in

“ტურისტს ვურჩევთ, როგორ დაზოგოს მოგზაურობისას” – GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი Travel Guide

Startauperi
Startauperi

ბოლო წლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდა ბევრი ადგილობრივი მეწარმისთვის შესაბამისი სერვისის შექმნის ბიძგად იქმნა. ქართველები სულ უფრო აქტიურობენ სასტუმრო ბიზნესის, ტურების დაგეგმვისა და მიწოდების მიმართულებით. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლამ, ბიზნესები განსხვავებული მიდგომების შეთავაზებისკენ მომართა. ინდუსტრიას განვითარება ინოვაციების მიმართულებითაც დაეტყო. ანტრეპრენერების ყურადღება ციფრული პროდუქტების გენერირებაზე კონცენტრირდა. დღეს ერთ-ერთ ასეთ სტარტაპზე გიამბობთ. Travel Guide ქართული პლატფორმაა, რომელიც ტურისტებისა და ტურისტული ბიზნესების დასაკავშირებლად შეიქმნა. გუნდმა ტურისტისტებისთვის აქტუალურ პრობლემას, ფასებთან, სერვისთან და ტურების დაგეგმვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტა მოუძებნა. სტარტაპმა, სულ ცოტა ხნის წინ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA კონკურსში გაიმარჯვა, სხვა 19 სტარტაპთან ერთად და ბიზნესის განსავითარებლად, 100 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა.

“ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარებამ, ფუნდამენტურად შეცვალა ტურიზმის ინდუსტრია და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტურიზმის სტრუქტურაზე, დღეს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აკითხავს ტურისტულ სააგენტოს, ავიაბილეთის, განთავსების ობიექტის თუ სამოგზაურო დაზღვევისთვის. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზიციის (WTO)  კვლევის მიხედვით, ტურისტების 85% მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ იწყებს აქტივობების დაგეგმვას, რაც ხშირად სტრესულ მდგომარეობაში აგდებს მათ. უცხო გარემოში ტურისტები ხშირად ხდებიან არაკეთილსინდისიერი ოპერატორების მსხვერპლნი. მათ ხშირად გაცილებით მეტს ახდევინებენ ტაქსიში, რესტორანსა თუ ღამის კლუბში” – ინდუსტრიის გამომოწვევებსა და სტარტაპის შესახებ, კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გუჯა ნარიმანაშვილმა გვიამბო.

M: სახელდობრ, რა სერვისებს მოიცავს “თრეველ გაიდი”? 

არის გაერთიანებული აუდიო-ვიდეო გზამკვლევები, ინტერაქტიური რუკა, ფრილენსერ გიდების, მძღოლების და მასპინძლების სერვისების დაჯავშნის პლატფორმა. ასევე, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა ექსკლუზიურ ფასად. Travel Guide – ეს არის შენი ადგილობრივი მეგობარი, რომელიც გირჩევს თუ როგორ დაზოგო ფული მოგზაურობისას, ვისგან მიიღო კარგი სერვისი და ასევე გეხმარება შეადგინო საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული მოგზაურობა.  Travel Guide სრულიად უფასოდ გაგიძღვება, რომის, პარიზის, ბარსელონას, ბუდაპეშტის და სხვა ევროპის ქალაქებში.

M: ვისთვის არის განკუთვნილი და ასევე, ვის შეუძლია განათავსოს განცხადება?

Travel Guide არ არის უბრალოდ განცხადებების პლატფორმა. მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერმა ტურიზმთან დაკავშირებულმა პირმა შემოიტანოს, მაგრამ მათგან მხოლოდ ის კომპანიები და პირები შეირჩევიან, ვინც დააკმაყოფილებს  მაღალ სტანდარტებს და მომხმარებელს ადეკვატურ სერვის შესთავაზებს. 

