პასპორტის ანტისაოკუპაციო ჩასადები, Giovanni Morra-მ, უკრაინისთვისაც დაამზადა. ქართულის მსგავსად, აქსესუარი, შავ და წითელ ფერებშია, წარწერა კი ოკუპირებული ტერიტორიის შესაბამისი აქვს: „7% of my country is occupied by Russia“.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და უკრაინა ერთნაირი პრობლემის წინაშე დგანან და მათი ტერიტორიების ნაწილი ერთი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული, გადავწყვიტეთ, უკრაინისთვისაც შეგვეთავაზებინა ალტერნატიული მედიის გზა, რომ მათაც, ჩვენ მსგავსად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აცნობონ ოკუპაციის შესახებ. “Giovanni Morra”-ს საპასპორტეს, საქართველოს შემთხვევაში, ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა: ბევრმა ორგანიზაციამ გააგრძელა ანტისაოკუპაციო კამპანია, ბევრმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი ჩვენი საპასპორტეთი. შედეგად, ამ თემის მიმართ, გაიზარდა ცნობადობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ. რახან ეს კამპანია ასეთი წარმატებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, უკრაინისთვისაც შეგვექმნა საპასპორტე, ოღონდ შესაბამისი წარწერით [უკრაინის ტერიტორიის 7%-ია ოკუპირებული], რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ მსოფლიოს, რუსეთის მიერ მათი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“, – ამბობს “Giovanni Morra”-ს თანადამფუძნებელი ნათია სვანიძე.
სპეციალურად უკრაინისთვის შექმნილი საპასპორტე უკვე იყიდება. აქსესუარი “Giovanni Morra”-ს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ნათია სვანიძის თქმით, რამდენიმე უკვე გაიყიდა – ის უკრაინის მოქალაქეებმა შეიძინეს.
“Giovanni Morra”-ს თანადამფუძნებელი პავლე გაბრიჭიძე კი თვლის, რომ ანტისაოკუპაციო საპასპორტეებს, უკრაინაში, დადებითი გამოხმაურება მოჰყვება:
„ჩვენსა და უკრაინას შორის გადაკვეთის, მინიმუმ, ორი მნიშვნელოვანი წერტილია – ორივე ქვეყანას ერთი და იგივე პრობლემა გვაერთიანებს და უკრაინელებიც, ქართველების მსგავსად, თავისუფლების მოყვარული ხალხია. ჩვენსავით, მათაც აქვთ სურვილი, დაუპირისპირდნენ ოკუპაციას, გამოხატონ პროტესტი და ქვეყნის მთავარი სათქმელი მის საზღვრებს გარეთ გაიტანონ. ოკუპაციასთან დაპირისპირების ყველაზე სწორი, ეფექტური და რაციონალური საშუალება, რაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა შეიძლება მოვიმოქმედოთ, მასზე ინფორმაციის გავრცელებაა. ამის შესაძლებლობას კი აღნიშნული საპასპორტე ნამდვილად იძლევა. ამ მიზეზების გათვალისწინებით, მგონია, პროდუქტს უკრაინაში კარგი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს“.
“Giovanni Morra”-მ ანტისაოკუპაციო საპასპორტე საქართველოსთვის 2018 წელს შექმნა. როგორც საქართველოს, ისე უკრაინისთვის დამზადებული აქსესუარის დიზაინი გიორგი პოპიაშვილს ეკუთნის.