in

GIPA აბიტურიენტებისათვის ვიზუალური კომუნიკაციის პრე-საბაკალავრო პროგრამას იწყებს

ვიზუალური კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროს მთავარი ენაა. 2014 წლიდან, GIPA სარეკლამო-კრეატიული ინდუსტრიის გამორჩეულ ადამიანებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე დარგობრივ აქტივობებში, ფესტივალებსა და კონკურსებში.

წელს, GIPA-ში, აბიტურიენტებისათვის ცხადდება მიღება 8-კვირიან, პრე-საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დარწმუნდნენ პროფესიულ არჩევანში და გზას გაუხსნის მათ ადგილობრივ თუ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში პორტფოლიოს წარსადგენად. რატომ არის მნიშვნელოვანი პრე-საბაკალავრო პორტფოლიო პროგრამა და რითია გამორჩეული ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა – დეტალებზე პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ლიპარტელიანი გვესაუბრა. 

M: პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, რა პრობლემებს აწყდებიან აბიტურიენტები ყველაზე ხშირად, რასაც პრე–საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს?

ერთი შეხედვით, ეს სფერო ძალიან სახალისო ჩანს, თუმცა რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროფესიაა. ამიტომ, გადამწყვეტია, აბიტურიენტებს სიღრმისეულად ესმოდეთ, სად მოდიან და რა პერსპექტივები ელით.

17-18 წლის ასაკში პროფესიის არჩევა ხშირად სტრესულია – თითქოს ერთი გადაწყვეტილება მთელს მომავალს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ შევქმენით პრე-საბაკალავრო პროგრამა. ეს კურსი აბიტურიენტებს დაანახებს, რომ შემოქმედებითი გზის არჩევა მუდმივ ძიებას ნიშნავს. 2 თვის განმავლობაში ისინი გაიგებენ, რა ეტაპზეა დღეს ვიზუალური კომუნიკაცია საქართველოში, როგორია საერთაშორისო სტანდარტები და შრომითი ბაზარი, როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს და როგორ გარდაიქმნება იდეები ვიზუალურ პროდუქტებად.

M: რას მოიცავს სასწავლო პროცესი და კონკრეტულად რა უპირატესობას სთავაზობს ის აბიტურიენტს?

მთავარი უპირატესობა შედეგია – კურსის დასრულებისას აბიტურიენტს აქვს გამართული, დარგისთვის რელევანტური პორტფოლიო. ამ პორტფოლიოს შექმნაში ჩართულები იქნებიან როგორც მოქმედი პროფესიონალები, ისე ჩვენი ბაკალავრიატის სტუდენტები, რაც მოსწავლეებს სწორ ორიენტირებს მისცემს.

გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ბენეფიტები მათთვის, ვისაც GIPA-ში სურს სწავლის გაგრძელება: კურსის გავლის შემდეგ, აბიტურიენტი, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლდება შემოქმედებითი ტურისგან; ძლიერი პორტფოლიო მას კონკურენტუნარიანს ხდის სასტიპენდიო რეიტინგისთვის და საჩუქრად, 500-ლარიანი პროგრამული ვაუჩერი გადაეცემა.

M: როგორია ის გამოცდილება, რომელიც GIPA-ს ამ პროგრამის უკან დგას?

ჩვენი მთავარი ძალა ის გუნდია, რომელიც პროგრამას ახორციელებს. პრე-საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტებთან იმუშავებენ უშუალოდ საბაკალავრო პროგრამის ლექტორები და ინდუსტრიის ექსპერტები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ქმნიან ამინდს ქართულ რეკლამასა და საკომუნიკაციო დიზაინში და სწორედ ისინი ასწავლიან მათ, როგორ აქციონ ჰობი პროფესიად.

M: რა კარიერულ და შემოქმედებით შესაძლებლობებს უხსნის სტუდენტებს ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა?