M: თქვენს გამოცდილებაზე გვიამბეთ, რამაც ჯერ სტარტაპის იდეამდე, შემდეგ კი, GITA-ს გრანტამდე მიგიყვანათ…

ოფიციალურად, ტურისტულ ბიზნესში 2008 წლიდან ვარ, მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად დავაფუძნე კომპანია ,,მაგელანი“ და გავხსენით პატარა ოფისი ლესელიძის (ახლანდელი კ. აფხაზის) ქუჩაზე. თუმცა, მანამდე მქონდა გიდად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამასთან ერთად, 2012 წლიდან, ვარ ინტეგრირებული მარკეტინგული კომპანია ,,Your Georgia”-ს დირექტორი. ამ მიმართულების გაერთიანების სურვილი დიდი ხნის მანძილზე მქონდა, მეილზე მივიღე წერილი ,,სტარტაპ მარანის“ პროექტის შესახებ, რომელიც საშუალებას იძლეოდა, საკუთარი ბიზნეს  იდეები პოტენციური ინვესტორებისთვის შემეთავაზებინა. გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა და ასე შეიქმნა Travel Guide-ის კონცეფცია.

გუჯა ნარიმანაშვილი

იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა მის წარმატებაში. შემდეგ იყო „ჯეოლაბი“. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მათგანი, ვინც გაიარა პრე-აქსელერაციის პროგრამა და საუკეთესო სტარტაპებთან ერთად, მოვხვდით ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში. საბოლოოდ, იდეამ მუშა პროტოტიპის სახე მიიღო. მისი რეალიზაციისთვის დამჭირდა საკუთარი დანაზოგის საქმეში ჩადება და გარდა ამისა, სხვა პარტნიორებიც შემოვიერთე, რომელთა ნაწილი ინვესტიციის, ხოლო ნაწილი კი შრომითი რესურსით შემოვიდა საქმეში. გუნდის გარშემო შემოვიკრიბე  მეგობრები, რომლებთანაც მაკავშირებდა სხვადასხვა წარმატებული პროექტი, როგორც ტურიზმის, ასევე მარკეტინგის მიმართულებით.

M: ტურიზმის მიმართულებით, ქართული ბიზნესი, ბოლო თვეებში, განსაკუთრებით გააქტიურდა. ამდენად, ბაზარი სულ უფრო კონკურენტული ხდება. რა არის თქვენი სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის რომ დავეხმაროთ ტურიზმის მიმართულებით ბიზნესს განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენი მისიაა ტურიზმში მომსახურების სერვისების გაუბჯობესება და შესაბამისად მაღალი სტანდარტების დანერგვა. Travel Guide, პარტნიორებთან ერთად, ხშირად აორგანიზებს სხვადასხვა სახის სემინარს, სადაც სფეროს ლიდერები უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ხედვას ტურიზმში მოღვაწე ბიზნესებს, მაგალითად ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან პარტნიორობით, შედგა შეხვედრები სადაც 200- ზე მეტმა გიდმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენს მთავარ მიღწევად სწორედ ტურისტული ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი მიგვაჩნია და ეს მხოლოდ დასწაყისია. 

M: ყველაზე რთული ეტაპი, რაც სტარტაპმა აქამდე გამოიარა…

ყველაზე რთული ინვესტიციის მოზიდვა აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არის ვენჩურული (სარისკო) კაპიტალის ბაზრი, შესაბამისად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო. 

M: GITA-ს ერთ-ერთი გამარჯვებული ხართ. რა იყო ის ინოვაციური სიახლე, რამაც თქვენს სტარტაპს გამარჯვება მოაპოვებინა?

ჩვენი სტარტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ იმ პრობლემის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებაშია, რომელმაც ბაზარზე გაიარა ვალიდაცია და მომხმარებლებისგან მიიღი დადებითი შეფასება, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რა არის Travel Guide, ჩვენ ვსაუბრობთ, რა პრობლემას უჭრის მომხმარებელს. 

M: ახლა, როდესაც ბიზნესის განსავითარებლად ფინანსური ხელშეწყობა გაქვთ, როგორ გეგმავთ განვითარებას?

ახლა, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შემოუერთდებიან დეველოპერების, დიზაინერებისა და მარკეტერების გუნდს. ასევე, ვიწვევთ თანამშრომლობისთვის მოგზაურებს, რომლებიც ფოტო და ვიდეო კონტენტს ქმნიან.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ფოტოებს იღებს iPhone, რომლის კამერებიც გაზქურასა და ელექტროსაპარსს შეადარეს

სკოლას გადარჩენილი ბავშვები – ეკო ჩუბინიძე