in , ,

ბევრი შემოთავაზება მქონდა, მემუშავა “ფიქსირებულ” ხელფასზე, მაგრამ დაუფიქრებლად ვეუბნებოდი უარს”, – გივი მაღრაძე

ზოგჯერ, ჩვენ მივუყვებით გზას, რომელიც არ მოგვწონს და ვერ აღვიქვამთ “ჩვენად”. ასეთ დროს, რთულია განსაზღვრო, როგორ მოიქცე, რა არის უფრო სწორი. მაშინაც კი, როცა ვიცით, რა გვინდა, სტერეოტიპებსა და მენტალიტეტთან გვიწევს გამკლავება. მეორე მხრივ, ბევრს უჩნდება ეჭვი, კითხვა – ხომ არ გაუხდება ეს არასტანდარტული ნაბიჯი სანანებელი?! ამ რუბრიკაში გვინდა გიამბოთ ადამიანებზე, რომლებმაც გადადგეს გამბედავი ნაბიჯები იმისკენ, რაც ნამდვილად სურდათ.

საოფისე სამსახურში საკუთარი თავი ვერასოდეს წარმოედგინა, რადგან ყველგან და ყოველთვის თავისუფლებას ეძებს… ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან დაკავებულია პარკურით, უყვარს სპონტანური მოგზაურობა და იღებს ექსტრემალურ ვიდეორგოლებს, რაც გახდა კიდეც მისი სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე ბევრი იცნობს ვიდეოგრაფ და ტრეისერ გივი მაღრაძეს, რომლის #გამბედავი ნაბიჯების შესახებ მისი ისტორია გვიამბო.

პროფესიული არჩევანი

ბავშვობიდან პროგრამისტობა მინდოდა. კომპიუტერებს ვშლიდი, ვაწყობდი, ანიმაციები და ვიდეოთამაშები მიზიდავდა, თუმცა კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩაბარების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ “სხვაგან მოვხვდი”. რეალურად, სულ სხვა რამეს გვასწავლიდნენ, რაც წარმომედგინა, მოძველებული მეთოდებით, გამოცდამდე რომ უნდა დამეზეპირებინა და შემდეგ დამვიწყებოდა. ვეღარ დავინახე გზა, რა უნდა მეკეთებინა. კარგი სამსახური რომც მეპოვნა, კარგი ხელფასით, ეს მე ბედნიერებას ვერ მომიტანდა. ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ერთსა და იმავე ადგილას ჯდომა მთელი დღის მანძილზე, დილიდან საღამომდე. ვერ წარმომედგინა ჩემი თავი ასეთ სამსახურში. თუმცა, ვაცნობიერებდი იმასაც, რომ პარკურით კარიერას, როგორც ასეთი, ვერ ავიწყობდი. უფრო ხელოვნებისკენ ვიყავი მიდრეკილი.

ჰობი

პარკურით 14 წელია, რაც ვარ დაკავებული. პარალელურად, ვიდეოებს ვიღებდი ხოლმე ამ თემაზე და Youtube-ზე ვდებდი. ამას ჩემთვის ვაკეთებდი. არ მქონია კომერციული ინტერესი. სპეციალურადაც არ გამიკეთებია ვიდეო, ვინმეს ყურადღება რომ მიმეპყრო, უბრალოდ, ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა.

პირველი სამსახური

მეორე კურსზე ვიყავი. მეგობარი მუშაობდა Music Box-ში. მთხოვა რაღაცები გამეკეთებინა 3D-ში, რაკი გრაფიკით ვიყავი გატაცებული. აღმოჩნდა, რომ Music Box-ში მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და შემიკვეთეს ქუდები, ტიხრები და ა.შ. მახსოვს, რომ დამავალეს, თავიდან ძალიან ვინერვიულე, შემდეგ მოვიკრიბე ძალები, ჩავაბარე რაღაც ნიმუშები, მოეწონათ და ამიყვანეს. გამიხარდა. იმ მომენტიდან გადავწყვიტე, გადავსულიყავი ფრილანსინგზე. Music Box რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ, ვეცდებოდი პარკურის მიმართულებით წასვლას, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, პროგრამირებას არ გავყვებოდი.

