სიურრეალისტური გარემო, ბუნების, ექსტერიერისა და საგნების არაორდინარული სინთეზი, გამორჩეული ფერები — ამ ესთეტიკით შესრულებული, არტისტ გიორგი ტყებუჩავას ნამუშევრები ერთხელ მაინც თუ გინახავთ, მის ხელწერას მაშინვე ამოიცნობთ. კლდეები, კედლები, ავტომობილები — ბრუტალური გარემო ყვავილებთან და ბუნებასთანაა შერწყმული და ერთმანეთში გადადის.
სწორედ ეს სტილი აღმოჩნდა საინტერესო „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, რომლის ინიციატივითაც, გიორგი ტყებუჩავამ გამორჩეული სიურრეალისტური პრინტები შექმნა.
წელს პირველად კომპანია „ITF WOMEN’S WORLD TENNIS TOUR“-ის მხარდამჭერი გახდა. 27 ივნისიდან კი საქართველოში „უიმბლდონის“ტრანსლაციის გენერალური სპონსორია.
კომპანიაში გადაწყვიტეს, „პორშესა“ და ჩოგბურთის კავშირი კომუნიკაციაშიც გადაეტანათ — ასე შეიქმნა Porsche X Tennis პრინტები, ბრენდის საკულტო 911-ისა და Taycan-ის გამოსახულებით. გლობალური ბაზრისთვის ეს კონცეფცია სიახლე არ არის, საქართველოში კი ამ ესთეტიკის ნამუშევრები„პორშესთვის“ პირველად შეიქმნა.
„911 მართლაც ლეგენდარული მოდელია, მან შექმნა ბრენდის ისტორია, Taycan კი ახალი ისტორიის დასაწყისია. ის 2019 გამოჩნდა ბაზარზე და როგორც სრულად ელექტრომოდელმა საქართველოში, თუ მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
გიორგი ტყებუჩავას სიურრეალისტური სტილი, ვფიქრობთ, ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესოა. მუშაობის პროცესში კონკრეტული დავალებით არ შეგვიზღუდავს. გვინდოდა, პროცესში მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო“, — ამბობს თათო ხოსროშვილი „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი.
პროექტზე გიორგი ტყებუჩავამ დიმა კონჯარიასთან ერთად იმუშავა. ამბობს, რომ მთავარი იდეა ჩვეული, სიურრეალისტური ესთეტიკით გამოხატეს და ამ ნამუშევრების მთავარი ხიბლიც ზუსტად ეს არის — შეძლეს, ჩოგბურთის კორტები და ავტომობილები ისე დაეკავშირებინათ ერთმანეთთან, რომ მათი აბსტრაქტული შერწყმა თან ბუნებრივი და თან გამორჩეული ყოფილიყო.
„ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც „პორშესთან“ მუშაობ. თანაც, ის საკულტო მოდელი 911, რომლისთვისაც ეს კამპანია შეიქმნა, ჩემთვისაც ნამდვილად გამორჩეულია. ამიტომ, ვეცადე, შემენარჩუნებინა მისი ვიზუალი, თუმცა მომერგო განსხვავებული ფერი. კამპანიაში ინტეგრირებისთვის ჩოგბურთის ნარინჯისფერი კორტები შევარჩიე, რომელიც მეც ძალიან მომწონს. მთავარი დავალება სწორედ ეს იყო — პრინტებში უნდა გვეჩვენებინა „პორშეს“ მოდელებისა და ჩოგბურთის სინთეზი, ბრენდისა და სპორტის ამ სახეობის კავშირი“, — გიორგი ტყებუჩავა, არტისტი.
მუშაობა ასოციაციებით და იმპროვიზაციით დაიწყო, საბოლოოდ კი, როგორც თავად ამბობს, სასურველ შედეგს მიაღწია და „პორშეს“ ავტომობილების და ჩოგბურთის კორტების იდეალური, მაგრამ ამავე დროს, მანამდე წარმოუდგენელი შერწყმა შექმნა.
მუშაობისას ყოველთვის უსმენს მუსიკას. მისთვის ეს ინსპირაციის წყაროა. გამონაკლისი არც ეს პროექტი ყოფილა და არც „პორშეს“ გლობალური კამპანიებისთვის შექმნილი ნამუშევრები, რომლებზეც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.
თუ წინა შემთხვევებში „1970-იანი წლების მელოდიებში ეძებდა შთაგონებას, „პორშესა“ და ჩოგბურთის კორტების სინთეზს 1980-იანი წლების მელოდიების ფონზე ქმნიდა.
ამბობს, რომ თვითნასწავლი ვიზუალური არტისტია. დაახლოებით, 7 წელია, ამ სფეროშია. დღეს მისი მთავარი ინტერესია 3D. მუშაობს ანიმაციაზე, ფილმოგრაფიაზე, პრინტზე, ინტერიერის დიზაინზე. გიორგის პროექტები საერთაშორისო ბეჭდურ, თუ „ონლაინ“ გამოცემებში მუდმივად იბეჭდება.
„ადამიანი სულ ვითარდება, იცვლება, იცვლება მისი ხედვა, გემოვნება, მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა. ამას მუდმივი ძიება იწვევს, რაც განვითარების საშუალებასაც აძლევს. ასე ვარ მეც. ჩემთვის უდიდესი თავისუფლებაა, ვაკეთო, რაც ჩემთან, ჩემს ესთეტიკასთან არის ახლოს და თან – მისაღები იყოს კონკრეტული ბრენდის ან სხვა ადამიანებისთვის“, — გიორგი ტყებუჩავა.
ამბობს, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებისთვის საჭიროა მუშაობის სწავლა, სწავლა იმისა, თუ რა სტრატეგიით, როგორი მიდგომებით იმუშაოს და როგორ მიაღწიოს საბოლოო შედეგს.
„გარდა ამისა, მგონია, რომ არტისტი ძალიან თავდაჯერებული უნდა იყოს თავის ნამუშევრებსა და ხედვაში. ნებისმიერი ადამიანი, მუშაობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით და ამ გადაწყვეტილებების შესრულებისას იზრდება ყველაზე მეტად“.
[პარტნიორის კონტენტი]