11
იან
2018

გიორგი პოპიაშვილი: სტუდენტს უნდა განუვითარო უნარი, შეძლოს საკუთარი იდეების გენერირება!

11 იან 2018

„სტერეოტიპია, თითქოს, კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლები ღვთით ბოძებული ნიჭის პატრონები არიან. ნიჭისა და გარკვეული მონაცემების აუცილებლობა ჩვენს პროფესიაშიც ზუსტად ისეთივეა, როგორც მედიცინაში, მაგრამ, როგორც ექიმი ვერ გახდება მხოლოდ ამ უნარებით და ნიჭით პროფესიონალი, ასეა აქაც. ზუსტად ერთნაირად გავდივართ სწავლისა და განვითარების ეტაპებს. მხოლოდ გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ პროფესიონალები. სტუდენტებს სულ ამას ვუმეორებ“ – ამბობს გიორგი პოპიაშვილი, GIPA-ს მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი და მრჩეველი პროგრამის განვითარებაში.

BOG PLUS

პროგრამის  მეოთხე კურსის სტუდენტები ლიზა რატიშვილი და გიორგი მაღრაძე რეკლამირებას გაცვლითი პროგრამით ახლა Artesis Plantijn Hogeschool Antwerpen-ში სწავლობენ. მათი თქმით, GIPA-ში აქცენტი, ძირითადად, პრაქტიკულ მეცადინეობაზე კეთდება, შესაბამისად, უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება, რაც მომავალში, მათი აზრით, რეალური პროექტების განხორციელებას გაუმარტივებს.

გიორგი მაღრაძე

გიორგი მაღრაძე: ამ სფეროში სხვანაირად განვითარება წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ასე სწრაფად იცვლება ტენდენციები. GIPA-ში მუდმივად გვეკითხებიან აზრს სწავლის პროცესთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ლექტორები, ძირითადად, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები არიან. ანტვერპენში ჩამოსვლამდე არ ვიცოდი, როგორი მოლოდინი მქონოდა, არ ვიცოდი რამდენად განსხვავებული იქნებოდა აქაური სწავლის დონე საქართველოსგან. თუმცა, პირველივე კვირაში მივხვდი, რომ მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება.

ლიზა რატიშვილი

ლიზა რატიშვილი: სანამ ანტვერპენში ჩამოვიდოდი, მეშინოდა, რომ აქ სწავლა უფრო რთული იქნებოდა, ევროპელი სტუდენტები განათლებით ჩვენზე წინ იქნებოდნენ და უფრო მეტი ეცოდინებოდათ. განსხვავება უფრო განათლების სისტემასა და სტრუქტურაშია. მაგალითად, ჩვენ 4 წელი ვსწავლობთ, ევროპაში ბაკალავრიატი 3 წელია. GIPA-ში პირდაპირ გვაძლევენ საგნებს, რაც წლის განმავლობაში უნდა ვისწავლოთ. აქ სტუდენტებს აქვთ ჩამონათვალი, საიდანაც, 3 წლის მანძილზე, შეუძლიათ აირჩიონ, როდის რას ისწავლიან. რაც შეეხება თვითონ განათლების დონეს, ვერ ვიტყვი, რომ დიდად განსხვავდება. არასდროს მიგრძნია, რომ აქ ჩვენზე მეტი იციან. ჯგუფებში მუშაობისას ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რაღაც საკითხზე ჩვენ უფრო ბევრი ვიცოდით და მეტი გამოცდილება გვქონდა, ვიდრე მათ. საბოლოოდ, ერთმანეთისგანაც ბევრს ვსწავლობთ და კარგად ვავსებთ ერთმანეთს.

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი გიორგი პოპიაშვილი ამბობს, რომ მთელს მსოფლიოში ძველი, გამოცდილი სწავლების პროგრამა ან უნივერსიტეტი, როგორიც შეიძლება მედიცინაში არსებობდეს, კომუნიკაციის სფეროში არ არის. მისი თქმით, უბრალოდ, არსებობს ადგილები, სადაც, გარკვეულ ცოდნას, ძირითადად, პრაქტიკიდან გამომდინარე აძლევენ:

