M: სტუმარმასპინძლობის სექტორიდან ავიაციაში როგორ აღმოჩნდი?
ავიაცია ყოველთვის იყო ჩემი საბოლოო მიზანი. თუმცა, სანამ აქ მოვხვდებოდი, 15-წლიანი მოგზაურობა გავიარე ტურიზმის სხვადასხვა სფეროში. დავიწყე ტურ-ოპერატორ კომპანიაში, შემდეგ ვმუშაობდი სასტუმროში, მივიღე ონლაინ ტურისტული სააგენტოს (OTA) გამოცდილებაც. პანდემიის შემსუბუქების შემდეგ, როცა საზღვრები გაიხსნა, ამერიკაში დავბრუნდი, სადაც კვლავ OTA-ში დავიწყე მუშაობა. როდესაც ავიაკომპანიაში საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდა, ამ გამოწვევას ვუპასუხე და უკვე ორ წელზე მეტია, რაც აქ ვმუშაობ.
M: რით არის ეს სფერო შენთვის განსაკუთრებული?
საკუთარ თავს Avgeek-ს ვუწოდებ – ადამიანს, რომელსაც ავიაციის ყველა ასპექტი აინტერესებს და იზიდავს. განსაკუთრებით მხიბლავს თვითმფრინავები, ავიაკომპანიები, აეროპორტები და ის ფაქტი, რომ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიფრინოთ 11 კილომეტრის სიმაღლეზე 850 კილომეტრი საათის სიჩქარით. ავიაცია არასდროს არის სტატიკური – ის მუდმივად ვითარდება და ახალ გამოწვევებს გვთავაზობს.

M: გვიამბე, როგორ აღმოჩნდი Frontier Airlines-ში?
Frontier Airlines-ში, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობს ამერიკული საინვესტიციო კომპანია Indigo Partners. საინტერესოა, რომ იგივე კომპანია ფლობს უნგრულ Wizz Air-ს, მექსიკურ Volaris-ს და ჩილეურ JetSMART-ს. ჩვენი ფლოტი შედგება 160-მდე Airbus A320 ტიპის თვითმფრინავისგან და ამერიკის ავიაბაზარზე ყველაზე თანამედროვე ფლოტით გამოვირჩევით.
კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტს, 2022 წლის ნოემბრიდან შევუერთდი მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის როლში. ვხელმძღვანელობ მარკეტინგულ აქტივობებს ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის აეროპორტებში, მათ შორის ნიუ იორკის კენედის, ბოსტონის ლოგანის, ფილადელფიის საერთაშორისო და ვაშინგტონის დულესის აეროპორტებში.
M: რა კრიტერიუმები ჰქონდათ შენი კანდიდატური შერჩევისას და როგორ შეაჩერეს არჩევანი შენზე?
ჩემი პოზიცია გამორჩეულია იმით, რომ ჩვენი გუნდი განაწილებულია ავიაკომპანიის სხვადასხვა ჰაბ-აეროპორტში, ამერიკისა და პუერტო რიკოს მასშტაბით. ეს საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად განვახორციელოთ მარკეტინგული კამპანიები ყველა ჩვენს 13 ჰაბ-აეროპორტში ერთდროულად და ოპერატიულად.
კომპანია ეძებდა დინამიკურ პიროვნებას, ვინც მზად იქნებოდა ცვლილებებისთვის და შეძლებდა დამოუკიდებლად მასშტაბური მარკეტინგული პროექტების განხორციელებას მოკლე ვადებში. ჩემს არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ტურისტულ მარკეტინგში ჩემმა გამოცდილებამ და ავიაციისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა.
M: როგორი თავისებურებებით ხასიათდება ავიაკომპანიის მარკეტინგი?
Frontier Airlines იყენებს ე.წ. Guerrilla მარკეტინგის სტრატეგიას, რაც გულისხმობს დაბალბიუჯეტიან, ვირუსულ და ხშირად, არატრადიციულ მიდგომებს. როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ხშირად გვიწევს კრეატიული გზების ძიება რესურსების ოპტიმიზაციისთვის. განსაკუთრებით წარმატებულია ჩვენი მასკოტი – დათვი სახელად გრიზი (გრიზვალდი), რომელიც რეგულარულად სტუმრობს აეროპორტებსა და თვითმფრინავებს. რამდენჯერმე მეც მოვირგე დათვის ფორმა, რაც ძალიან საინტერესო და სახალისოა.
M: რა უნარებია საჭირო ავიაციის მარკეტინგში წარმატებისთვის?
მარკეტინგის ზოგადი გამოცდილება საკმარისია ავიაკომპანიაში კარიერის დასაწყებად, თუმცა ავიაციისადმი ინტერესი და სიყვარული სამუშაოს გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის.
M: რით განსხვავდება ავიაციის მარკეტინგი ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის მარკეტინგისგან?
სასტუმროს მარკეტინგისას ჩვეულებრივ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ვმუშაობდი, მაშინ როცა ავიაკომპანიაში ჩვენი აუდიტორია მოიცავს 10 მილიონამდე პოტენციურ მგზავრს და ასობით დანიშნულების ადგილს ამერიკის მასშტაბით. ავიაკომპანიის მარკეტინგი გვაძლევს საშუალებას, გავცდეთ ფიზიკურ სივრცეს, განსხვავებით სასტუმროს მარკეტინგისგან, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია კონკრეტულ სერვისებზე – ოთახებზე, რესტორნებზე, საკონფერენციო დარბაზებსა თუ სპა ცენტრებზე.
M: როგორი იყო ამერიკულ კომპანიასთან ადაპტაციის პროცესი?
19 წელია ამერიკაში ვცხოვრობ (თუ არ ჩავთვლით საქართველოში გატარებულ 6 წელს), ამიტომ, ამერიკული სამუშაო გარემო ჩემთვის ნაცნობია. ჩემთვის, უფრო რთული აღმოჩნდა საქართველოში დაბრუნება და ადაპტაცია, ვიდრე პირიქით.
M: გაქვს თუ არა სხვა პროფესიული მიზნები მარკეტინგის სფეროში?
ვფიქრობ, ავიაციაში ვიპოვე ჩემი ადგილი და ამ ეტაპზე, სფეროს ცვლილებას არ ვგეგმავ. საინტერესოა დანიშნულების ადგილების მარკეტინგი (destination marketing), რომელიც შეიძლება ვცადო თუ ოდესმე ავიაკომპანია მომწყინდა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი