in

GIPA-ს მე-15 სათხილამურო ტურნირი გიორგი გელბახიანს მიეძღვნება

10 მარტს გუდაურში სათხილამურო ტურნირი ჩატარდება. ყოველწლიური შეჯიბრება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივით 2003 წლიდან იმართება, რომელსაც საფუძველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინიციატივით ჩაეყარა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება.

„წელს ტურნირი მეთხუთმეტედ იმართება და ჩვენს კურსდამთავრებულსა და მეგობარს, გიორგი გელბახიანს ეძღვნება. სწორედ ამით არის ჩვენი წლევანდელი ტურნირი განსაკუთრებული – ის ყველასაგან გამორჩეულ „გელბახას“ უკავშირდება. შეჯიბრება „კუდების“ სათხილამურო ტრასაზე გაიმართება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, პრიზები კი გოგონებისთვის/ბიჭებისთვის იქნება შემდეგი: I ადგილი – 1000 ლარიანი ვაუჩერი სათხილამურო მაღაზიაში (GIPA-სგან), II ადგილი – 500 ლარიანი ვაუჩერი სათხილამურო მაღაზიაში (IC Group-ისგან), III ადგილი – 2 კაციანი საგზური სასტუმრო Rooms-ში (სასტუმრო „რუმსისგან“). ბოლო ადგილზე გასული მონაწილისთვის გვაქვს სახალისო საჩუქარი – „ჩაინიკი“, GIPA-სგან. გამარჯვებულების გარდა, გიორგი გელბახიანის მეგობრებს, მისი სახელით, აქვთ დაწესებული პრიზები: „რატის სკოლის” ვაუჩერი (გამარჯვებულს შეუძლია, თავად აირჩიოს თხილამურები ან ფულადი პრიზი) და კიდევ ერთი ფულადი პრიზი, სავარადუდოდ, ბოლო ადგილზე გასული მონაწილისთვის, მისი მოტივაციის ასამაღლებლად. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გიორგის მეობრები და GIPA-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლექტორები“.

ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია  უნდა გაიარონ. ტრანსპორტირებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ – გასვლა (გუდაურის მიმართულებით) 10 მარტს, 8:00 საათზე, დაბრუნდება – იმავე დღეს, 16:00 საათზე.

„შეჯიბრება, ერთგვარი, დამაკავშირებელი ჯაჭვია GIPA-ს  სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის კავშირი, რაც GIPA-ს თავის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან აქვს, იყოს უწყვეტი. ამის გარდა, ბუნებრივია, შეჯიბრების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მისი მეშვეობით, ჯანსაღი კონკურენციის რეალიზება“.

აღსანიშნავია, რომ  ტურნირს ყოველწლიურად მხარს უჭერენ GIPA-ს პარტნიორი ორგანიზაციები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წელს ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, სადაზღვევო კომპანია IC GROUP,  სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“, ს.ს „ბაგრატიონი 1882“, ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, ენერგეტიკული სასმელი Red Bull. საინფორმაციო მხარდაჭერა: ინტერნეტ ჟურნალი  Marketer.ge და რადიო GIPA – FM 94.3. მათი თქმით, ტურნირის ორგანიზებაში, ასევე, ჩართულები არიან გიორგის მეგობრები, როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციების სახით – ს.კ. „ლოკომოტივი“, „რატის სკოლა“, „Print Time”, „მოზაიკა“.

სალაშქრო კარავი ავტომობილის სახურავზე – UPDATE

პატარა კითხვებით დაწყებული დიდი ცვლილებები! – Vodafone-ის ვიდეორგოლი