18
Apr
2018

STOP PLASTIC WASTE – GIPA-ს გამოწვევა დედამიწის დღესთან დაკავშირებით

18 Apr 2018

GIPA ფოტო კონკურსს, „Stop Plastic Waste“ აცხადებს, რომლის მთავარი თემა პლასტმასის ნარჩენების შემცირება – გადამუშავებაა. ამ პროექტით საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებს უერთდება, რომელიც ყოველწლიურად, 22 აპრილს მთელ მსოფლიოში იმართება.

კონკურსში მონაწილეობისთვის, ნებისმიერმა მსურველმა უნდა გადაიღოს ფოტო, რომელიც ასახავს პლასტიკური დაბინძურების შედეგებს, ან მოუწოდებს 4R პრინციპის (Reuse, Reduce, Recycle, Re-purpose) გათვალისწინებისკენ. შემდეგ ატვირთოს ნამუშევარი სპეციალურ ბმულზე, ჰაშთაგით #GIPA4R. ფოტოების გაგზავნა შესაძლებელია 19 აპრილის ჩათვლით, გამარჯვებულს კი, 22 აპრილს, 18:30-ზე, თბილისის საკრებულში, სპეციალური ჟიური გამოაცხადებს.

ნატალია ფარცხალაძე  (GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი): „დედამიწის დღე“ მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება არ არის. ეს გლობალური და ძალიან მასშტაბური მოძრაობაა მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად, ცხადდება სხვადასხვა თემატიკა და მის გარშემო იმართება პერმანენტული წარმოდგენები, გარემოსდაცვით ფონდებსა და ორგანიზაციებში ხორციელდება თანხის დონაცია, რგავენ ხეებს და ა.შ. წლევანდელი თემაა პლასტიკური ნარჩენების სეპარაცია და გადამუშავება. სწორედ ამის გამოხმაურებაა GIPA-ს გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის ახალ სამაგისტრო პროგრამის  ფოტო კონკურსი. გვაქვს 2 000 ლარიანი ფონდი და სამი საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს 22 აპრილს გამოვაცხადებთ. თუმცა, მანამდე, ამ დღეს, 17:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები. დასწრება თავისუფალია. ვისაც აინტერესებს გარემოსდაცვითი საკითხები და ამ თემასთან დაკავშირებით აქვს შეკითხვები, შეუძლია, დაესწროს ამ . ღონისძიებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი, ჟიურის წევრი): ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ჩასწვდებიან დავალების არსს და გააკეთებენ აქცენტს სამოქალაქო კულტურაზე.

M: რა არის ამ კონკურსის მიზანი?

ნატალია ფარცხალაძე: მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის დანიშნულება მხოლოდ ლექციების ჩატარება და სტუდენტებისათვის აკადემიური განათლების მიცემა არ არის. ვთვლით, რომ აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს სტუდენტებს. გვინდა, ზოგადად, საზოგადოებას დავანახოთ პრობლემის არსი, გვსურს იფიქრონ ამაზე და ერთად მოვძებნოთ გადაჭრის  გზები.

გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი: მთვარია ცნობიერება. ყველაფერი მოდის საკუთრების შეგრძნების არარსებობიდან. ესაა პრობლემა. როცა იცი, რომ ეს ნივთი, ეზო, ქუჩა ქალაქი, ქვეყანა შენია, მერე აუცილებლად უფრთხილდები. ეს კონკურსი და, ზოგადად, მსგავსი პროექტები, სწორედ საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებს ემსახურება. მთავარია, რომ არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება. ზოგი კონკურსში ჩაერთვება, შემდეგ ამას მოჰყვება გამოხმაურება და შეფასებები. შეიძლება წარმოდგენაც  გაკეთდეს, დაიბეჭდოს გამოგზავნილი ფოტოები და ა.შ. მთავარია, ჰქონდეს კამპანიის სახე, რომ ძირითადი  გზავნილი რაც შეიძლება ფართო საზოგადოებასთან მივიტანოთ.

