30
ნოე
2017

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მცირე გრანტების პროგრამას აგრძელებს!

30 ნოე 2017

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მცირე, 5000 ლარიანი გრანტების პროგრამა გრძელდება. რა შესაძლებლობებს იძლევა პროგრამა, როგორ შეიძლება მისით ისარგებლოს სამიზნე აუდიტორიამ, რა მიზნების მიღწევას ცდილობს ამ შეთავაზებით სააგენტო და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აპლიკანტებმა – მარკეტერის კითხვებს ინოვაციების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი პაპუნა პაპიაშვილი პასუხობს.

 

პაპუნა პაპიაშვილი

M: ვინ იქნებიან ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები და რა მხარდაჭერას აღმოუჩენს ეს გრანტის მაძიებლებს?

მადლობა ინტერესისთვის, 5000 ლარიანი გრანტები ძალიან კარგი საშუალებაა ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული მეწარმეებისთვის, მეცნიერ-გამომგონებლებისთვის და სტარტაპებისთვის მიიღონ აუცილებელი მინიმალური ფინანსური რესურსი, როგორც პირველადი მოძრაობის დასაწყებად, ასევე მნიშვნელოვანი აქტივობისთვის, რომელიც შესაძლოა განმსაზღვრელი გახდეს მათი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსების მთავარი სამიზნე მიმართულებები, როგორც ჩამოყალიბდა, თავისი არსით ამის გარანტს წარმოადგენენ.

M: რა შემთხვევაში გაიცემა განმცხადებელზე ეს გრანტი?

მცირე გრანტების პროგრამას აქვს აღებული სამი მთავარი მიმართულება დაფინანსებისთვის, ესაა გრანტი პროტოტიპის დამზადებისთვის, სამგზავრო და ღონისძიების საორგანიზაციო გრანტი. თითოეული რომ განვმარტოთ: პროტოტიპის გრანტი გაიცემა იმ საპროექტო წინადადებებზე, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპზე მუშაობის გზით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ან არსებულის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ამ დროს საკვანძოა, რომ ტექნოლოგიას ინოვაციურობის მახასიათებელი და კომერციალიზაციის პოტენციალი გააჩნდეს. სამგზავრო გრანტზე უნდა ითქვას, რომ 5000 ლარამდე დაფინანსების მიღება ამ მიმართულებით, მაძიებელს შეეძლება, თუ მას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც სტარტაპს ან მეწარმეს პროდუქტის დახვეწის თუ გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის ახალ კარს გაუღებს. მესამე მიმართულება, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებას ეხება, ხელს უწყობს, როგორც საზოგადოებაში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართ ცოდნის დაგროვებას, ინტერესის გაღვივებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე კონკრეტული ამოცანის მქონე ინტენსიური სამუშაო სესიის გამართვას. მაგალითად,  მეიქათონი, ჰაკათონი თუ სხვა მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც ამ სფეროში მოღვაწე მულტინაციონალური კორპორაციების წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

M: ანუ გრანტის მისაღებად 3 შესაძლებლობაა ან პროტოტიპს უნდა ვამზადებდეთ, ან აქ ვაწყობდეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ან საზღვარგარეთ ვიღებდეთ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას?

დიახ, ამასთან ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების კომპონენტი მუდამ სახეზე უნდა გვქონდეს. დავამატებდი, ჩვენ ასევე ვუშვებთ, რომ ამ სამი მთავარი სამიზნე მიმართულების ფარგლებში საპროექტო წინადადება ითვალისწინებდეს მოძიებული ფინანსების მიმართვას ისეთი მომსახურებების  და პროდუქტების შეძენისთვის, როგორიცაა კვლევის და ტექნოლოგიური განვითარების ექსპერტების მომსახურება, ბიზნეს კონსულტაცია, ზოგადად ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტების, მომსახურებისა და პროცესების განვითარებასა და კომერციალიზაციასთან.

M: სულ რამდენი ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავთ?

წლიური ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 200,000 ლარს შეადგენს, შედეგად ვფიქრობთ სულ მცირე 40 განაცხადი მაინც დავაკმაყოფილოთ. რასაკვირველია, მაღალია ალბათობა საინტერესო განაცხადები 5000 ლარზე ნაკლები თანხის მოთხოვნითაც შემოგვივიდეს ან კომისიამ განაცხადის განხილვისას ჩათვალოს, რომ პროექტის განსახორციელებლად ნაკლები თანხაც საკმარისი იქნება და ავტორს პროექტის ბიუჯეტის კორექტირება შესთავაზოს; ამის შედეგად კი მხარდაჭერილი სტარტაპების და მეწარმეების რაოდენობა 40-ს აღემატებოდეს.

M: როგორ უნდა გააკეთონ განაცხადი გრანტის მაძიებლებმა?

დაკავშირება ელ. ფოსტის [email protected]  და ცენტრის +995 32 2 00 44 82 მეშვეობით უმოკლესი გზაა მიიღოთ აპლიკაციის ფორმა. შევსებული დოკუმენტი შესაძლებელია პირადად მოიტანოთ სააგენტოში, ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად ელ. ფოსტაზე grants[email protected]. სულ მალე პროცესი დამატებით გამარტივდება და დაინტერესებულ მხარეებს განაცხადის გაკეთება სპეციალურად მოწყობილი პორტალის, grants.gov.ge მეშვეობით შეეძლებათ. აქვე აღვნიშნავდი, რომ საგრანტო განაცხადების მიღება და განხილვა მუდმივად მიმდინარეობს, აპლიკანტს წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს. მოვუწოდებდით თქვენს გამომწერებს თამამად გააკეთონ აპლიკაციები. მოწადინებულები ვართ, ძალიან ბევრი საინტერესო საპროექტო წინადადება განვიხილოთ.

განხილვა