in

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მცირე გრანტების პროგრამას იწყებს!

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო მცირე გრანტების პროგრამას იწყებს, რომელთა ბიუჯეტი 5000 ლარის ფარგლებშია. პროექტის დეტალებზე სააგენტოს წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

M: რა არის საგრანტო კონკურსის მიზანი და რა მიმართულებით დაფინანსდებიან აპლიკანტები?

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა არის თემატური დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების სტიმულაცია. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით.

პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციურობა;

ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;

გ) პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;

დ) საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;

ე) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;

ვ) საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია

ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;

ღონისძიების ორგანიზებისთვის მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;

ბ) ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მედია დაფარვის პოტენციალი;

დ) გამართული სამოქმედო გეგმა;

ე) ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

ვ) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება

სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით. სამგზავრო მიმართულებით მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტი;

ბ)ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;

გ) ღონისძიების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებელი;

დ) სტარტაპის წარმატების პერსპექტივა;

ე) ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

ვ) საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება

წინადადებას, რომელიც ორიენტირებულია პროექტის მიმდინარეობის დროს შემოსავლებისა და ტექნოლოგიის განვითარებაზე დამატებითი დაფინანსების მოძიებაზე, აგრეთვე სტარტაპის შექმნაზე, მიენიჭება უპირატესობა.

M: საქმიანობის რომელი სფეროები დაფინანსდება?

გრანტის ფარგლებში დაფარული იქნება ისეთი ძირითადი საქმიანობა, როგორიცაა: ინჟინერია და პროდუქტის დიზაინი, პროტოტიპის განვითარება და ტესტირება, საპილოტე წარმოება და აპლიკაცია, მოწყობილობა ტესტირებასა და წარმოებისათვის, ბაზრის ტესტირება, ბაზრის კვლევა.

დამატებით დაფინანსდება: კვლევის და ტექნოლოგიური განვითარების ექსპერტების / მრჩევლების მომსახურება, განვითარების / ბიზნეს კონსულტაცია, იურიდიული მხარდაჭერა, სხვა ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტების, მომსახურებისა და პროცესების განვითარებასა ან/და კომერციალიზაციასთან.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს (იხ. გრანტების შესახებ საქართველოს კანონი).

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

M: წლიური ბიუჯეტი რამდენია მინი გრანტების რასაც ვერ გავცდებით ფინანსირების ნაწილში?

2018 წლისთვის წლიური ბიუჯეტი მცირე გრანტებისთვის 200 000 ლარს შეადგენს. (ასეა წარდგენილი დასამტკიცებლად) წელს, 2017 წელს 300 000 ათასია გამოყოფილი.

M: ახლა აპლიკაციები/გნაცხადები იგზავნება ან მეილზე ან პირადად შემოტანით ხომ?

კი ჯერ ჯერობით ასეა, მერე პორტალზეც იქნება. შეგიძლიათ შევსებული და ხელმოწერილი საგრანტო განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოთ სააგენტოში პირადად ან ელექტრონული ფორმით მისამართზე: [email protected]

M: როგორ უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაციის ფორმა?

ჯერჯერობით, სააგენტოში დარეკავენ [+ (995 32) 2 00 44 82] და მათთვის საინტერესო მიამრთულებით სააპლიკაციო ფორმას მოითხოვენ. პორტალზე რომ გადავალთ პორტალის საშუალებით მოხდება.

ბრენდირებული აქსესუარები – სარეკლამო სააგენტო „მოზაიკას“ წინასაახალწლო გამოწვევები

LUTECIA GROUP – ამბავი, რომელიც ქართველი მათემატიკოსის „ფრანგული სუნამოს სახლით“ იწყება