ნატალია ფარცხალაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვა. ვიღაცამ, შეიძლება არც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ დაფიქრდეს ამ საკითხზე. გვინდა, რომ მხოლოდ ერთი დაჯილდოების დღით არ შემოვიფარგლოთ, კონკურსის მასალებით თუ სხვა ღონისძიების ფარგლებში, კამპანიის სახე მივცეთ გარემოსდაცვით საკითხებზე საუბარს და კონკრეტულ ქმედებებს.

M: რაც შეეხება თავად გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას, რომელმაც ფოტო კონკურსი გამოაცხადა. რატომ გადაწყვიტეთ ამ კურსის გაკეთება, რეალურად არის მოთხოვნა ამ სპეციალობაზე? 

ნატალია ფარცხალაძე: GIPA, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით (GIZ), მეორე წელია, გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. თავდაპირველად, კურსი, გრანტის ფარგლებში გაკეთდა, თუმცა, გაგრძელდება, როგორც კომერციული პროგრამა. სხვათა შორის, ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ის უნიკალურია, რადგან გარემოს დაცვის მაგისტრებს მხოლოდ ჩვენ ვუშვებთ. მოთხოვნა აუცილებლად იქნება მზარდი. DCFTA-ის სხვა ვალდებულებებთან ერთად,2019 წლიდან, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაცია და გადამუშავება მუნიციპალიტეტების ვალდებულება იქნება და დღის წესრიგში აუცილებლად დადგება გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვითი გაფართოებული პასუხისმგებლობის საკითხი. საჭიროებასთან ერთად გაჩნდება მოთხოვნა ამ მიმართულების მენეჯერებსა და პოლიტიკის შემქმნელებზე. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროგრამა. ჩვენ მაქსიმალურად ადაპტირებულები ვართ ბაზრის მოთხოვნასთან. პროგრამის მიმართ ინტერესი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თუმცა, რაოდენობის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხი, ძალიან მომზადებული და მოტივირებული სტუდენტები მოდიან.

M: კონკრეტულად რა ისწავლება და ვინ კითხულობს ლექციებს?

ვამზადებთ, როგორც გარემოს დაცვის მენეჯერებს, ისე პოლიტიკის გამტარებლებს. ვაძლევთ იმ თეორიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ვასწავლით გეოსაინფორმაციო სისტემების მოხმარებას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას, გარემოსდაცვით ეკონომიკას, მწვანე ეკონომიკას, გარემოსდაცვით პოლიტიკა, საჯარო სამართალს. ანუ ყველა ვიწრო პროფილურ თუ ზოგად საგანს, რაც რელევანტურია ამ პროფესიისთვის. რაც შეეხება ლექტორებს, პროგრამის არც ერთი ლექტორი არ არის მხოლოდ თეორეტიკოსი, ყველა მოქმედი პროფესიონალია და ამ სფეროში მოღვაწეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროში.

M: აღნიშნეთ, რომ სამაგისტრო პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ბაზარზე გარემოს დაცვის მენეჯერებსა და ამ მიმართულებით პოლიტიკის შემქმნელებზე ასეთი მოთხოვნა იქნება? ან ახლა სად აქვთ კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობა?

მეორე კურსზე დასაქმების 100%-იანი, პირველზე კი 80%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. ბაზარზე ახლაც დიდი მოთხოვნაა ამ პროფესიის წარმომადგენლებზე. სტუდენტებს ისეთ კვალიფიკაციას ვაძლევთ, რომ შეძლებენ როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას. იდეაში, პროგრამა თავიდან უფრო პოლიტიკის შემქნელებისთვის იყო, მაგრამ რადგან კერძო სექტორში არის მოთხოვნა და თანაც მზარდი, კურიკულუმს ყოველწლიურად ვაახლებთ. დამსაქმებლებს ხვდებით, ვატარებთ კვლევებს და ამის მიხედვით ვცვლით პროგრამას.

[R]

განხილვა