პირველი შეკვეთა

თავიდან ალაგ-ალაგ მქონდა შეკვეთები, მაგრამ რაც მქონდა, ყველაფერი საინტერესო იყო განვითარებისთვის. წინ დამხვდა ყველაფერი. Music Box-ში თავიდან გადაცემების ქუდებს, ანიმაციურ რაღაცებს ვაკეთებდი, თუმცა, ანიმაციით საქართველოში რთული იყო “გაქაჩვა”. ისე მოხდა, რომ მეგობრებმა სვანეთში Extreme Week მოაწყვეს. ეს იყო ძალიან დიდი სპორტული ფესტივალი. იცოდნენ, რომ ექსტრემალური ვიდეოეობის გადაღება მომწონს და დამიკვეთეს დოკუმენტური ფილმის შექმნა ფესტივალზე. ეს იყო დებიუტი, პირველი შეკვეთა, როგორც ფრილანსერს და ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. აქედან უკვე გამიჩნდა ინტერესი, რომ ვიდეოების მიმართულებით გადავრთულიყავი. ვიღებდი თიბისის ჯაზ-ფესტივალებს. იყო პერიოდიც, როდესაც საერთოდ არავინ მეძახდა, რადგან არავინ მიცნობდა.

“ფრილანსინგი”

ზოგს, ჩემ გარშემო, დიდ ტელევიზიაში, ფიქსირებულ ხელფასზე ერჩივნა მუშაობა. მე ფრილანსერობა ვარჩიე. პრინციპში, მაშინ არც ვიცოდი, რომ ასე ერქვა, არც ის ვიცოდი, რომ შეიძლება ამ “რეჟიმით” იცხოვრო, იმუშაო და შემოსავალი გქონდეს. რთული იყო, ბუნებრივია, უცხოც. თან, საქართველოში, იმ დროს არ იყო განვითარებული ფრილანსერობა. გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება იმუშავო სახლიდან და ამაში ვინმემ ფული გადაგიხადოს. იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ არც ვფიქრობდი, რა იქნებოდა მომავალში. რა თქმა უნდა, ბევრი შემოთავაზება მქონდა, მემუშავა “ფიქსირებულ” ხელფასზე, მაგრამ დაუფიქრებლად ვეუბნებოდი უარს. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების შეზღუდვა. მარტო ფულის კეთება ჩემთვის არასდროს ყოფილა მთავარი. უბრალოდ, მინდოდა დღეში 3-4 საათი მქონოდა დრო პარკურში სავარჯიშოდ და ვოცნებობდი, გამეცნო პარკურის მსოფლიო “ვარსკვლავები”, ვისაც ვგულშემატკივრობდი და მათთან ერთად მემოგზაურა.

ახდენილი ოცნება

პარკურში ჩემი “კუმირი” დანიელ ილაბაკა იყო. სულ ვუყურებდი მის ვიდეოებს და ოცნებად მქონდა, გამეცნო და მასთან ერთად მევარჯიშა. მივწერე კიდეც წერილი. დედამისმა მიპასუხა. რეგულარულად ვწერდი და ვიღებდი პასუხს. ერთხელ, შემატყობინა, რომ ლონდონიდან, მსურველები დანიელთან ერთად მიდიოდნენ პარკურის ტურნეში და მეც მეპატიჟებოდნენ. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ლონდონში ისე ჩავედი, წესიერად მისამართიც არ ვიცოდი. ასე ვიმოგზაურეთ ერთად. დანიელიც გავიცანი, სხვებიც.

ექსტრემალური მოგზაურობა

მიყვარს მოგზაურობა და ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ წინასწარ განსაზღვრული დიდი ბიუჯეტით მივდივარ. სინამდვილეში, სპონტანურად, ვიღებ ორმხრივ ბილეთს, ანუ ვიცი, როდის წავალ და როდის ჩამოვალ, დანარჩენს არ ვგეგმავ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო იამაიკა, სადაც ერთი თვით წავედი მეგობართან ერთად. ღია ცის ქვეშ გვეძინა, ჰამაკებში, ხან შეიძლება ღამით მოულოდნელად შხაპუნა წვიმა წამოსულიყო. კრიმინალით განთქმული ადგილია, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად, მხოლოდ კარგი ხალხი შეგვხვდა. საინტერესოც ესაა, მოულოდნელი იყო, დაუგეგმავი. არასოდეს იცი, რა მოხდება და მაინც მიდიხარ, ტკბები იმ წუთით, იმ მომენტით, რომელიც გაქვს და არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება შემდეგ.

ყველა ერთად! – Qatar Airways-ის მხიარული ვიდეორგოლი მსოფლიო ჩემპიონატისთვის 

კადრში დაჭერილი მოძრაობა! – Nike-ის ვიდეორგოლი