12
Oct
2018

გიორგი ზვიადაძე: „ვერ ვიტან უქმე დღეებს“

12 Oct 2018

გიორგი ზვიადაძის ცხოვრებაზე ფილმი რომ გადაეღოთ, ჟანრი, აუცილებლად, იქნებოდა მელოდრამა, კომპოზიტორი კი, გია ყანჩელი. ფილმი დაიწყებოდა შესავლით: „ალბათ, უფრო მეტად, წვეთს ჰგავს ჩემი ცხოვრება, ხანმოკლეა და რბილი, მაგრამ ქვასაც გახვრეტს, თუ დასჭირდა“, – გიორგი ზვიადაძე

0.5 ანაბარზე

პროფესია, ჯერჯერობით, 4 აქვს: ფილოლოგი, ბიზნესის ადმინისტრატორი, იურისტი, ინოვაციების მენეჯერი. რაც შეეხება საქმიანობას: უზბეკეთის პრეზიდენტის პროექტების მართვის სააგენტოს მრჩეველია, შვეიცარიის „ანგელ ინვესტორების“ (Startupangels Club) კლუბის დამფუძნებელი, Ts Holding-ის ვიცე პრეზიდენტი, www.globalport.me-სა და „გლობალ სელის“ დამფუძნებელი საქართველოში, ჩეხეთში, ისრაელსა და ბალტიის ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზემოჩამოთვლილი ინფორმაციის გამო დავინტერესდით მისით, ის გზა, რამაც დღემდე მოიყვანა, კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ცოტა სევდიანი, რომანტიკულიც, შეუპოვარი, თავგანწირული, თავდაჯერებული და რაც მთავარია, იმედიანი. 

M: გიორგი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვობიდან დაგამახსოვრდათ?
ძალიან ბევრი რამ. მამა სასულიერო პირია და ჩემი შეგნებული ბავშვობა ტაბაკინის მონასტერს უკავშირდება. დილის 6 საათზე ვიწყებდით ცისკრის მსახურებას, მე 30 წუთით ადრე ვდგებოდი და ზარებს ვრეკდი, მნათე ვიყავი, ვაღვიძებდი მონასტრის საძმოს. სამონასტრო ცხოვრებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩემი მსოფლხედვა – გუნდურობა, სწორი მიზნის დასახვა, ფხიზელი ძილი და სხვა არაერთი საჭირო უნარი იქ გამომიმუშავდა. ძალიან დამეხმარა ისიც, რომ შეგნებული მქონდა, მიზნის მისაღწევად არსებობს შრომის, წვალების გზა და ეს პატარა ასაკიდანვე გამომივლია.M: რას უკავშირდება შრომისა და წვალების პირველი გამოცდილება?
მე-6 კლასში ყარაულად, დარაჯად ვმუშაობდი. სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ მინდოდა, დარაჯი ვყოფილიყავი, უბრალოდ, მაშინ ყველას ძალიან გვიჭირდა. მამა თბილისში იყო ხოლმე, სწავლობდა და მუშაობდა, ჩვენ – ხაშურში და პატარა ასაკიდანვე მქონდა ვალდებულება აღებული, რომ სახლის საქმეები მომეგვარებინა. მიუხედავად ამისა, მამა მაინც ახერხებდა, რომ იმ პირობებში, როგორც გვიწევდა ცხოვრება, გვქონოდა საკვები, გვყოლოდა ველოსიპედი, შეგვძლებოდა, რომ წავსულიყავით დასასვენებლად. ვფიქრობ, ეს იყო გმირობა.

„მგონია, რომ ჩემს წარმატებაში, დიდი როლი თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრების ინსტინქტმა ითამაშა.