„ამას თავისი მიზეზი აქვს, ჩვენს პროფესიას არ აქვს დიდი ხნის ისტორია. გარდა ამისა, კომუნიკაციის სფერო ძალიან დინამიურია, სწრაფად იცვლება და ტრანსფორმირდება. შესაძლოა, დღეს ერთი კონკრეტული რამ ასწავლო, მაგრამ ხვალ, იმავე კურსის ფარგლებში, აბსოლუტურად განსხვავებული ლექცია წაიკითხო, იმიტომ, რომ წინა თეორია აქტუალური აღარ იყოს და მისი ადგილი ახალმა ტენდენციამ დაიკავოს. აუდიო – ვიზუალური და მედია ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, ვცდილობთ, აქცენტი გავაკეთოთ პრაქტიკაზე. სტუდენტებს ის საგნები და პროგრამები შევთავაზოთ, რაც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარება. მაგალითად, დღეს თუ არტ დირექტორები ტიპოგრაფიას, ფოტოგრაფიას, დიზაინს სწავლობენ, დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში ამ პროფესიის ადამიანი შეითავსებს დეველომპენტს, „ინჯინერინგს“ და ა.შ. ასეთი დინამიკის გამო, ჩვენც ვცდილობთ, ვასწავლოთ აქტუალური და მათ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული საგნები და თუ რაიმე ახალი დისციპლინა გამოჩნდა, ისიც აუცილებლად დავამატოთ პროგრამას“.

გიორგი პოპიაშვილი: კომუნიკაციის სფერო ძალიან დინამიურია, სწრაფად იცვლება და ტრანსფორმირდება.

M: ძირითად აქცენტს რაზე აკეთებთ ?

ძირითად აქცენტს „კონსეპტინგზე“, იდეაზე ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც ჩვენს დარგში სტაბილურად აქტუალურია, ეს არის იდეა. იდეა ყველაფერი დანარჩენის საწყისია. კომუნიკაციის სფეროში ყველაფერი იწყება იდეიდან, კონცეფციიდან. მე რომ „არტ დაირექშენს“ ვსწავლობდი“, 30% ეთმობოდა გარკვეული უნარების გამომუშავებას, მაგალითად, რა არის  Software? რას ნიშნავს კამპანია ან მედია და ა.შ. . დანარჩენი 70 % კი მიმართული იყო „კონსეპტინგზე“. სტუდენტს უნდა განუვითარო უნარი, შეძლოს საკუთარი იდეების გენერირება. GIPA-ში აქცენტს ზუსტად ამაზე ვაკეთებთ. იმის მიუხედავად, რომელ საგანს სწავლობენ, ვაჩვევთ, რომ ყველგან მთავარი „კონსეპტინგის“ ნაწილია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოქმედებითად აზროვნება ისწავლონ და საკუთარი ნიჭის განვითარებაზე იმუშაონ.

M: ცოდნის მიღების ყველაზე ეფექტური საშუალება რა არის?

ცოდნის გავრცელებისა და ცოდნის მიცემის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ასწავლიდეს უშუალოდ  პროცესებში ჩართული ადამიანი. კომუნიკაციის სფეროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ტენდენციების ცოდნა, ნაკლებად არის დამოკიდებული საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ თეორიებზე. მაგალითად, ჩვენს ლექტორებს პირდაპირი შეხება აქვთ მიმდინარე ტენდენციებთან, ტრანსფორმაციასთან, რასაც ინდუსტრია განიცდის. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონალისგან უკუკავშირის მიღება. ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობთ, რომ სტუდენტები არ იყვნენ პასიური მსმენელები, სულ ვცდილობთ, ჩაერთონ პროცესებში, ვაძლევთ რეალურ „ბრიფებს“, მათ აქვთ შანსი, მოიფიქრონ ისეთი რაღაც, რაც შესაძლოა, რეალურად განხორციელდეს.

M: დღეს ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში რა ტენდენციებია ?

ეს სფერო ისედაც ახალგაზრდაა და საქართველოში განსაკუთრებით. გვინდა თუ არა, განვითარებადი ქვეყანა ვართ, სადაც, წამყვან ქვეყნებსა და ბაზრებთან შედარებით, ყველაფერი 5-10 წლის დაგვიანებით ხდება. ჩვენთან სარეკლამო სფერო იზრდება, ვითარდება. ბოლო 10 წლის მანძილზე გაჩნდა სააგენტოები, ისეთი კომპანიები, რომლებიც რაღაც საინტერესოს ქმნიან, კლიენტს უკვე აქვს არჩევანის საშუალება. აშკარად, ზრდის ტენდენციაა, მაგრამ მაინც წინ დიდი გზა გვაქვს, რომ მსოფლიო სტანდარტებს დავეწიოთ.

M: რა გამოწვევებია დღეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე?

გიორგი პოპიაშვილი სპოტლაითი

გიორგი პოპიაშვილი: კომუნიკაციის სფეროში ყველაფერი იწყება იდეიდან, კონცეფციიდან!

