ალბათ, ზედმეტი მუშაობა ნაკლებ ჩვენგანს სურს… მაშინაც კი, როცა სამსახურს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვირჩევნია ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ და არა, პირიქით. თავისუფალ დროს სხვა ინტერესებსა და ჰობებს, ოჯახსა და მეგობრებს, დასვენებასა და იმ საკითხების შესწავლაში ვატარებთ, რომელიც ჩვენს პროფესიას არ უკავშირდება. ხოლო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს, შესაბამისი სტრატეგიებით მოქმედებაა საჭირო, ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები კი ცდად ნამდვილად ღირს.
გააანალიზეთ, რომ ზედმეტი მუშაობა წარმატებისთვის აუცილებელი არ არის
როგორც კი ამ საკითხზე ფიქრს დაიწყებთ, მაშინვე გამოჩნდება ვიღაც, ვინც თავისი ზედმეტი მუშაობით თვალში მოგხვდებათ… მსგავსი სოციალური ზეწოლა თქვენში შფოთვას გამოიწვევს და ამასთან, ყველა თანმდევ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ რეაქციას გაააქტიურებს. კონკრეტული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად კი, რადიკალურად უნდა უარყოთ ის აზრი, რომ ზედმეტი მუშაობა თქვენთვის აუცილებელი ან სასარგებლო იქნება.
და თუ ამასთან გამკლავებას პირველივე ჯერზე ვერ მოახერხებთ, თქვენი თავის მიმართ მეტი თანაგრძნობა უნდა გამოიჩინოთ და შეახსენოთ, რომ წარმატებას საუკეთესო სამუშაო მეთოდებით შეგიძლიათ მიაღწიოთ, რაც ზედმეტ მუშაობას საერთოდ არ მოიცავს.
ჩამოაყალიბეთ თქვენი ღირებულებები
აქ მნიშვნელოვანია, კონკრეტულად განსაზღვროთ თქვენი ღირებულებები. ბევრი ჩვენგანი იმაზეც თანხმდება, რომ თანასწორობა, სამართლიანობა, ეფექტურობა, კეთილშობილება, სიმამაცე, ავტონომია, გამოწვევა, თანამშრომლობა თუ თავგადასავლები კარგია. თუმცა ის, რაც ერთმანეთისგან განგვასხვავებს პრიორიტეტებია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები იგულისხმება, რაც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი ცხოვრება თუ კარიერა სწორი გზით ვითარდება. მაგალითად, თუ თქვენთვის სიმამაცე მნიშვნელოვანია, განსაზღვრეთ, როგორ შეგიძლიათ იგი თქვენს მიზნებს დაუკავშიროთ. აუცილებელია, იფიქროთ, არა იმაზე, თუ რისი კეთება გირჩევნიათ სამსახურში, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოთ მაქსიმალური კმაყოფილება მისგან.
გახსოვდეთ, რომ ღირებულებებით ჩამოყალიბებული მიდგომა თქვენთვის სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. გამოცდილებითა და ექსპერიმენტებით ისწავლით, რისი კეთებაა „საკმარისი“ თქვენს სამსახურსა თუ ცხოვრებაში. მიღწევებს კი დახარჯული საათებით აღარ გაზომავთ.
არ მიეჯაჭვოთ სამსახურს, ყურადღება გაამახვილეთ უფრო დიდ მიზნებსა და სამუშაო პროცესზე
დიახ, რეალურად, იმ ქმედებებსა თუ ენას, რომელიც სამსახურის მთავარ პრიორიტეტად ქცევასთან არის დაკავშირებული, ჩვეულებრივ დიდ მიღწევებამდე ვერ მივყავართ. თუმცა ამას ისეთი ღრმა პირადი მიზნებისკენ სწრაფვით ვაღწევთ, როგორიცაა, მნიშვნელოვანი ფენომენების ცოდნა და გაგება, რთული პრობლემების გადაჭრა ან დადებითი გავლენის მოხდენა საზოგადოებაში. მიზნებზე ფიქრის გარდა კი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე, დიდ ამბიციაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, იმ ამოცანებსა თუ დავალებებზე, რომლებიც მის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
სამსახურზე მიჯაჭვულობისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი გზა თქვენი სამუშაოს ხელობად ჩამოყალიბება და მისი დახვეწაცაა. ამან ისეთი საკითხებით უნდა დაგაინტერესოთ, როგორიცაა, კონკრეტული უნარების შეძენა, უკუკავშირის მიღება ან იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც განვითარებაში დაგეხმარებათ. ყოველივე ეს თქვენი დიდი მიზნების მიღწევის საშუალებასაც მოგცემთ.
ისწავლეთ მისაბაძი მაგალითებიდან
აქ ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებმაც თქვენთვის სასურველ წარმატებას ზედმეტი მუშაობისა და გადაღლის გარეშე მიაღწიეს. თუმცა არა, ცნობილი სახეები… იმის საპოვნელად, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, უფრო ეფექტური სტრატეგია თქვენი პროფესიონალური ნიშის მრავალმხრივი დაკვირვება იქნება. ამიტომ, პასუხები შემდეგ კითხვებზე უნდა იპოვოთ: ვინ შთაგაგონებთ, რათა კარგ შედეგებს ზედმეტი მუშაობისა თუ გადაღლილობის გარეშე მიაღწიოთ? როგორია მათი მიდგომები? შეგიძლიათ რომელიმე მათგანის მისადაგება თქვენს ღირებულებებთან, მიზნებთან, პიროვნებასა თუ გარემოებებთან?
უარი თქვით ზედმეტი მუშაობის თხოვნებსა თუ მოთხოვნებზე
მოდით, ამ საკითხის განხილვა მაგალითით დავიწყოთ, თუ თანამშრომელი არასამუშაო საათებში ელ.ფოსტას გადმოგიგზავნით და თქვენ უპასუხებთ, ეს კიდევ განმეორდება. ხოლო თუ მის მოთხოვნას უარყოფთ, შესაძლოა, იგი გაბრაზდეს და რაღაც გზებით სასურველი შედეგის მიღწევა მაინც ეცადოს, აქ საქმე „გადაშენების აფეთქებასთან“ გვექნება, თუმცა იგი თქვენს გადაწყვეტილებას ბოლოს მაინც მოერგება…
დიახ, ეს ფსიქოლოგიის ძირითადი კანონია — ქმედებები გაძლიერებასთან ერთად იზრდება, დაიგნორების შედეგად კი საქმე „გადაშენების აფეთქებასთან“ გვაქვს. აქ პრობლემური ქცევების მოკლე ვადიანი ზრდა იგულისხმება, მაგრამ შემდეგ ესეც მთავრდება.
ხოლო თუ თქვენი უფროსი ზედმეტი მუშაობისკენ მაინც გიბიძგებთ, ეს შეურაცხმყოფელი სამუშაო კულტურის ერთ-ერთ ძირითად ნიშნად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ამის შესაცვლელად, თქვენი საზღვრები მკაფიოდ უნდა დააწესოთ და თუ ეს გავლენას მის ქცევებზე მაინც არ მოახდენს, მაშინ სამსახურის ან პოზიციის ცვლილებაზე უნდა იფიქროთ. როგორც ადამ გრანტი ამბობს, ტოქსიკური სამუშაო გარემოს გამოსწორება თქვენი საქმე არ არის…
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი მუშაობა კარიერული წინსვლის მტერია და არა — მეგობარი.
წყარო: HBR