M: დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა ყველაფერი ჩავლილია, გიცდიათ, თუ არა წარსული ამბების რომანტიზება?
რომანტიზმი ფუფუნებაა, ფაქტი კი იყო ის, რომ შეყვარებული ვიყავი და არ მქონდა საშუალება, გოგო, რომელიც მიყვარდა, დამეპატიჟებინა კაფეში, ან გამეცილებინა სახლში. დავიწყე ჩინური მაღაზიის დისტრიბუციაში მუშაობა. ვამბობდი, რომ მეგობართან ვიყავი, თუმცა სიცივეში დავდიოდი და ვაბარებდი სათამაშოებს, მაგრამ ეს მაძლევდა დღეში 3 ლარსა და 60 თეთრს და მე ამ ფულით ჩემს შეყვარებულს ვუყიდე ტელეფონი, ოღონდ, ამას დასჭირდა 3 თვე. სამაგიეროდ, მე მასთან შემეძლო ყოველდღიური კომუნიკაცია.M: როდის დაიწყო გიორგი ზვიადაძის კარიერა?
21 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბანკის ელექტრონული ბიზნესის მიმართულების ფაქტობრივი ხელმძღვანელი გავხდი. ოჯახი მყავდა, არ მქონდა სტაბილური სამსახური და დახმარება ვიქტორ წილოსანს ვთხოვეთ. გასაუბრების შემდეგ, მომცეს გარკვეული დავალება, ორი კვირის მანძილზე მოვიარე ყველა დეპარტამენტი – მიმღებიდან დირექტორის მოადგილის პოზიციამდე. გავაკეთე სია, რას შევცვლიდი, მე რომ ვყოფილიყავი ბანკის ტოპ მენეჯერი. პრობლემები იყო ისეთივე პრიმიტიული, როგორც მაგალითად, გამართული კონდიციონერი, ბანკომატი და ა.შ. თუმცა, დეტალების გარეშე ხომ დიდი საქმეები ვერ კეთდება. ინტერნეტში ვეძებდი, ვიკვლევდი, ვარკვევდი. მთავარი უნარი, რაც ადამიანს სჭირდება, არის კითხვის სწორად ფორმულირება როგორც ადამიანებთან, ისე მანქანებთან. ასეთ შემთხვევაში პასუხს აუცილებლად მიიღებ. 24-ის ვიყავი, როცა ჩემი ბიზნესი დავიწყე. მას შემდეგ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, ძალიან ხშირად – რთულსაც, მაგრამ არცერთს არ ვნანობ.

M: ახლა უკვე აკეთებთ იმას, რაც გსიამოვნებთ, თუ თქვენი საქმიანობა ისევ იძულებითი, ჯერ კიდევ, რაღაც საინტერესოსკენ მიმავალი გზაა?
ვაკეთებდი კარგა ხანს იმას, რაც მსიამოვნებდა. ეს არის „გლობალსელი“ – ჩემი ცხოვრების, ჩემი გონების რეალიზების საუკეთესო ასპარეზი. თუმცა, ამანაც მობეზრება იცის. მერე, რაც საჭიროა, ის უნდა აკეთო ადამიანმა და არ აქვს მნიშვნელობა, გესიამოვნება, თუ არა. დღეს, რაც საჭიროა, იმას ვაკეთებ. დღეს, ჩემი არჩევანი ესაა. M: საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების დახარისხებაში რა გეხმარებათ?
სიყვარული. როდესაც ჩვენ შეყვარებულები ვართ, შეგვიძლია, ჩვენთვის საყვარელი ადამიანისთვის, თუნდაც, წვიმაში, თუნდაც, ქარში, თავქუდმოგლეჯილებმა ვირბინოთ. ადამიანში არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე სიყვარულის უნარია და თუ მას უყვარს: ღმერთი, სამშობლო, საქმე, ადამიანები, მაშინ შეძლებს პრიორიტეტების განსაზღვრას და იმის კეთებას, რაც აუცილებელია.

M: როგორ იპოვნეთ შეხების წერტილები ბიზნესსა და ფილოლოგიას შორის?
ფილოლოგობამ მასწავლა, რომ წინადადების, საღი აზრის შესაქმნელად, ადამიანმა ასო-ბგერები, სიტყვები მარტივად, ლოგიკურად უნდა დაალაგო, არ გაიმეორო ერთი და იგივე და დასვა სასვენი ნიშნები – ბიზნესის ფილოსოფიაა ეს ყველაფერი. უნდა იცოდე, რა გაქვს ხელთ, რა შესაძლებლობებია შენს წინაშე. არ უნდა ეკეკლუცო შენს აუდიტორიას და თავის ენაზე მიაწოდო პროდუქტი.

