in

გიორგი თუშურაშვილი – #პირველისამსახური

მაინცდამაინც, კარგი სწავლით არასდროს გამოვირჩეოდი. კლასში, უკანა რიგებში ვიჯექი და მეგობრებთან ერთად ვხმაურობდი ხოლმე. გერმანიაში გავიზარდე და იქ დავდიოდი სკოლაში. რომ დავაზუსტოთ: ბიჭების გიმნაზია იყო, თანაც კათოლიკური. ყოველ დილას გერმანული “მამაო ჩვენოთი” ვიწყებდით. დღემდე არ მესმის, რას გვერჩოდნენ მშობლები მე და ჩემს ძმას.

თუ სწორად მახსოვს, მათემატიკის გაკვეთილი გქვონდა, მასწავლებლმა გამიძახა და ამოცანის ამოხსნა დამავალა. ამოცანა დაფაზე ეწერა. ვერ წავიკითხე რა ეწერა დაფაზე. სახლში რომ მივედი, მშობლებს ვაცნობე, მასწავლებელმა მითხრა, სათვალე გჭირდებაო. დიდი ამბავი ატყდა. ბავშვი ბრმა არის! არ ვიცი, რატომ – ნახევარ ოჯახს სათვალე უკეთია და იმის ალბათობა, რომ მე ან ჩემს ძმასაც დაგვჭირდებოდა, ძალიან მაღალი იყო…

წავედით ოპტიკურ მაღაზიაში, რომელსაც ერქვა Optik Düren და ჩამიტარეს ტესტი. აღმოჩდა, რომ მართლა ვერაფერს ვერ ვხედავ და სათვალე შევუკვეთეთ. ალბათ, დედ-მამამ იფიქრეს კიდევაც, იმიტომ არ სწავლობს კარგად, რომ ვერ ხედავსო (არადა, ცდებოდნენ). არასოდეს დამავიწყდება მომენტი, პირველად რომ გავიკეთე სათვალე. სახლის გზაზე, ალბათ ასჯერ გავჩერდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. ვიხსნიდი სათვალეს, ვიკეთებდი და გაკვირვებული ვიდექი. თურმე, როგორი ყოფილა სამყარო!

ხშირად გვიწევდა ოპტიკაში მისვლა, ხან შუშა მიტყდებოდა, ხან რაღაც ძვრებოდა სათვალეს და ერთ დღესაც, მაღაზიის მფლობელმა ბატონმა დიურენმა, მე და ჩემს ძმას სამსახური შემოგვთავაზა (იქაც ნაცნობობით ხდება ყველაფერი). 12 წლის ვიყავი. სამსახური საკმაოდ მარტივი იყო: მაღაზიის სარეკლამო ფლაერები უნდა ჩაგვეყარა საფოსტო ყუთებში. “კამპანიის” მიზანი იყო, ბონის იმ უბანში, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები ცხოვრობდნენ, გაგვეზარდა ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები. შეთავაზებაზე მარტივად დავთანხმდით, ხელფასზეც არ გვივაჭრია. მე და ჩემი ძმა ყოველ შაბათ-კვირას მივდიოდით ოპტიკაში, ვავსებდით ზურგჩანთას ყვითელი ფლაერებით და მიგვქონდა დასარიგებლად. სამწუხაროდ, მაღალშემოსავლიანი ოჯახები გერმანიაში კორპუსებში არ ცხოვრობენ და ბევრი სიარული გვიწევდა. გზაში განივხილავდით, ჩვენი ფულით სუპერ-ნინტენტოს რომელ თამაშს ვიყიდდით ან რომელი სახლი სჯობდა.

პირველმა სამსახურმა მასწავლა, რას ნიშნავს საკუთარი ფულის ქონა და ის თავისუფლება, რომელიც მას მოყვება.

გიორგი თუშურაშვილი – echolize-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი.

„ტერაბანკის“ სტუდენტური სესხი – საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის

Google ხანძარსაწინააღმდეგო დრონის გამოყენებას გეგმავს!