ადამიანი, რომელთან ინტერვიუსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, ქართული მუსიკის ბოლო რამდენიმე ათწლეულის წარმომადგენელია. ის ამ სფეროშია 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც მრავალი ახალი ჟანრი ფორმირდებოდა საქართველოში, აქვს დიდი გამოცდილება და კარგად იცნობენ მუსიკალურ წრეებში როგორც ძველი თაობის, ისე ახალბედა მუსიკოსები. ჩვენი რესპონდენტია – გიორგი სპანდერაშვილი.
სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა როგორც სოლოპროექტებზე, ისე ბენდთან ერთადაც უკრავდა. მუსიკასაც თვითონ წერს, რომელიც წინასწარ არასოდეს იცის, რაზე იქნება – იდეები და შთაგონება კონკრეტული სიტუაციებიდან ან მომენტებიდან მოდის. ამჟამად ორი მუსიკალური პროექტითაა დაკავებული: „მთვარის დაბნელება” და „მინდა და ვთხრი”.
„მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკაში – ეს იყო დაწყებით კლასებში, ცოტა სტანდარტულად, როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე – მშობლებს უნდოდათ, რომ მესწავლა დაკვრა და შემიყვანეს კლასიკურ გიტარაზე, რომლის ორი კლასიც დავასრულე მხოლოდ და მერე თავი მივანებე. შესაბამისად, ახლა ვფიქრობ, რომ დაინტერესება მაშინ არ მოსულა ჩემთან, უფრო მოგვიანებით გამიჩნდა.
90-ინების მეორე ნახევარ იქნებოდა, როდესაც მამაჩემმა მომიტანა Nirvana-ს Unplugged, რომელმაც იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, ერთი-ორი სიმღერა მაინც მესწავლა ამ ალბომიდან.
გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და ნელ-ნელა უკვე საკუთარი სიმღერების წერაც დავიწყე. ეს იყო დაახლოებით 96-97 წლები.
M: გიორგი, მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ იმ პროექტებს, რომლებიც განგიხორციელებიათ მუსიკალურად, მოგვიყევით მათ შესახებ…
საკმაოდ გრძელი სია გამოვა, თუმცა ვეცდები, რამდენიმე გამოვარჩიო.
1998 წელი იქნებოდა, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა პირველი სერიოზული ბენდი გავაკეთეთ, მას ერქვა „სევდიანი ვნება”. იმ დროისთვის დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ჯგუფს „რეცეპტი და ლადო ბურდული” და ჩვენც რაღაც მაგ სტილში გავაკეთეთ.
2001 წელს გავაკეთეთ ბენდი „ვირჯინია” – ფსიქოდელიურ გრანჯს ვუკრავდით, დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში არსებობდა ეს ჯგუფი.
შემდგომ იყო „სპანდერა და კომპარტია”, საკმაოდ ექსპერიმენტული ჯგუფი. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბევრი რაღაც მეცადა, ბევრი ექსპერიმენტი მეკეთებინა მუსიკალურად, ასე რომ, ზუსტი ჟანრობრივი განსაზღვრება არ გამომივა. ამ ჯგუფმა ყველაზე დიდი ხანი გასტანა, დაახლოებით 6-7 წელი იარსება, ხან მარტო ვიყავი, ხან ვცდილობდი, რომ ლაივმუსიკოსებთან ერთად დამეკრა, ხან უბრალოდ მე და ჩემი ლეპტოპი ვიყავით…
M: გიორგი, როგორ აღწერდით თქვენს შემოქმედებით პროცესს…
შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია იმ მომენტებზე, როდესაც ვწერ. ინსპირაცია გამოწვეულია ხოლმე კონკრეტული ემოციით.
თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ „შეუფერებელ” ადგილებში მოდის ხოლმე იდეები. ეს შეიძლება იყოს სამსახური, სამარშუტო ტაქსი, ქუჩა თუ სხვა. ზოგჯერ ჯერ მისამღერი გამიელვებს თავში, ხან რაღაც მელოდია და მერე, როცა ინსტრუმენტთან ვხვდები, ვავრცობ.
M: მუსიკის კეთების დროს რა შეიძლება იყოს თქვენთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი ან კომფორტი?
ერთადერთი პირობაა, რომ აუცილებლად უნდა ვიყო მარტო, არავინ არ უნდა შემიშალოს ხელი ტელეფონზე დარეკვითაც კი.
M: რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი გზავნილი?
რადგან ამჟამად ორი ჯგუფი მაქვს, ორივეზე ცალ-ცალკე ვიტყვი: ერთი არის „მინდა და ვთხრი”, რომელსაც არ აქვს დიდი ფილოსოფია, ერთადერთი და მარტივი გზავნილი აქვს – „რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ეს არავისი საქმე არაა”.
რაც შეეხება „მთვარის დაბნელებას”, მისი იდეაა, რომ „ეძებე სილამაზე იქ, სადაც, ერთი შეხედვით, შეიძლება არ არსებობდეს”. ზოგჯერ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სადღაც არ არის სილამაზე, მაგრამ სინამდვილეში ის არსებობს. ამ ძიებაზეა ეს მუსიკაც.
M: გიორგი, თქვენ რამდენიმე თაობა გამოიარეთ მუსიკალურად: 90-იანები განსხვავებული დრო იყო, 2000-იანების დასაწყისიც და ახლაც სხვა დროა – გვესაუბრეთ, რა სხვაობას ხედავთ მათ შორის…
არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ ადრე ბევრად უფრო „გულწრფელი თუ ნამდვილი” მუსიკა კეთდებოდა. კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ, მაგრამ მგონია, რომ დღესდღეობით მიდგომა დაკვრისადმი შეიცვალა. შეიძლებოდა მაშინ ჯიბეში მხოლოდ 10 ლარი გდებოდა, მაგრამ მაგასაც მუსიკაში ჩადებდი, ახლა კი სხვა დამოკიდებულებაა – მუსიკა უფრო კომერციული გახდა, ასევე, მიდგომაც, რომ თუ ძალიან ძვირფასი გიტარა არ მიკავია ხელში, საერთოდ არ მინდა დაკვრა – ეს ადრე არ შემიმჩნევია.
მე კი დღემდე ვფიქრობ, რომ რაც მაქვს, იმით უნდა ვცადო კეთება. შეიძლება ნახევრად დამტვრეული აკუსტიკური გიტარა გქონდეს და არ ეშვებოდე ამ საქმეს. შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან, შესაძლებლობიდან გამომდინარე კი არა, სიტუაციიდან გამომდინარე იქმნებოდა მუსიკა, რომელიც ჩემთვის იყო უფრო ნამდვილი.
M: გიორგი, თქვენ თუ გყავთ ისეთი საყვარელი მუსიკოსი ან ბენდი, რომელსაც განსაკუთრებულად აფასებთ და თქვენს შემოქმედებასთან ახლოს არის?
კი, ასეთი ბევრია, არა მხოლოდ ერთი, თუმცა დავასახელებდი ლადო ბურდულს ბენდით „რეცეპტი”. არსებობს ასეთი სიმღერა „ისევ მუქდება მორიგი ღამე”, რომელიც პირველად რადიოში მოვისმინე და ვიფიქრე, რომ თურმე ქართულადაც შეიძლება გაკეთდეს სერიოზული მუსიკა სერიოზული ტექსტებით.
M: ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ორივე ჯგუფში ვმუშაობთ ალბომებზე და ორივეს შემთხვევაში ეს იქნება უკვე ამ ჯგუფების მეორე ალბომი. დროსთან ერთად, ცოტა უფრო რთული ხდება მუსიკაზე მუშობა იმ კუთხით, რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მუსიკა არ არის ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო, ამიტომ პროცესები ცოტა იწელება, თუმცა ახლო მომავალში ეს ალბომები იხილავს დღის შუქს. გარდა ამისა, სინგლებსაც ვაქვეყნებთ პერიოდულად.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
რადგან ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ბოლოსაც ამასაც დავტოვებ.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი