in

ღირს თუ არა გუნდთან ერთად მუშაობა?

დღეს ადამიანები სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსზე, ზედმეტ მუშაობასა და თანამშრომლებთან ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობებზე საუბრობენ. თუმცა მათთვის, ვისაც გუნდთან ერთად მუშაობა ან სულაც, მისი მართვა უწევს, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია… ამიტომ, ახლა განიხილავენ საერთოდ ღირს თუ არა გუნდთან ერთად მუშაობა.

როცა გუნდი მუშაობს

თეთრი საყელოების გუნდები“ 1980-იანი წლებიდან ჩნდება, როგორც ტექნოლოგიური წინსვლისა და ეკონომიკის გლობალიზაციის პასუხი. მათი პოპულარობის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ნამდვილად მუშაობენ. კარგი გუნდი კომპლექსური პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტასაც ახერხებს და მეგობრულ ურთიერთობებს აღრმავებს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული გუნდი განვითარების შესაძლებლობას ყველა წევრისთვის ქმნის და აყალიბებს ისეთ კულტურას, რომლის გაზიარებაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველი ხდება.

როცა გუნდი არ მუშაობს

კვლევა მუდმივად აჩვენებს, რომ მიუხედავად ყველა დამატებითი რესურსისა, გუნდები ხშირად მაინც ვერ მუშაობს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ თანამშრომლებისგან სარგებლის მიღებას ხელს კოორდინაციისა და მოტივაციის პრობლემები უშლის“, — ამბობს რიჩარდ ჰეკმანი, მენტორი.

ამჯერად კი ფიქრობენ, რომ როგორც პანდემიამდე, ისე ახლაც, გუნდში სტრეს-ფაქტორები იარსებებს… ეს კი, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ დროა, დავფიქრდეთ, როდის და როგორ გამოვიყენოთ გუნდები ორგანიზაციებში. 

ღირს თუ არა გუნდთან ერთად მუშაობა?

სანამ ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, მენეჯერებს უნდა ვთხოვოთ, გაანალიზონ რამდენად გადაწონის გუნდური მუშაობისგან მიღებული სარგებელი მის ხარჯს. თუმცა ჰიბრიდული მუშაობა ბალანსს, დიდი ალბათობით, არასწორ მიმართულებას მისცემს…

გაზრდილი ხარჯები

გუნდებს ყოველთვის უწევს მნიშვნელოვანი დროის, ენერგიისა და ყურადღების დახარჯვა ისეთ საკოორდინაციო ამოცანებზე, როგორიცაა, ინფორმაციისა თუ რესურსების გავრცელება, ჯანსაღი ნორმების დამკვიდრება და კონფლიქტების მოგვარება, მოტივაციისა და ძალისხმევის ბალანსი, განსხვავებული პიროვნებების ინტეგრირება და კომბინირებული მეთოდების შემუშავება. საერთაშორისო მასშტაბით მუშაობის შემთხვევაში კი ამას დროის, კულტურისა და ენობრივი განსხვავებები ემატება, რაც ხშირად გაუგებრობების საფუძველსაც ქმნის.

ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის ფართოდ გავრცელებამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ამ დროს ადამიანები ზოგჯერ ოფისიდან, ზოგჯერ სახლიდან, ან საერთოდ სხვა ადგილიდან მუშაობენ, რაც ყურადღების გაფანტვას იწვევს… მნიშვნელოვანია ისიც, რომ მენეჯერებმა გუნდის წევრები არა დამოუკიდებელ პერსონებად, არამედ გუნდის შემადგენელ ინდივიდებად აღიქვან, რადგან ეს გავლენას მთელი გუნდის კონფიგურაციაზე ახდენს, იქნება ეს ახალი ქვეჯუგუფების, უმრავლესობისა თუ უმცირესობის ჩამოყალიბება. 

ამასთან ერთად, თანამშრომლები მუშაობისას კიდევ უფრო მეტ ავტონომიას ითხოვენ, რაც ცვალებადი განრიგის შემოღებასაც გულისხმობს. 2022 წლის საერთაშორისო კვლევამ კი აჩვენა, რომ სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი მომავალში ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის გაზრდაზე საუბრობს. მსგავსად, კოორდინაციის საკითხები კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს… ამასთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბით, მენეჯერების 74% აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ ის რესურსები და გავლენა, რომლებიც ჰიბრიდული სამუშაო ძალის კარგად მართვისთვის არის საჭირო.

შემცირებული სარგებელი

თანამედროვე გუნდები შემცირებულ სარგებელზეც საუბრობენ. კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ერთობლივად მოქმედება შემოქმედებითი მუშაობის, ხედვისა და გადაწყვეტილების მიღების კუთხით განსაკუთრებით შესუსტებულია.

