in

გივი ბიწაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური რადიო “ევრიკა” იყო. 2004 წელს დავიწყე მუშაობა RJ-ის პოზიციაზე. მაშინ, დაახლოებით 18 წლის ვიყავი. ენერგეტიკაზე ვსწავლობდი, მიზიდავდა მიკროფონები, ჩემი პატარა მიქშერიც მქონდა, ხაზის რადიოც მქონდა აწყობილი და ძალიან მიყვარდა რადიო. რადიოში მუშაობა სულ მინდოდა და დღემდე ძალიან მიყვარს. ეს იყო ჩემთვის ოცნების სამსახური, ამიტომ გამოვძებნე ნაცნობი და “ევრიკაში” მისი რეკომენდაციით მოვხვდი. კვირაში ერთი ღამისა და ერთი დღის განმავლობაში მიმყავდა ეთერი. ანაზღაურება შემოსული შეტყობინებების მიხედვით იყო და თვეში, დაახლოებით, 15 ლარი გამომდიოდა. მახსოვს, ეთერში რომ შევედი და ჩემივე ხმა გავიგონე, უცნაური შეგრძნება იყო, თან გავიაზრე, რომ პოტენციურად მილიონი ადამიანი მისმენდა და უნდა მეკონტროლებინა, რას ვიტყოდი და როგორ ვიტყოდი. ამ სამსახურმა მასწავლა კარგი მუსიკის არჩევა, გამომიმუშავა საჯარო საუბრის უნარები. შემდეგ, ამერიკაში წავედი, გაცვლითი პროგრამით. იქ, ვიზა რომ გამიგრძელეს და მუშაობის საშუალება მომეცა, მახსოვს, ვფიქრობდი – ფულს დავაგროვებ და საქართველოში რომ დავბრუნდები, რადიოს გავხსნი მეთქი.

ამ სამსახურის პარალელურად, ვმუშაობდი ვებსტუდია “ჯეოლინკსში”, საიტებს ვაკეთებდი, ასე ვთქვათ, ვებმასტერი მერქვა. იქ Forum.ge-ზე აქტიურობის შედეგად მოვხვდი – კომპანიის დირექტორმა მომწერა და სამსახური შემომთავაზა. ჯერ დროებით პროექტებზე ვმუშაობდი, შემდეგ სრულ შტატში ამიყვანა. აქაც, დაახლოებით 1-2 წელი ვიყავი. ანაზღაურება 400 ლარი მქონდა და ძმა მართმევდა ხოლმე, შეყვარებული რომ პაემანზე წაეყვანა.

ამერიკაში ყოფნისას, ჩრდილო ამერიკის ყველაზე დიდ ტუროპერატორთან Apple Vacations ვთანამშრომლობდი, სადაც დავიწყე გაყიდვების აგენტის პოზიციიდან, გადავედი რეზერვაციების გუნდის ლიდერად და შემდეგ, ანალიტიკოსად. დღემდე ვფიქრობ, რომ რადიოს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ყველაზე საყვარელი სამსახური, რაც მქონდა.

გივი ბიწაძე – Sheraton Grand Tbilisi-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი.

ჩემი სოფელი: კენკროვანი კულტურის მოყვანა მაღალმთიან აჭარაში

როგორია OnePlus 8T – ოფიციალური ვიდეო პრეზენტაციამდე გავრცელდა