ჩვენი მიზანია ქართული კრეატიული ინდუსტრიის გაძლიერება და პროფესიონალების გაზრდა, რომლებიც შექმნიან ახალ ვიზუალურ კულტურას. პროგრამის უნიკალურობა Learning by doing მეთოდშია.

სწავლება სამ ძირითად ღერძს ეფუძნება: შემოქმედებითს, ტექნოლოგიურსა და სტრატეგიულს. სტუდენტები ეუფლებიან ყველაფერს – გრაფიკული დიზაინიდან დაწყებული, ანიმაციითა და ფოტოგრაფიით დამთავრებული. სასწავლო პროცესი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიურ გამოყენებას.

ჩვენ ვზრდით შემოქმედებით ლიდერებს (Art Directors), რომელთა ვიზუალური გზავნილები არის მიზნობრივი და ზუსტად გათვლილი კონკრეტულ აუდიტორიაზე.

ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვეყრდნობით გლობალურ ნიშნულებს. 

ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ყოველწლიურად პრესტიჟულ ფესტივალებში  (Cannes Lions (Young Lions), D&AD, AdBlack Sea, Touch Summit) მონაწილეობენ და მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში მოიპოვეს 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 14 შორთლისთი. საბოლოო ჯამში, მათ აქვთ პროფესიონალური პორტფოლიო და სრული მზაობა, დაიკავონ წამყვანი პოზიციები სარეკლამო ინდუსტრიაში.

M: GIPA-ს ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებას განვითარების საინტერესო ისტორია აქვს. როგორ ჩამოყალიბდა პროგრამა დღევანდელი სახით?

2012 წელს Art Factory-ის სახით დავიწყეთ და თავდაპირველად მხოლოდ სასერტიფიკატო პროგრამებს ვახორციელებდით, რომლის კურსდამთავრებულები დღეს დარგის ლიდერები და ჩვენივე ლექტორები არიან.

2 წელიწადში კურსი საბაკალავრო პროგრამად გარდაიქმნა. ჯიპასა და გიორგი პოპიაშვილის მოწვეულმა, Miami Ad School-ის ხელმძღვანელმა, ნიკლას ფრინგს-რუპიმ დიდი როლი ითამაშა პროგრამის სტრუქტურირებასა და სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაში. 

სწორედ ჩვენ მიერ დაწყებული პარტნიორობის შედეგია, რომ ბევრი ქართველი სწავლობს Miami Ad School-ში და აღსანიშნავია, რომ წელსაც, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია (Miami Ad School-ში სწავლის 100%-იანი დაფინანსება) ჩვენმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა.

M: ანუ, სწავლებისა და მასტერკლასების გარდა, რომელ პრაქტიკულ აქტივობებში არიან სტუდენტები ჩართული?

პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ფესტივალებთან; მაგალითად, Touch Summit-ზე მოწვეული უცხოელი ექსპერტები სპეციალურად ჩვენი სტუდენტებისთვის ატარებენ სესიებსა და პორტფოლიოს განხილვებს (Portfolio Review). ჩვენი სტუდენტები, როგორც სტაჟიორები, ჩართულები არიან Ad Black Sea-ს განხორციელების პროცესში. გვაქვს „Agency Days“, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ სააგენტოებში გაიარონ მასტერკლასები.

გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ამ საბაკალავრო პროგრამისა და ჯიპას ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სრული ვიზუალური ბრენდინგი, სწავლის პროცესში, ჩვენი სტუდენტების შექმნილია. რეალურ პროექტებზე მუშაობა სტუდენტობის პერიოდშივე აძლევთ მათ საშუალებას, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ.

[R]

Google-მა Gemini 3 Flash-ის ახალი AI მოდელი გამოუშვა

„გვინდოდა ჯანსაღი კვება გემრიელ ჩვევად გვექცია და პროტეინ ბარი შევქმენით“ – ქართული სტარტაპი „მეტი“