11
Mar
2019

„ბიზნეს – ამქარი”, ანუ აკადემია ბიზნესისათვის – GIPA-ს და TBC-ის ერთობლივი პროექტი

11 Mar 2019

GIPA-ს სტუდენტები, თიბისი ბანკის პროგრამის „სტარტაპერის“ მონაწილე კომპანიებს, სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. პროექტ „ბიზნეს ამქარის“ ფარგლებში, ისინი, მენტორების დახმარებით, კომპანიების ორგანიზაციული და მმართველობითი სისტემების, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებული სერვისების მიმართულებით მოემსახურებიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ქურდიანმა უკვე მოაწერეს.

 

GIPA-ს რექტორი მაკა იოსელიანი და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი

პროგრამის ავტორები ამბობენ, რომ მთავარი მიზანია A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა. მათი თქმით, ეს ინიციატივა, მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოში, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცედენტია.

GIPA-ს პროფესორი, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ავტორი ნიკოლოზ აბუაშვილი ამბობს, რომ „ბიზნეს ამქარი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც სტუდენტების პროფესიული ზრდის, ისე ზოგადად, ქვეყნისთვის.

ნიკოლოზ აბუაშვილი: სტუდენტებს მოუწევთ, არა თეორიულად, „ქეისებზე“ მუშაობა, არამედ, ნამდვილი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების გადაწყვეტა. მაგალითებით სწავლა და სიმულაციური სიტუაციები, რასაც სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებთ, მნიშვნელოვანია უნარებისთვის. თუმცა, ცოდნას, რომელსაც, რეალური საქმის კეთებითა და პრაქტიკული გამოცდილებით მიიღებს სტუდენტი, სულ სხვა დონეზე აჰყავს მისი ოსტატობა. ჩემი აზრით, ეს პროექტი ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ავიღოთ, ქვეყნის გადასახედიდან – მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ განათლება უნდა ჩადგეს ბიზნესის სამსახურში. ეს არის, რეალურად, მრავალჯერ დეკლარირებული იდეის, პრაქტიკული რეალიზაცია. აკადემიური სექტორი ასეთ მომსახურებას სთავაზობს ბიზნესს. ამიტომ, „ბიზნეს ამქარი“, ჩემი აზრით, ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანიც:

„ თი ბი სი ბანკი, რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტს „სტარტაპერი“. წელს კი გადავწყვიტეთ, GIPA-სთან ერთად, პროგრამა „ბიზნეს ამქარი“ გაგვეკეთებინა, რომელიც მათი სტუდენტების ხელშეწყობით, კრეატიულ, იურიდიულ და ბიზნეს სერვისებს მიაწოდებს დამწყებ ბიზნესებს. როცა ორი ასეთი ინსტიტუტი საერთო მიზნისთვის ერთიანდება, თანამშრომლობა აუცილებლად წარმატებული იქნება. სტარტაპებისა და დამწყები ბიზნესების ეკოსისტემის ზრდა და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი მონაწილის ჩართვა, ძალიან მნიშვნელოვანია – „ბიზნეს ამქარი“ GIPA-ს რესურსს მოახმარს თიბისის „სტარტაპერის“ მონაწილეებს. სტუდენტები, მათ, რეალური ბიზნეს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან“.

 

განხილვა