6
Feb
2018

როგორ გახდა იტალიელი მოგზაური ქართული ბრენდის სახე! Giovanni Morra – აქსესუარები მამაკაცებისთვის

6 Feb 2018

Startauperi
Startauperi


„მე მინდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მინახავს და რასაც ამიერიდან აღმოვაჩენ, თქვენ გაგიზიაროთ. მხოლოდ ასე შევძლებ, გამუდმებით აღმოვაჩინო სამყარო თავიდან“, – ჯოვანი მორა.

იტალიელი მოგზაური რიომაჯორედან, კონკრეტული პროფესიით ან საქმიანობით არ არის დაკავებული, ის აკეთებს იმას, რაც უყვარს და თავის ყოველდღიურ გამოცდილებას ფერებსა და მატერიებში თარგმნის. დაახლოებით, 1 წელია, საქართველოში ჩამოვიდა ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად. ადგილობრივებთან კომუნიკაციას, ჯერჯერობით, ტემპერამენტიან, მომნუსხველ იტალიურ ბარიტონთან შერწყმული ინგლისურით, აქა-იქ ქართულადაც ამყარებს.


Storytelling, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის ავტორებმა, მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა – თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ აზრსა თუ შეხედულებას, მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა სტარტაპი? როგორია ბრენდის ფილოსოფია? და რა ნიშის დაკავებას აპირებს Giovanni Morra? – მარკეტერს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნათია სვანიძე ესაუბრა:M: ვინ და რა გამოცდილების მქონე ადამიანები არიან Giovanni Morra-ს მიღმა და რა გახდა იდეის პროდუქტად ქცევის ინსპირაცია?
Giovanni Morra-ს მიღმა 4 საერთო სულისკვეთების ადამიანი დგას: მარიამ ლაპიაშვილი, თინათინ ლომაია, პავლე გაბრიჭიძე და ნათია სვანიძე. ოთხივეს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ESM გვაერთიანებს. ბრენდის შექმნის ინსპირაციის წყარო საქმის ერთად კეთების სურვილი და შემოქმედებითი თავისუფლება იყო. არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად, თუმცა სულ გვქონდა დაუოკებელი სწრაფვა – ერთად შეგვექმნა რაიმე ისეთი მასშტაბური, რითაც სხვებისთვის ჩვენი ფილოსოფიის გაზიარებას შევძლებდით. ამასთან, მამაკაცისთვის არასტანდარტული საჩუქრის შერჩევის პრობლემა ყველა ჩვენგანს ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ისეთი პროდუქტები შეგვექმნა, რომელსაც პირველ რიგში, ჩვენ თავად დიდი სიამოვნებით ვაჩუქებდით ჩვენს მეგობრებს.

M: როგორი იყო ბრენდინგზე მუშაობის პროცესი? რა კონცეფცია აქვს „ჯოვანი მორას“?
Giovanni Morra – იტალიური ჟღერადობის სახელი შევარჩიეთ ხასიათისა და ტემპერამენტის მსგავსებიდან გამომდინარე, ასევე, იტალია უმრავლესობისთვის, ასოცირდება მოდასა და ხარისხთან, რაც ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ჯოვანი მორასთვის მთავარი ღირებულება თავისუფლება, უფრო კონკრეტულად კი, გამოხატვის თავისუფლებაა. ჯოვანის სჯერა, რომ ყველა ადამიანში ჟღერს მუსიკა, რომელიც ყველაზე ნამდვილი, ბუნებრივი და უნიკალურია და რომლის გაზიარებაც სამყაროს ქმნის უკეთესს.

სწორედ ეს ფილოსოფიაა ჩაქსოვილი მის სლოგანში – Spread Your Inner Sounds! სურვილი გვქონდა, მარტივად გვეჩვენებინა ბრენდის ხასიათი, ამიტომაც არჩევანი პერსონიფიცირებაზე გავაკეთეთ. ის ესთეტიკა, ფერები და შინაარსი, რისი მატარებელიც მისი თითოეული პროდუქტია, მომხმარებლისთვის დამატებითი საშუალებაა, რომ გამოხატოს საკუთარი უნიკალური მე.

M: როგორ პოზიციონირებს ბრენდი ბაზარზე?
ბრენდი არის უშუალო, ბუნების, ფერებისა და ცხოვრების სიყვარულით სავსე, ცოტა მეამბოხეც. Giovanni ყოველთვის ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს საქართველოში მიმდინარე ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან ჰომოფობია, მისი ღირებულება ხომ გამოხატვის თავისუფლებაა. ამასთან, ბრენდში ჩაქსოვილია ესთეტიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც არა მხოლოდ პროდუქტში, არამედ საკომუნიკაციო პოსტერებშიც იგრძნობა.

M: ვინ ქმნის Giovanni Morra-ს პროდუქტს და სად ხდება მისი რეალიზება?
Giovanni Morra-ს პროდუქცია სრულად საქართველოში იწარმოება. ხელნაკეთ აქსეუარებს ჩვენი გუნდელი მკერავები უმაღლესი ხარისხის ამერიკული, იაპონური და იტალიური მატერიებით ქმნიან, ხოლო დიზაინებზე, ჩვენ თავად ვმუშაობთ. Giovanni Morra-ს პროდუქციის შეძენა შეიძლება როგორც ონლაინ მაღაზიაში – www.giovannimorra.com, ასევე გალერეა თბილისის პირველ სართულზე, Giovanni-ს სტენდზე.

M: რას ემსახურება კამპანია „კარის მანიფესტი“, რა არის ამ პროექტის მიზანი?
კარი პიროვნების მანიფესტია. ის ინდივიდის სამყაროს პირველი შეხების წერტილია და მასში შებიჯება ყველაზე საინტერესო პროცესია. ჯოვანიმ აღმოაჩინა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ყველა კარი ერთმანეთს ჰგავს და არასდროს ჰყვება ინდივიდუალურ ამბებს, ისტორიებს. ერთ დღესაც გადაწყვიტა, მისი მეგობრების კარები მათი შინაგანი და უნიკალური ხმების მიხედვით მოეხატა და თითოეულის უნიკალური ისტორია კარზე აღებეჭდა. ამით ჯოვანიმ კიდევ ერთხელ მისცა ინსპირაცია სხვებს, რომ გაავცრელონ თავიანთი ჭეშმარიტი შინაგანი ხმები. პროექტზე იმუშავა არტისმა Gamez, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

M: ბრენდის განვითარების რა ხედვები და პერსპექტივები გაქვთ?
ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ Giovanni Morra მსოფლიო ბრენდად ვაქციოთ, ამიტომ უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია გაიყიდება რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში. ასევე, მალე დავამატებთ არაერთ ახალ პროდუქტს და მამაკაცისთვის საინტერესო აქსესუარებისა და საჩუქრების ნიშას კიდევ უფრო შევავსებთ.

განხილვა