მარკეტერი წარმოგიდგენთ გივი ავალიანის ფოტოპროექტს – “ღია მაცივარი”
“მაცივრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ბევრი რამ აქვს მაცივარში შესანახი. ხშირად მაცივარი ოჯახის წარსული ღირსეული ცხოვრების ნაშთს წარმოადგენს ან ამჟამინდელი გაუსაძლისი ცხოვრების სიცარიელეს ინახავს. ფოტოპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცარიელი, ნახევრად ცარიელი ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო კარადად ქცეული მაცივრებით. საკვების ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები დაღს ასვამს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯანმრთელობასა და ღირსებას, ამყარებს უიმედობასა და ხვალინდელი დღის შიშს.”
აზა ხოფენია ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ორივე მათგანი უმუშევარია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 180 ლარის ოდენობით სოციალური დახმარებაა.ბაგრატ ლაფაჩი ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან, შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. სახლს ახლაც ეტყობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კვალი. კედლები ნატყვიარი და დაზიანებულია, ხშირად წყალიც ჩადის. ეს ერთადერთი სახლია, რომელიც ხელისუფლებამ არ გაამაგრა, სახურავი არ გამოუცვალა. ბაგრატის თქმით, ამის მიზეზად ის დაუსახელეს, რომ ნაგებობა არ დამწვარა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბაგრატის პენსიაა, 180 ლარი. მისი შვილი გარდაცვლილია, რძალი კი, ქალაქ გორში დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს.დავით ჟორჟოლიანი სტუდენტია. ქუთაისიდან თბილისში 4 წლის წინ გადმოვიდა. მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მშობლები იხდიან, რადგან საქართველოში სტუდენტური, ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს.ელენე ხვედელიძე ზესტაფონში მარტო ცხოვრობს. მას ეპილეფსია აქვს და მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს. ელენეს ყოველთვიური შემოსავალი 140 ლარია, აქედან 100 ლარი პენსიაა, ხოლო 40 ლარი – სოციალური დახმარება. საჭირო მედიკამენტები უფასოდ ეკუთვნის, თუმცა, უკვე ორი თვეა არ აუღია. მაცივარი 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს იყიდა. თუმცა, ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდის შიშით ძირითადად, გათიშული აქვს.გიორგი გიორგიძე ზესტაფონში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. გიორგი „ჯორჯიან მანგანეზში“, მძიმე მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს. საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ხშირია სამუშაო ადგილზე მუშების სიკვდილისა და მძიმედ დაზიანების შემთხვევები. გიორგი ამბობს, რომ ხელისუფლებას სამუშაო პირობების გაუმჯობესება არ აღელვებს. გიორგი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია შრომის ინსპექციის შექმნა.იროდი ნეფარიძე ცოლთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შვილის პენსიაა, 180 ლარი. აქამდე, სოციალურ დახმარებასაც იღებდნენ, თუმცა შეუწყვიტეს. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე მომუშავე კომპანია გარემოს დაცვაზე არ ზრუნავს, შესაბამისად ჰაერი, მიწა და წყალი დაბინძურებულია.ლეილა ეხვაია შვილთან ერთად ხურჩაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ პატარა მდინარე ჩამოდის, რომლის მეორე ნაპირზე საყანე მიწა აქვს, თუმცა ვერ ამუშავებს. ეს მიწა უკვე აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. ოჯახის შემოსავალი ლეილას 180 ლარიანი პენსიაა.მიხეილ ლასხი მაღაროელია, მანგანუმის მოპოვებაზე მუშაობს. ის ცოლთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ უსახელოში, ორ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 500 ლარია.მირიან იმედაძე აფხაზეთიდან დევნილია. ის ცოლთან, დედასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მირიანი ტყიბულის შახტაში მუშაობს. მირიანის თქმით, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ, ანაზღაურება კი ამ მძიმე შრომის შესაბამისი არ არის.მზევინარ გაგოშიძე მარტოხელა დედაა. ის 3 წლის შვილთან ერთად ბარაკის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, თუმცა ეს ბარაკიც არაა მისი, რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. სახლი ავარიულია და ნესტიანი. მზევინარი სოციალურად დაუცველია და ყოველთვიურად 108 ლარს იღებს. ამავდროულად, სკოლაში დამლაგებლად მუშაობს, სადაც 160 ლარს უხდიან.2012 წელს ქუთაისში 25-მა უსახლკარომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა დაიკავა და ოთახები გადაინაწილა. ყველას თითო ოთახი შეხვდა. ოთახების უმრავლესობა 20-30 კვადარტული მეტრის ფართობისაა. მას შემდეგ ნინო მხეცაძე ამ შენობაში ცხოვრობს. ამავე შენობაში ცხოვრობენ მისი ქალიშვილი, ქალიშვილის ქმარი და შვილიშვილი, მაგრამ მათ ოთახში წყალი ჩადის და ზამთარში ოთხივეს ერთ ოთახში უწევს ცხოვრება. ნინო უმუშევარია. სოციალურ დახმარებას არ იღებს.ქიშვარდი კალანდაძე უსახლკაროა. ის რუსეთის მოქალაქის კუთვნილ ქოხში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ სახლის ერთი კედელი ჩამოინგრა და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ქიშვარდი ომის ვეტერანია, საპენსიო ასაკამდე ვეტერანის პენსიას იღებდა, ახლა ასაკობრივ პენსიას იღებს, 180 ლარს. ამის გარდა მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 60 ლარი.