in

მოასწარი, თორემ დაგასწრებენ! – Giovanni Morra-ს #შეცდომები

„ბრენდის ფილოსოფიას ვერ ვღალატობდით. ამიტომ, მომხმარებლის აღქმის ცვლილებას ჯიუტად ველოდებოდით და მიდგომას არ ვცვლიდით“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, აქსესუარებისა და საჩქრების ბრენდ Giovanni Morra-ს თანადამფუძნებელი, პავლე გაბრიჭიძე გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

სტარტაპის შექმნა და განვითარება მუდმივი ექსპერიმენტია. ექსპერიმენტი კი, შეუძლებელია, ყოველთვის ამართლებდეს. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე, ყველა ვცდებით, თუმცა, სწორედ ამ გზით ვვითარდებით და ვაღწევთ წარმატებას.

ისევე, როგორც სხვა სტარტაპები, ჯოვანი მორაც, შეცდომების დაშვების, გააზრებისა და გამოსწორების ხარჯზე განვითარდა.

არაერთი შეცდომიდან იმ 2 მთავარს გამოვყოფ, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება სხვა ახალბედა სტარტაპერებისთვის საგულისხმო აღმოჩნდეს.

პირველ ეტაპზე ვიცოდით, რომ ბაზარზე მამაკაცებისთვის განკუთვნილი აქსესუარებისა და საჩუქრების მცირე არჩევანი იყო. ამავდროულად, ისიც ვიცოდით, რომ საქართველოში მამაკაცები ფერადი აქსესუარების გამოყენებას თავს არიდებენ. ჯოვანი მორას, როგორც ბრენდის ძირითადი სახასიათო შტრიხი სტატუს-კვოს, არსებული აღქმების ცვლილებაა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ბაზარზე არსებული სიცარიელე შეგვევსო, თუმცა, ისე, რომ ამავდროულად, მოცემულობა შეგვეცვალა და მამაკაცებისთვის ფერადი აქსესუარების მორგების სურვილი გაგვეჩინა.

პირველი შეცდომა კომპანიის პროდუქციის მხოლოდ მამაკაცის აქსესუარებით შემოფარგვლა და მხოლოდ ნიშური დიზაინის ნივთების შექმნა იყო.

განსხვავებული დიზაინით მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღება მარტივად მივიქციეთ, თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტის ყიდვის მსურველი სეგმენტი მცირე იყო.

მეორე მხრივ, ვიცოდით, რომ აქსესუარებს, ხშირად, საჩუქრად ყიდულობენ, თუმცა, ის არ გაგვითვალისწინებია, რომ ადამიანები ცდილობენ, ადრესატს ნეიტრალური დიზაინის ნივთი შეურჩიონ და ძალიან განსხვავებული, „პრეტენზიული“ პროდუქტის ჩუქებას თავს არიდებენ. მომხმარებლების უდიდესი ნაწილი გვეკითხებოდა, გვქონდა, თუ არა სადა, ერთი ფერის აქსესუარები. არაერთხელ მოგვისმენია გულდაწყვეტით ნათქვამი ფრაზა: „მე ძალიან მომწონს, მაგრამ ადრესატი არ გაიკეთებს“.

ბრენდის ფილოსოფიას ვერ ვღალატობდით. ამიტომ, მომხმარებლის აღქმის ცვლილებას ჯიუტად ველოდებოდით და მიდგომას არ ვცვლიდით.

ამის პარალელურად, ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი პროდუქციის მყიდველები, დიზაინიდან გამომდინარე, უმეტესად, ქალები იყვნენ. გავაცნობიერეთ, რომ პოტენციურ შემოსავალს ვკარგავდით. სწორედ აქ მივხვდით, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბრენდის ფილოსოფიიდან გადახვევა სულაც არ გვჭირდებოდა. მხოლოდ ბიზნესის მიდგომის მცირედი ცვლილება იყო საჭირო. განსხვავებულ დიზაინზე უარი არ გვითქვამს, რადგან სწორედ ეს გამოგვარჩევდა ყველასგან. პრობლემა სხვადასხვა კუთხიდან შევაფასეთ და მისი მოგვარების მარტივ გადაწყვეტაზე — პროდუქტის დივერსიფიკაციაზე შევჯერდით.

ასე დავამატეთ ქალის აქსესუარები და შედარებით მინიმალისტური დიზაინის პროდუქციაც. მომხმარებლის უკუკავშირს თავიდანვე უფრო მეტად რომ დავკვირვებოდით და შესაბამისად, უფრო მოქნილად გვემოქმედა, ნაკლებ ფინანსურ პრობლემას გადავაწყდებოდით და დროსაც მოვიგებდით.

ესეც ამ შეცდომაზე ნასწავლი სტარტაპ წესიყოველდღე მოუსმინე მომხმარებელს და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმოქმედე მოქნილად.

როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს, საქმიანობის თითოეული დეტალი განსაკუთრებით ძვირფასია. ჩვენც, თითოეულ საკითხს ძალიან სიღრმისეულად განვიხილავდით, ყველა ნაბიჯის გადადგმამდე, ზედმეტად ბევრს ვფიქრობდით და მყისიერ გადაწყვეტილებებს ნაკლებად ვიღებდით. სწორედ აქ დავუშვით მეორე შეცდომა — იდეები მუდმივად გვქონდა, მაგრამ სანამ განვახორციელებდით, სხვადასხვა კომპანია ჩვენ მიერ ჩაფიქრებული პროდუქტებისა თუ პროექტების შექმნას გვასწრებდა.

რა თქმა უნდა, წინასწარ განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ზედმეტად ბევრი აწონ-დაწონვით, რეალურ ქმედებებზე გადასვლა არ უნდა დაგვიგვიანდეს, რადგან სტარტაპერობა მუდმივი ტესტირების პროცესია და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

ამიტომ, რაც შეიძლება მალე განახორციელე პროდუქტის ან პროექტის იდეა, რომლისაც გჯერა. მოასწარი, თორემ დაგასწრებენ

სიყვარულს ვერაფერი დააკლებს? – Alta-ს პერსონაჟები, როგორც ყოველთვის, კამათობენ

ასტრონომებმა პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს