სამსახურის ცნება თორმეტი წლისამ გავიგე. ნათლიაჩემსა და მის მეუღლეს ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატი“ და იქ დარაჯად დავიწყე მუშაობა. ცხადია, ჩემივე დაჟინებული თხოვნით. მახსოვს, ცივ და ბნელ ღამეებში არაერთხელ გადმოდიოდა ნათლიაჩემი მისი სახლიდან მანქანით და დამხედავდა ხოლმე, ხომ არ მეშინოდა. მეც, შიშით, სახეზე შეყინული ღიმილით ვხვდებოდი და მედგრად ვუმეორებდი, არ ენერვიულათ.

შიშის დამარცხება იმხანად შევძელი, გაგიკვირდებათ და – კომპიუტერი დამეხმარა. მაშინ ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ შავ-თეთრი MS dos და შემდეგ კი, ცისფერეკრანიანი Norton იყო. ინგლისური არ მესმოდა, ღამე კი უსაშველოდ იწელებოდა. ამიტომ HELP ღილაკით დავიწყე გამოთვლით მანქანებთან ურთიერთობა – კომპიუტერის შესწავლა. მამამ Mariam Webster-ის ლექსიკონი მაჩუქა, სადაც ინგლისური სიტყვები ინგლისურადვე იყო განმარტებული. ეს სტრატეგიული საკითხია, უცხო სიტყვასაც სწავლობ და მის განმარტებასაც ასევე უცხო ენაზე იაზრებ. მას მერე ყველას ვურჩევ ასე ისწავლოს ენა.
ხელფასი 30 ლარი მქონდა და 12 წლის ბიჭს, კლასში და უბანშიც, თანატოლებს შორის, ყველაზე მეტი შემოსავალი გამაჩნდა. მახსოვს, ჩემი პატარა ძმა მეკითხებოდა, როდის იყო ხელფასის დღე, რომ გემრიელი კერძი გვეყიდა სკოლაში. არასდროს დამავიწყდება, რა სიამაყით შევაბიჯე სკოლის სასადილოში ძმასთან ხელჩაკიდულმა პირველი ხელფასის დასახარჯად.
გიორგი ზვიადაძე – უზბეკეთის პრეზიდენტის პროექტების მართვის სააგენტოს მრჩეველი, შვეიცარიის “ანგელ ინვესტორების” (Startupangels Club) კლუბის დამფუძნებელი, Ts Holding-ის ვიცე პრეზიდენტი, www.globalport.me-ს დამფუძნებელი, “გლობალ სელის” დამფუძნებელი საქართველოში, ისრაელსა და ბალტიის ქვეყნებში.














