბრობ, სხვა ავტორზე ვსაუბრობ. მას სრულიად განსხვავებული ენა, სამყაროს აღქმა და შეხედულებები აქვს. ჩემგან წავიდა.. მინდა, რომ დაბრუნდეს და ველოდები.



განხილვა