M: თქვენი სოციალური როლების გათვალისწინებით, როდის ხართ კომფორტის ზონაში?
ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, კომფორტის ზონა არის საკუთარ თავთან დარჩენა, ფიქრი, განსჯა. საკუთარ თავთან დიალოგი, ხშირად კამათი. ვერ მოატყუებ საკუთარ თავს. შეიძლება, სხვამ ვერ შეამჩნიოს და გამოეპაროს რაღაც, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ;

მე, როგორც მოხელე, კომფორტის ზონიდან გამოვდიოდი მაშინ, როცა მქონდა ყოვლად გაუგებარი კონფლიქტები ვერტიკალში.მე, როგორც ბიზნესმენი, კომფორტის  ზონაში ვარ, როცა საქმეს ვაკეთებ. და ვერ ვიტან შაბათ-კვირას იმის გამო, რომ უამრავი რაღაც არის გასაკეთებელი და ამ დროს, იძულებული ვარ, გადავდო ორშაბათისთვის.

მე, როგორც მამა, რა თქმა უნდა, კომფორტის ზონაში ვარ იმ წუთებში, სანამ წავალ სამსახურში სახლიდან.

ზოგადად, ვფიქრობ, ადამიანი არ უნდა ესწრაფვოდეს ამ ცხოვრებაში კომფორტების შექმნას. უნდა ირბინო. არ უნდა ისეირნო. ხშირად ვაკვირდები, ჩემს პატარა შვილს რომ ვეუბნები, გიო, თუ შეიძლება, რაღაც მომიტანე – ის მირბის. მიუხედავად იმისა, რომ აჩქარების არანარი მოტივაცია არ აქვს, უნდა, დროზე შეასრულოს თხოვნა.

მინდა, ბავშვივით უანგაროდ დავრბოდე, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს საქმეებს, შედეგზე ორიენტირებულ, სწორ ნაბიჯებს ვემსახურებოდე. მინდა, შევქმნა ისეთი პროდუქტი, ან სერვისი, რომლის ღირებულებაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ფასი. როგორ გავჩერდე, აბა?!

M: დამღლელი ხომ არ არის სულ „აბა, ახლა რა იქნება შემდეგი?“
პირიქით, ჩემს ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის შესაძლებლობების რეალიზება, ასპარეზის ზრდა. მაგალითად, ამ ეტაპზე, სტარტაპის დახმარება ჩემი ყველაზე სანუკვარი საქმეა, დაბნეული რომაა ჩვილივით და სწორ გზაზე დააყენებ, ხელს და გზას მოუმართავ, სიმართლეს ეტყვი და დაგიჯერებს, ესაა სიკეთე და მისი მყისიერი სარგებლიანობაც. მომავალში მინდა, საკანონმდებლო საქმიანობა ვაწარმოო. ჩემთვის საინტერესოა, როდესაც გარკვეული გამოცდილების შემდეგ, შეგიძლია, ამ წესებისა და კანონების ჩარჩოს შექმნაში მონაწილეობა მიიღო. 40-45 წლის ასაკში, მინდა, რომ ჩემს შვილებთან გავატარო, რაც შეიძლება ბევრი დრო. ვფიქრობ, იმ დროს, ისეთ ასაკში იქნებიან, ჩემი ცოდნის გაზიარება რომ ყველაზე მეტად დასჭირდებათ.M: მამობამ შეგცვალათ, როგორც ადამიანი, როგორც პროფესიონალი?
თუკი დილას, სახლიდან გასვლამდე შევძელი და რამდენიმე წუთი მაინც გულიანად ვეთამაშე ბავშვებს, მერე მგონია, მთასაც გადავდგამ შრომით. მე თავისუფლება მასწავლა მამაჩემმა და მინდა, ეს კარგი მაგალითები, რაც მიმიღია, წინ დახვდეთ ჩემს შვილებს.

M: რას/ვის შეუძლია თქვენი აღფრთოვანება?
ჭკვიან ადმიანებს – მათი აპოლოგეტი ვარ. მე მჯერა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი სწორი რელიგია, მე მჯერა, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად, რაც  გონებისა და აზროვნების ნიჭს გულისხმობს. შესაბამისად, ყველაზე ფასეულიც ადამიანში ეს უნარია. მაღალი ინტელექტის ადამიანები არ არიან მატყუარები, მაღალი ინტელექტის ადამიანები არ არიან დამნაშავეები, უმეტეს შემთხვევაში.

M: რა სახელს დაარქმევდით ავტობიოგრაფიას?
ძალიან საინტერესოა, ალბათ, უფრო მეტად, წვეთს ჰგავს ჩემი ცხოვრება, ხანმოკლეა და რბილი, მაგრამ ქვასაც გახვრეტს, თუ დასჭირდა.

განხილვა