მე ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორად მიმაჩნია არა სისტემურობა, უფრო სწორად, ერთიანი სისტემის არ არსებობა. სხვა ქვეყნებში მუშაობისას კარგად დავინახე, რომ იქ კლიენტმა, მომხმარებელმა, შემსრულებელმა, რაღაცები წინასწარ იცის. კონკრეტულ პროექტზე მუშაობა რომ იწყება, ბევრი რამ მომზადებული და დალაგებულია. დროისა და მატერიალური რესურსი სრულად ფოკუსირებულია იმაზე, რომ რაიმე ღირებული შეიქმნას. ჩვენ ამ თვალსაზრისით, პრობლემები გვაქს, ხშირად ბევრ დროსა და ენერგიას ისეთ რაღაცებში ვხარჯავთ, რაც უშუალოდ მუშაობის დაწყებამდე დალაგებული უნდა იყოს. კიდევ ერთი ფაქტორია: მაგალითად, გერმანიაში პროცესების განვითარების საშუალო სტანდარტი ასეთია: სტუდენტი სააგენტოში მუშაობას იწყებს „ინტერნად“, გადის პრაქტიკას, აქვს დაბალი ხელფასი, მიმაგრებულია გამოცდილ კადრთან, ასრულებს „შავ სამუშაოს“, რომელსაც ყველა თავიდან იშორებს. შეიძლება ერთი წელი გავიდეს და ბევრი არაფერი შეიცვალოს, მაგრამ სისტემა ამით სარგებლობს, თვითონ ენერგიას ითავისუფლებს, რომ შემოქმედებაზე დახარჯოს რესურსი. ამით სტუდენტიც მოგებულია – ამ პოზიციაზე, ისეთ რამეს არ დაავალებენ, რაც მის ძალებს აღემატება, სამაგიეროდ, უშუალოდ პროცესის მონაწილეა. შემდეგ ერთი ნაბიჯით წინ მიდის, შეიძლება უფრო სერიოზული რამ დაავალონ, ან თავად გამოიჩინოს ინიციატივა და გააჟღეროს საკუთარი იდეა. ამას თუ ხშირად გააკეთებს, ნელ-ნელა განვითარდება, როგორც პროფესიონალი. ჩვენთან ეს სისტემა არ არსებობს.  ჩემი გამოცდილებით, აგვიყვანია „ინტერნები“, მაგრამ სწრაფად ვერ განვითარებულან. თვითონ სააგენტოებშიც ძალიან ქაოტური ვითარებაა, პროცესები არეულია, მღვირე წყალში კი რაღაცების დალაგება რთულია. როცა პროცესი სისტემურია, იცი რას რა მოსდევს და ყველა თავის საქმეს ასრულებს. ასეთ გარემოში მოხვედრილი სტუდენტი მარტივად იჭერს ლოგიკას, სისტემის შინაარსს, რა უნდა აკეთოს, რა მოეთხოვება და ა.შ. მეორეს მხრივ, საქართველოში ისე როგორც არსად, სტუდენტს/დამწყებს საშუალება აქვს რისკზე წავიდეს. აქ კლიენტი მზადაა, ისეთი დიდი პასუხისმგებლობა დააკისროს დამწყებ ადამიანს, როგორსაც განვითარებულ ბაზარზე არავინ ანდობს მას. ამიტომ, ეს კარგი მომენტია გამოიჩინოს სითამამე, აიღოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ეკუთვნის, სამუშაო პროცესში ისწავლოს და დაამტკიცოს, რა შეუძლია. როცა კლიპის ბიუჯეტი 5 000 000 დოლარია (როგორც ეს  განვითარებულ ქვეყნებშია), იქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც დგას და გამოუცდელ კადრთან არავინ დაიჭერს საქმეს, მაგრამ როდესაც ბიუჯეტი, საშუალოდ, 5 000 დოლარია (როგორც ეს ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებშია), რაღაც რისკისა და შეცდომისთვის ადგილი ყოველთვის არის. ის კი ყველამ კარგად ვიცით,  სწორედ ასე სწავლობ ადამიანი.

M: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უნდა გამოიყენონ სტუდენტებმა თქვენთან მიღებული ცოდნა, რა პერსპექტივა აქვთ?

სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს ამ კურსს, ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს, პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და ისე განვითარება. როგორც ექიმი კურსდამთავრებული ეგრევე ვერ გახდება საავადმყოფოს დირექტორი, ასეა აქაც. ჩვენი კურსდამთავრებული პირდაპირ ვერ იქნება გენიოსი, რომელიც ჩაიბარებს დიდ „ექაუნთს“ და გახდება კონკურსების გამარჯვებული. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს და ეს მისასალმებელია, მაგრამ ლოგიკური გზაა, სწავლის დასრულების შემდეგ, ადამიანმა, არსებულ სააგენტოებში, დამწყებ პოზიციაზე დაიწყოს მუშაობა. იქ განვითარების შესაძლებლობა და უკეთეს სააგენტოში მოხვედრის შანსი აქვს, რაც ნიშნავს უფრო სწრაფ განვითარებას. უკვე სამუშაო პროცესში თეორიულ ცოდნას უნდა დაამატოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეს იმ კონდიციამდე, როდესაც თავადაც და დამქირავებელსაც ექნება შეგრძნება, რომ მზადაა, საპასუხისმგებლო პროექტები ჩაიბაროს და ბოლომდე მიიყვანოს.

განხილვა