in

გადაცემა „დროება“, 26 აპრილიდან, „ფორმულაზე“ ბრუნდება

26 აპრილს, საკვირაო ტელეჟურნალი „დროება“ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ბრუნდება. გადაცემა ეთერში ყოველ კვირას, 20:00 საათზე გავა. როგორც მისი ავტორი და წამყვანი გიორგი თარგამაძე ამბობს, ფორმატის და თემების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გადაცემა, ყველა თაობისთვის საინტერესო იქნება.

„ქვეყანაში არსებული კარანტინის და დაძაბულობის ფონზე, ერთი კარგი ამბავი ნამდვილად გვაქვს – ჩვენ არ გადავდეთ „დროების“ ეთერში გასვლა და კვირას, 26 აპრილს, 20:00 საათზე, „ფორმულას“ ეთერში „დროებას“ პირველი გამოშვება გავა. თემების ამპლიტუდა არის ვრცელი. ვისაც ახსოვს ძველი „დროების“ მიერ მოცული თემები, მას უფრო ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს – ეს იქნება გადაცემა მთელი ოჯახისათვის, ოჯახის სხვადასხვა თაობისთვის. ვგულისხმობთ როგორც ფორმატს, ისე თემების მრავალფეროვნებას, სათქმელის მიტანის ენას და იმ ვიზუალურ და ესთეტიურ სპეციფიკას, რომელიც დროთა განმავლობაში გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება ტელემაყურებლისთვის. ვიცით, რომ ამ შედეგის მიღწევა 3 და 4 გამოშვების შემდეგ შეუძლებელი იქნება. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც „დროებაზე“ ვმუშაობთ, გამოცდილებაც გვაქვს და კარგადაც გვესმის, რომ სერიოზული მიზნების მიღწევა მხოლოდ სერიოზული ძალისხმევით და მოთმინებით შეიძლება. ასე რომ, თანამედროვე „დროება“ ამ თვალსაზრისით იქნება გაგრძელება იმ ჟანრობრივი სპეციფიკისა, რომელიც მან შემოიტანა ქართულ ტელესივრცეში, საკმაოდ დიდი ხნის წინ. ეს, ამავდროულად, არის გამოწვევაც, რომ ახალგაზრდა მაყურებელსაც გავუჩინოთ ინტერესი ამ გადაცემის ყურების“, – ამბობს გიორგი თარგამაძე. 

მისივე თქმით, „დროება პროდაქშენის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სხვადასხვა საკითხების დეტალური განხილვა და ანალიზი იქნება, რომ მაყურებელს დასკვნების თავად გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ნებისმიერ მოვლენას, საგანს, ფაქტს, პიროვნებას განსხვავებული თვალით შევხედოთ. ანუ მხოლოდ რომელიმე ცალკეული, თუნდაც, პოლიტიკური ეპიზოდის ჩვენების შეფასებით კი არ შემოვიფარგლოთ, არამედ ზედხედიდან დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, განვიხილოთ კონტექსტში, აღვიქვათ მთელი სურათი და ამ სურათის აღქმის შედეგად, ჩვენს მაყურებელს დავუტოვოთ საკუთარი დასკვნების გამოტანის საშუალება. ეს არის ის პოზიტიური ამბიცია, რომელიც დროების შემოქმედებითმა ჯგუფმა საკუთარ თავზე ავიღეთ – კონტექსტური აზროვნება, დამდგარი და მოსალოდნელი შედეგების არა წინასწარმეტყველება, არამედ დასაბუთებული ვერსიების ჩამოყალიბება და მიწოდება ტელემაყურებლისთვის. ჩვენთვის არ იარსებებს დახურული თემები. შევეჭიდებით დიდ თემებსაც, მაგრამ ისინი ისე უნდა „ავწიოთ“, რომ არ გავიწყვიტოთ არც ჩვენ და არც მაყურებელი დავძაბოთ, ან დავტვირთოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდებას, რომ არ შევქმნათ დამატებითი დაძაბულობა ისედაც უკიდურესად დასტრესილ და პოლარიზებულ საზოგადოებაში. პირიქით, ბევრ ნეგატიურ მხარესთან ერთად, საზოგადოებას არათუ უნდა დავანახოთ პერსპექტივა, არამედ ვაჩვენოთ ამის საფუძველი“.

გიორგი თარგამაძე ამბობს,რომ „დროებას“ ძირითადი ფოკუსი ყოველთვის იყო და იქნება კრიტიკული შეფასება.

„მათ შორის ელიტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს მთლიანად საზოგადოებრივ ინტერესთან, მაგრამ ეს კრიტიკული შეფასება მხოლოდ განწყობების და ემოციების დონეზე არ უნდა იყოს დაყვანილი. აუცილებელად უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფაქტების ერთობლიობა უნდა წარმოქმნიდეს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებრივ აზრად ყალიბდება და შემდგომში პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება“.

მაყურებელი გადაცემაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად, ახალ სახეებსაც იხილავს. როგორც გიორგი თარგამაძე ამბობს, „დროებას“ ჯგუფი საინტერესო ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომელთაგან ზოგიერთი სახელი და გვარი ქართული ჟურნალისტური საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან ცნობილი აღმოჩნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი დებიუტანტები არიან.

„შეიძლება გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება ჰქონდეთ, მაგრამ არა როგორც ჟურნალისტებს. ესეც საკმაოდ სარისკო, მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტია, რომელსაც სიამოვნებით შევეჭიდე და ვფიქრობ, ეს გაბედული ნაბიჯი შედეგის თვალსაზრისით კარგად დაგვირგვინდება“. 

კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები გადაცემასაც შეუქმნა, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანაში შესაბამისი აპარატურის ჩამოტანა ვერ ხერხდება. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ამ კუთხით სიტუაციის განმუხტვასთან ერთად, „დროება“ საზოგადოების მოლოდინებს, კიდევ უფრო ღირსეულად უპასუხებს.

„ჩვენი გეგმები განსხვავდებოდა იმისგან, რა ფორმითაც ამ კვირას გავა „დროება“ ეთერში – სტუდიის დიზაინის თუ სიუჟეტების თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ გვიწევს მუშაობა ექსტრემალურ ვითარებაში. გადაადგილებაც კი პრობლემაა და რესპოდენტებთან მიღწევისთვის, თითქმის, გადაულახავი ბარიერებია შექმნილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია. თავად „დროებასთვის“ შეძენილი აპარატურის მხოლოდ 10%-ია ჩამოსული. ამიტომ, ჯერჯერობით, ისეთი სტუდიიდან გავალთ, რომელსაც საბოლოოდ სულ სხვანაირი იქნება. სიუჟეტების მრავალფეროვნების და გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისითაც, მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვასთან ერთად, „დროებაც“ უფრო ფართოდ „გაშლის ფრთებს“ და კიდევ უფრო ღირსეულად უპასუხებს ქართული საზოგადოების მოლოდინებს“.

 

[R]

ქართული სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“ ქვეყნის მასშტაბით ასობით ოჯახს ეხმარება

ჩვენს სახლში ხანძარია! – გრეტა თუნბერგის ორგანიზაციის კამპანია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით