20
Nov
2018

Gita-მ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა

20 Nov 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (Gita) თანადაფინანსების პროგრამა გამოაცხადა. ეს არის  გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. Gita-ს ინფორმაციით, დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტი – საქმიანობა, სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი  სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოების გარდა. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტების განვითარება, რადგან საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ამიტომ ვერ იქნება ორიენტირებული ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე.

​„ ამ თვალსაზრისით, რას თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც შექმნის ძალიან მაღალ ღირებულებას, იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, პარალელურად კი ქვეყანას უცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და გახდება მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება“ – ამბობს გიორგი ქობულია.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება, საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში ხორციელდება.

განხილვა