in

„გითლი“, ანუ ფოტოებს ხის ფიგურებით ვაცოცხლებ და სანათებზე ვათავსებ“

Startauperi
Startauperi

წარმოიდგინეთ ნივთი, რომლის ყოველ დანახვაზეც სასიამოვნოდ გეღიმებათ. „გითლი“ არის ნათალი ხის ფიგურების საწარმო, სადაც საყვარელი ადამიან(ებ)ის ფოტოს აგზავნით, აქ კი, მათ ფიგურებს გითლიან, ხუმრობით გითლუკებს რომ ეძახიან. ამ ეტაპისთვის გითლუკები ხის სანათებზე თავსდება და ვიზუალური მნიშვნელობის გარდა, მას ფუნქციური დატვირთვაც აქვს.

მე ლაშა არეშიძე ვარ, „გითლის“ დამფუძნებელი. ამ მომენტისთვის სამსახურიდანაც წამოვედი და მთლიანად „გითლის“ მომხმარებლის ტკბილ ჩაღიმებებზე ვზრუნავ. ამაზე უკეთესი საქმე არც არსებობს.

M: ლაშა, მოგვიყევით, რა გახდა „გითლის“ შექმნის წინაპირობა…
დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე და ბევრი მცირე წამოწყებაც მქონია, თუმცა ყოველთვის ვახერხებდი ჩემი ჰობისთვის დროის დათმობას – სახლის სარდაფში, წლების მანძილზე შეძენილი დანადგარებით გართობას. ვმუშაობდი ხეზე, ვაკეთებდი ავეჯს, სხვადასხვა ნივთს.

პანდემიის დროს, სამსახურიდან შესვენებამ მომიწია, სახლში უსაქმურად ჯდომას ვერ შევეგუებოდი, ამიტომ დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ხესთან უნდა ყოფილიყო კავშირში, ამასთან ახალი და საინტერესოც. ასე შეიქმნა ჩემი მეგობრის ოჯახისთვის პირველი ფიგურა, რომელმაც „გითლის“ შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

უამრავი პროცესი გავიარეთ, განსაკუთრებულად რთული ხის გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალის მოძიება გამოდგა. დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა სანათის ფორმის დახვეწაზეც.

M: სახელწოდება „გითლი“ ძალიან მარტივად გამოხატავს თქვენი საქმიანობის შინაარსს, თან ლამაზად ჟღერს… როგორ მიაგენით მას?
„გითლი“ ძალიან მარტივი ბრენდია, მარტივად გადაწყვეტილი და მარტივი მიზნით შექმნილი. ერთადერთი რამ გვაქვს გონებაში – ჩვენმა თითოეულმა პროდუქტმა ადამიანები გემრიელად, ტკბილად ჩააღიმოს – ემოცია რომ გაწვება, მოგწონს, ცოტათი გაკვირვებულიც ხარ, გაოცებულიც – ეგეთი ჩაღიმებები.

ვინაიდან, ჩვენს კატეგორიაში ერთადერთები ვიყავით, გადავწყვიტეთ, ბრენდისთვისაც ასე მარტივად შეგვეხედა – შოთა ჩინჩალაძის დახმარებით შევარჩიეთ სახელი, რომელიც მთავარ პროცესს – თლას აღწერს. ჩვენი სიმბოლოც, რომელიც ნიკა კუმბარმა გვაჩუქა, ჩაღიმებული ფიგურაა – გითლის ადამიანუკის გრაფიკული გამოსახულება.M: როგორ იქმნება „გითლი“, მის დამზადებას ვინ უზრუნველყოფს?
საბოლოოდ რომ გადავწყვიტე ამ საქმის წამოწყება, მივხვდი, რომ გვერდზე მჭირდებოდა ადამიანი, ვინც ჩემნაირად მოტივირებული იქნებოდა, საქმეს გულით მიუდგებოდა და ამგვარად, ჩემს ბავშვობის მეგობარს, ირაკლი კახიაშვილს შევთავაზე, „გითლის“ ერთობლივად შევჭიდებოდით. მერე მივხვდით, რომ ძალიან მაგარი მხატვარიც გვჭირდებოდა და აღმოჩნდა, რომ ციცი ოსიყმაშვილმა ზუსტად ისე დაინახა ყველაფერი, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა.

დღეს, უკვე პირადი „გითლი“, სახლსა თუ სამსახურის სამუშაო მაგიდაზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს აქვს. ძალიან გაგვიხარდა, როცა ცოტა ხნის წინ, პირველი კორპორატიული შეკვეთაც მივიღეთ და ოჯახის წევრების გარდა, ახლა უკვე კომპანიებმაც გადაწყვიტეს საყვარელი მომხმარებლებისა თუ თანამშრომლების ტკბილ ჩაღიმებაზე ზრუნვა.

M: და როგორ შეგვიძლია, ერთმანეთის ტკბილ ჩაღიმებაზე ვიზრუნოთ? ანუ, სად და როგორ რეალიზდება „გითლი“? როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
რეალიზებას ფეისბუკ– და ინსტაგრამგვერდებით ვახდენთ. მომხმარებლები ფოტოებს გვიგზავნიან, შემდეგ ერთად ვარჩევთ და ასე, დამზადებას ვიწყებთ.
5-6 დღეში შეკვეთა ადგილზე მიგვაქვს. საფასო მოდელიც ჩვენი ფიგურებივით მარტივია – „გითლის“ სანათი 1-4 ფიგურის ჩათვლით, 175.00 ლარი ღირს და ყოველი დამატებითი ფიგურა: 20:00 ლარი. ესაა და ეს. მიტანა, რა თქმა უნდა, უფასოა.

M: რა იქნება „გითლის“ განვითარებისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი?
„გითლისთვის“ სხვა ფუნქციებიც მოფიქრებული გვაქვს და განვითარების პარალელურად, გამოვაჩენთ ადამიანებისთვის, რომლებიც გვეუბნებიან, რომ „გითლი“ საუკეთესო საჩუქარია – სითბოთი, სინათლით, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

ზაზა ნოზაძის ახალი ალბომი – „შეცვალე სამყარო“

5 გზა, თუ როგორ შევეგუოთ სამსახურის დაკარგვას