in

„19 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე, სამსახური დამეტოვებინა და ჩემი კომპანია დამეფუძნებინა“ – გივი ბერიძე

„რეალურად რომ შევხედოთ, მისი ბოლო დიდი კრახი უნდა ყოფილიყო. მაგრამ თითქოს წერტილები სწორად შეერთდა და ყველაფერი ერთმანეთს აეწყო“.

ჯერჯერობით, ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება პირველ კურსზე გაკეთებულ არჩევანს უკავშირდება. მაშინ ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მქონდა და ძალიან სწრაფადაც იზრდებოდა. ეს იყო პერიოდი, როცა დიდი პასუხისმგებლობები აღებული არ მქონდა. თანხას, რასაც ვიღებდი, მცირე ნაწილს ვიტოვებდი, დანარჩენს კი ჩემი ოჯახის წევრებს ვაძლევდი. კარიერულად, საკმაოდ წარმატებულ გზაზე ვიდექი. გარდა ამისა, პერსპექტიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი (MACS[E], თავისუფალი უნივერსიტეტი).

მიუხედავად ამისა, 19 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე, რომ სამსახური დამეტოვებინა და ჩემი კომპანია, Edison Tech დამეფუძნებინა. შესაძლოა, ძალიან ბავშვურად და ნაჩქარევ გადაწყვეტილებად ჟღერდეს, თუმცა ეს არჩევანი იმ ამბიციების გამო გავაკეთე, რომლის ფარგლებშიც, ჩემი სურვილი იყო, ოდესმე, ტექნოლოგიურ ბაზარზე საკუთარი ხელწერა დამეტოვებინა და ისეთი პროდუქტები შემექმნა, რომელსაც მილიონობით ან სულაც, მილიარდობით ადამიანი გამოიყენებდა.

გადაწყვეტილების მიღების მომენტში ვიცოდი, რომ ბიზნესმოდელი, რომლის განვითარებასაც ვაპირებდი, მინიმუმ, საქართველოს ბაზარზე სიახლე იქნებოდა. მოთხოვნა წესით დიდი უნდა ყოფილიყო და ფინანსურადაც ჩემი სიტუაცია დიდად არ უნდა შეეცვალა. პირიქით, მოლოდინი მქონდა, რომ გააუმჯობესებდა კიდევაც. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გადაწყვეტილება მესახებოდა გზად – საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, მწვერვალების დასაპყრობად, ოცნებების ასახდენად.

გუნდი შევკარი და პირველი ჭკვიანი Hardware შეკვეთები მივიღეთ. მალევე, დანაზოგი რომ ამომეწურა, მივხვდი (დაახლოებით, 4-5 თვეში) – ხელფასი 300-400₾ მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც სახელფასო ბიუჯეტი საერთოდ 0₾ იყო და ჰორიზონტზეც არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. თუმცა მაშინ ხომ მხრებზე ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა არ მქონდა წამოკიდებული, ყველაფერს შედარებით მარტივად ვუყურებდი, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობიდან, როცა 24 წლის ვარ. ამიტომ, all-in წავედი.

ახალი პროდუქტების შექმნა და კომპანიებისთვის ჩვენი თავის გაცნობა, რამდენიმე უცხოურ ბაზარზე შესვლა დავიწყეთ. ეს რთული პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამან ის შედეგი მომცა, რაც ახლანდელი გადმოსახედიდან, წესით ვერ უნდა მიმეღო. ამის წინაპირობა იყო ის, რომ გაბედვა ადრეულ ასაკში დავიწყეთ. ზუსტად მაშინ, როცა მარცხი ძალიან მტკივნეული არ არის.

დღეს, უკვე ის დრო მოგებული გვაქვს და ბევრი ნაბიჯით წინ ვართ. ახლა ვართ უკვე ეტაპზე, როდესაც სტაბილურად ვიზრდებით, ვქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა. ჩვენი ასაკისთვის ისეთი გამოცდილება გვაქვს, რაც ზოგისთვის წარმოუდგენელია. ამოუწურავი ენერგია საშუალებას გვაძლევს, ექსპონენციალურად გავიზარდოთ. ამ ყველაფრის გამო კი, ჩვენი ამბიციები ძალიან გაზრდილია და ვფიქრობთ, მალე მივაღწევთ სხვა დასახულ მიზნებსაც, რომლებიც მწვერვალებისკენ მიდის.

ძალიან რთულია იმის თქმა, შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორ შევცვლიდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან რეალურად რომ შევხედოთ, მისი ბოლო დიდი კრახი უნდა ყოფილიყო. მაგრამ თითქოს წერტილები სწორად შეერთდა და ყველაფერი ერთმანეთს აეწყო, რაც ნაწილობრივ დიდი დამთხვევაცაა და ნაწილობრივ იმის დამსახურება, რომ არ დავნებდი. ერთი, რაც შეიძლებოდა, უკეთ გამეკეთებინა, არის ის, რომ რაღაც პერიოდი ორივე საქმე პარალელურად მეკეთებინა. ამით უფრო დიდხნიან ფინანსურ სტაბილურობას შევინარჩუნებდი და ემოციურადაც ნაკლებად დამარტყამდა ის რთული პერიოდი.

მაგრამ You will never know! შეიძლება, ამ კომფორტის ზონას უარესი შედეგი მოეტანა.

გივი ბერიძე, Edison Tech

მალე Apple Watch-ს შეხების გარეშე გააკონტროოლებთ!

ახალი კვლევა – შინაური ცხოველები და მათი მეპატრონეები ერთად დიეტობენ!