დისტანციური და ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე ადამიანები კი, ამასთან ერთად, სოციალური კავშირისა და კუთვნილების ნაკლებობას განიცდიან. იმასაც ამბობენ, რომ გუნდში ყოფნამ, შესაძლოა, ადამიანებს თავი კიდევ უფრო მარტოსულად აგრძნობინოს. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა მათ თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის დამყარების მოლოდინი აქვთ, მაგრამ შემდეგ იმედგაცრუებულები რჩებიან…

როგორ შევქმნათ კარგი გუნდი?

კარგი და მჭიდროდ დაკავშირებული გუნდის ყოლა როგორც დისტანციური, ისე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის დროს, აუცილებელია. ამას პატარა ჯგუფებისთვის გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭებით ან, თუნდაც, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაზრდით შეიძლება მიაღწიოთ. ხოლო თუ ეს არ გამოიღებს შედეგს, დროა გუნდის ალტერნატივაზე იფიქროთ — დაშალოთ ან შეამციროთ იგი. 

ნაკლებად რადიკალური მიდგომა ნამდვილი გუნდებიდან“ მოქმედ ჯგუფებზე“ გადასვლაა. ნამდვილ გუნდებს საერთო აზროვნება, მისია, განსაზღვრული როლები, სტაბილური წევრობის შეგრძნება და მკაფიო ნორმები აქვთ მაშინ, როცა მოქმედი ჯგუფი“ უფრო თავისუფალი კონფედერაციის მქონეა, რომელთანაც მხოლოდ კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობენ. თუმცა აქ ბევრად მეტი საკოორდინაციო ამოცანის შესრულება უწევთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი უფრო მარტივი, ეფექტური და კონტროლირებადი ხდება. მაგალითად, გუნდთან ყოველდღიური შეხვედრების ნაცვლად, მენეჯერებს მის თითოეულ წევრთან ინდივიდუალური კავშირი შეიძლება ჰქონდეს. ეს კი, სავარაუდოდ, ჰიბრიდულ გუნდებთან შედარებით, კოორდინაციის ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.

მაგრამ აქაც არის ნაკლები სარგებლის მიღების ალბათობა, განსაკუთრებით შემოქმედებითობის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით. თუმცა შემდეგი პრინციპების დაცვით, ამის შეცვლაც შესაძლებელია:

  • შეიმუშავეთ პროექტები, რომლებიც ბრეინშტორმინგის, გადაწყვეტილების მიღებისა და სოციალიზაციის „დიდი აფეთქების“ მომენტებს მოიცავს. ეს დაგეხმარებათ გუნდის მორალისა და სინერგიის ჩამოყალიბებაში.
  • დაიქირავეთ ადამიანები ისეთი თვისებებით, როგორიცაა თვითმმართველობა, მოქნილობა და თანამშრომლობა. 
  • შექმენით წამახალისებელი სტრუქტურები, რაც ერთად მუშაობის პროცესს გააძლიერებს და ჯგუფის წევრებს შორის კონკურენციას შეამცირებს.
  • გამოიყენეთ დაფები და სხვა მონიტორინგის სისტემები, რათა მთელ ჯგუფს სამუშაოს მიმდინარეობისა და პროგრესისთვის თვალყურის დევნება შეეძლოს.
  • შექმენით პროტოკოლი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ის პრობლემები, რომელსაც გუნდში თანამშრომლების შემოერთება ან მათი წასვლა გამოიწვევს.
  • შეიმუშავეთ ჯვარედინი ტრენინგის პროგრამები და თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცით.
  • შეწყვიტეთ ჯგუფების „გუნდებად” მოხსენიება და თავიდან აირიდეთ მიკუთვნებულობის გადაჭარბებული დაპირებები.
  • ყოველთვის ეძებეთ ახალი გზები გუნდისგან უფრო მეტი სარგებლის მისაღებად.

ჯერ კიდევ ღირს თუ არა გუნდური მუშაობა?

გუნდებში ინვესტიციების ჩადება დღემდე ღირს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ეს დიდ სარგებელს გვაძლევს. ამის წარმატებით მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაცაა და თუ არ გამოგდით, მაშინ ჯობს სხვა ალტერნატივაზე იფიქროთ.

 

წყარო: HBR



მეცნიერებმა გიგანტური კბილი აღმოაჩინეს

„ემ მიკროორგანიზმები“: „ამ ინვესტიციით ჩემი საყვარელი ხალხისათვის რაღაც მცირედის გაკეთებას მაინც შევძლებ“