in

#თაობა: გივი გელაშვილი – ელექტრონული მუსიკის პროვაიდერი საქართველოში


უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლისთვის მუსიკას ყოველთვის სჭირდება პლატფორმა, რომელიც მარკეტინგულ მხარეს გაუძღვება. თანამედროვე რეალობაში მუსიკოსებს ხშირად უწევთ ამ ყველაფრის თავად ორგანიზება. სოციალურმა ქსელებმა და სხვა სპეციალურად შექმნილმა ციფრულმა არხებმა ხელი შეუწყვეს მრავალი მუსიკოსის აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. Youtube სუპერვარსკვლავებიც მალევე აღმოცენდნენ. გივი გელაშვილი მელომანია, რომელიც სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით ელექტრონული მუსიკის ახალ ტრენდებს აცნობს საზოგადოებას. მისი მუსიკალური არხი უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი, შესაბამისად, მოთხოვნაც დღითი დღე იმატებს. გთავაზობთ #თაობის ინტერვიუს ქართველ იუთუბერთან.

 

M: გივი, პირველ რიგში, გვითხარი როდიდან და რატომ დაინტერესდი ელექტრონული მუსიკით?

ელექტრონულ მუსიკის მოსმენა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე, მაგრამ მის მიმართ დიდი ინტერესი არ მქონია. მახსოვს 2010 წელს ვუყურე ფილმს, სახელწოდებით Berlin Calling, რომლის შემდეგაც გამიჩნდა ინტერესი მუსიკის ამ განხრის მიმართ. 2012 წელს პირველად აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით Second Life Festival-ზე, რომელიც თბილისში ჩატარდა და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესზე. ამის შემდეგ, ჩემი მეგობრის წყალობით, რომელმაც Nodrex & Kancheli-ს სეტი მომასმენინა, აღმოვაჩინე Vodkast-ის პოდკასტების სერია, ამანაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. 2015 წლის 17 აპრილს, Bassian-ზე აღმოვაჩინე Moritz Von Oswald, რომელმაც საბოლოოდ შემაყვარა ელექტრონული მუსიკა, კერძოდ მისმა და Mark Ernestus-ის საერთო პროექტებმა.

M: თავიდანვე დიდი მიზნებით გაიხსნა შენი მუსიკალური არხი თუ დასაწყისში უბრალოდ ჰობი იყო?

თავიდან არც მიფიქრია, რომ ამდენი გამომწერი და მნახველი ეყოლებოდა ჩემს არხს, სწორედ ამიტომაც დავარქვი არხს უბრალოდ ჩემი სახელი. თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო ის, რომ ამეტვირთა ისეთი ტრეკები, რომლებიც YouTube-ზე საერთოდ არ იდო.

M: ამჟამად, როგორი ვითარებაა არხზე, გამომწერებისა და აქტიურობის თვალსაზრისით?

გამომწერების და აქტიურობის რაოდენობა დღითიდღე იმატებს, უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის ჩემი არხის შესახებ, შესაბამისად ბევრი ნახულობს, აზიარებს ლინკებს და გამომწერების რაოდენობაც უფრო იმატებს.

M: თანამედროვე ეპოქაში ხშირი გახდა, რომ მუსიკოსები სწორედ Youtube-ის ან SoundCloud-ის მეშვეობით ხდება აღმოჩენილი. რამდენად ხშირად მოგმართავენ კონკრეტული ტრეკის ან რელიზის ატვირთვის თხოვნით?

ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან მოიმატა თხოვნების რაოდენობამ, მაგრამ ამას უფრო ნაკლებად ცნობილი ლეიბლები და არტისტები აკეთებენ. მეც შესაბამისად ვუსმენ ყველაფერს და რაც მომწონს ვტვირთავ.

M: რა პრობლემები გექმნება ლეიბლებთან ურთიერთობაში? ხომ არ ყოფილა საშიშროება, რომ კონტენტის არხზე განთავსების შემდეგ დახურვის საშიშროება ყოფილიყო?

თავიდან ხშირად მექმნებოდა პრობლემები ლეიბლებთან და არტისტებთან, რადგან მათ არ ვეკითხებოდი, შეიძლებოდა თუ არა ატვირთვა და არც ვიცოდი ზოგადად რომელ ლეიბლს თუ არტისტს ქონდა YouTube-ზე ტრეკის ატვირთვის პრობლემა, მაგრამ ახლა უკვე ბევრ ლეიბლთან მქონია კონტაქტი, შესაბამისად ვიცი, რისი ატვირთვის უფლება მაქვს და უფრო თავისუფლად ვმოქმედებ. ერთხელ დამიხურეს არხი, მაგრამ ლეიბლთან მიმოწერით მოვახერხე და აღვადგინე არხი ისე, რომ არაფერი არ წაშლილა.

M: შენი არსებული „ინტერნეტ სოციალური კაპიტალით“ საჭირო ფიგურა ხარ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენისთვის. რამდენად ცდილობ ლოკალურ მუსიკოსები უფრო დიდ აუდიტორიას გააცნო?

დღეისათვის ჩემი არხის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ არის ის, რომ გავაცნო უცხოურ აუდიტორიას ქართველი არტისტები. უკვე ბევრი ქართველი არტისტის ტრეკი თუ რელიზი მაქვს ატვირთული და ყველას როგორც შემიძლია ისე ვეხმარები. ასე, რომ ვინც არ იცის, ყველას შეუძლია, რომ გამომიგზავნოს ტრეკები.

 

https://www.youtube.com/watch?v=E1KB4i7yRgc

M: დაუტოვე ტრეკი #თაობას ფლეილისტისთვის…

სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ტრეკის დატოვება შემიძლია, ხუთი უფრო უკეთესი იქნებოდა. სიამოვნებით დავტოვებდი ზემოთ ხსენებულ Moritz Von Oswald-ის და Mark Ernestus-ის Round-ების სერიას, მაგრამ რახან ერთი ტრეკის დატოვების უფლება მაქვს, მაშინ ამ სერიის ბოლო ტრეკს დავტოვებ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომლის გამოც ასე აქტიურად ჩავერთე ელექტრონულ მუსიკაში.

 


ბაზარზე საბავშვო ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი „ნიკოლი” გამოჩნდა

TV 11-ის გადაღებული „დირსის დღიურები” – რას გაიგებს მომხმარებელი 25 სექტემბრიდან კომპლექსის შესახებ?!