in

Gittly: „ვერ გავითვალისწინეთ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობა“

Startauperi
Startauperi

სასიამოვნო მოგონებების გამოთლა ლაშა არეშიძემ პანდემიის პერიოდში დაიწყო. ხესთან მუშაობის სიყვარულმა სამსახურიდან წამოსვლა და ბავშვობისდრონდელი ჰობის ბიზნესად ქცევა გადააწყვეტინა. საკუთარ მისიად ადამიანებისთვის ბედნიერი მომენტების გამოთლა და „ტკბილი ჩაღიმების“ ჩუქება გადაწყვიტა. ნაკეთობა ფოტოს მიხედვით ხის ფიგურებისა და სანათის ერთობლიობა გამოვიდა. ბრენდინგიც მარტივად გადაწყდა – სახელი „გითლი“ შოთა ჩინჩალაძის დახმარებით შეირჩა, ლოგოზე ჩაღიმებული ფიგურა კი, ნიკა კუმბარის შემოქმედებაა. „გითლის“ მუშაობის პრინციპი მარტივია – თქვენ სასურველ ფოტოს არჩევთ, ლაშას გუნდი კი, ფოტოზე მყოფი ადამიანების ფიგურებსა და სანათს კოხტად გამოგითლით. დღეს, ეს „ტკბილად ჩასაღიმებელი“ აქსესუარი ასეულობით ადამიანს აქვს. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, „გითლი“ საკუთარ შეცდომებს გვიზიარებს.

ლაშა არეშიძე, „გითლის“ დამფუძნებელი: „როგორც ყველა დამწყებ სტარტაპერს, ჩვენს გუნდსაც აქვს შეცდომები მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ძალიან პატარები და გამოუცდელები ვართ, შესაძლოა ზუსტად ვერ გითხრათ, რომელი ნაბიჯი იყო სწორი და რომელი – არა. თუმცა, ფაქტი, რომ „გითლის“ დაბადებიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ მიმართ ყურადღება და სითბო ყოველდღიურად იმატებს, ვფიქრობთ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია და ბევრ რამეს სწორად ვაკეთებთ.

ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯებით ვიაროთ. შეცდომა ხომ ის მთავარი კომპონენტია, რის გარეშეც წარმატება არ მოდის. მთავარია, აღიარება და გამოსწორება რაც სწორ გზაზე დაგაყენებს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უფრო მეტ გამოცდილებას შეგმატებს.   

ვფიქრობთ ერთ-ერთი შეცდომა რაც მოგვივიდა საწყის ეტაპზე საფასო პოლიტიკა იყო. ჩვენი სურვილი იყო მაქსიმალურად დაბალ ფასში შეძლებოდათ ადამიანებს ჩვენი გითლების შეძენა. ვერ გავითვალისწინეთ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობა, სამწუხაროდ ყველაფერი გაგვიძვირდა და ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ფასი შეგვენარჩუნებინა არ გამოგვივიდა, რამაც რიგი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ვინც ადეკვატურად აფასებს ხელით შრომას გაგებით მოეკიდა.

ერთი პერიოდი მახსენდება, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა ქვეყანაში. დავდექით დიდი პრობლემის წინაშე და მასალებს ვეღარ ვყიდულობდით, მაგრამ ამას შეცდომა რამდენად ეწოდება ვერ გეტყვით. პანდემიის პარალელურად არსებობას ხომ დიდი ბიზნესებიც ახლა სწავლობენ. ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენს შეცდომებზე ბევრი ფიქრი არ იქნება სწორი, უნდა ვიყუროთ წინ და ვიფიქროთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაჩუქოთ ტკბილი ჩაღიმება.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ, როგორ იღებდნენ Zoommer-ის „ენძელა & იას“ რეკლამას

როგორია „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობა, Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