31
Jan
2017

ქართველი ვიდეოგრაფი და ტრეისერი Freesports and Youth Culture-ზე სპიკერად მიიწვიეს

31 Jan 2017

გივი მაღრაძე

დღეს სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს საყვარელი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი, მაგრამ ყველას არ ყოფნის ძალისხმევა და გამბედაობა, უარი თქვას საქმიანობაზე, რომელიც პოპულარულია, თუმცა, მისთვის უინტერესო. გივი მაღრაძე ვიდეოგრაფია, რომელმაც უარი თქვა პროგრამისტის პროფესიით მუშაობაზე და გადაწყვიტა, ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს და გამოსდის. პარკურით გივი 13 წლის წინ დაინტერესდა და შემოქმედებას ექსტრემალური ვიდეოების სერია შემატა. 16-17 თებერვალს ის იტალიის ქალაქ პესკარაშია მიწვეული სპიკერად, University of the Nations-ის ორდღიან ვორქშოფზე Freesports and Youth Culture, სადაც ექსტრემალურ ვიდეოგრაფიაზე ისაუბრებს. როგორ აქცია ჰობი ანაზღაურებად საქმიანობად, როგორ შეუთავსა ვიდეოგრაფია საყვარელ სპორტს და სხვა საინტერესო დეტალებზე გივი თავად გიამბობთ.

M: მოგვიყევი შენზე, რას საქმიანობ, საიდან დაიწყე და როგორ განვითარდა ყველაფერი? 

ეს გადაწყვეტილება მივიღე მეორე კურსზე, როცა ვსწავლობდი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე პროგრამირების მიმართულებით. აღმოვაჩინე ჩემში სხვა ინტერესი და დავდექი დიდი არჩევანის წინაშე, ან უნდა ამომერჩია პროგრამირება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, მქონოდა რეგულარული სამსახური და სტაბილური შემოსავალი, ან უბრალოდ ამერჩია ის, რაც ნამდივალდ მიყვარდა და მაინტერესებდა. და ის აზრი, რომ მე მომიწევდა ოფისსში ჯდომა, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ალბათ, ამ ფაქტორმაც მიბიძგა, გავმხდარიყავი ფრილანსერი. გავრისკე და ავირჩიე ის, რაც ნამდვილად მიყვარს და დღემდე დიდი მოტივაციით ვუდგები ამ საქმეს.

 

იმ პერიოდში ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და უნიჭიერესი ადამიანი დავით გოგოხია მუშაობდა music box-ში და რაღაც გრაფიკულ ნიუანსებზე ვეხმარებოდი ხოლმე. შემდეგ თვითონ music box-ს ვუმზადებდი გრაფიკულ ანიმირებულ ქუდებს გადაცემებისთვის. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ფრილანსინგში და პარალელურად, ვაგრძელებდი ვიდეოგრაფიის სფეროში მოღვაწეობას. ძირითადად, პარკურის ვიდეოებს ვიღებდი. პირველი დიდი პროექტი რაც მქონდა, ეს იყო extreme week 2011. ასე ვთქვათ, extreme-ის სიყვარულით გულანთებულმა ახალგაზრდება ჩაატარეს ეს დაუვიწყარი ერთკვირიანი ფესტივალი მესტიაში და მე და დათო მანდ გადამღების სტატუსით ვიყავით. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ნახტომი და რაც მთავარია, ყველა ჩემი ინტერესი გააერთიანა ამ ღონისძიებამ. შემდეგი პროექტი იყო TBC Bank-ის ჯაზ სერიები. ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა გაგვიწია რეკომენდაცია. იყო რაღაც პერიოდი, როცა ჩავარდა ყველაფერი და ფაქტიურად, თავიდან მომიწია დაწყება და გავლა, მაგრამ არასდროს მინანია, რომ მე ეს ავირჩიე და არ დამიკარგავს შემართება. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე ასე და რაც მთავარია, თავისუფლება არასდროს მეზღუდება. პარალელურად, ვარჯიშსაც ვახერხებ  და მოგზაურობასაც.

M: საიდან დაიწყო შენი პარკურით გატაცება?

2001 წელს გამოვიდა ფილმი, სახელად “იამაკასი – თანამედროვე სამურაები”, სადაც პირველად იყო გამოყენებული ფილმში პარკურის ელემენტები, ძალიან პოზიტიური და კარგი ფილმია. ამ ფილმის ნახვის შემდეგ აღმოცენდა ჩემში პარკურის შესწავლის სურვილი, მაგრამ მეგონა რომ ეს უბრალოდ ფილმისთვის იყო გამოყენებული და 2006 წელს გავიგე, რომ ეს დისციპლინა ყოფილა და ერქვა პარკური, რომელიც ფრანგმა ახალგაზრდა ბიჭებმა შექმნეს ქალაქ ლისში.

 

პარკურის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით შეცვალა. გამიჩნდა ახალი კუმირი, დანიელ ილაბაკა, რომელიც დღემდე ლეგენდაა პარკურის ისტორიაში. წილად მხვდა ბედნიერება და ამ ადამიანთან ერთად ვიყავი თვენახევარი სამხრეთ ამერიკის ტურში და ერთი თვე ევროპის ტურში. ფანატიზმი კარგ მეგობრობაში გადაიზარდა. დღესდღეობით, ახლო მეგობრები ვართ. ამ ამბების შემდეგ უფრო და უფრო ხშირად დავიწყე მოგზაურობა და ძირითად თანხას, რასაც ვშოულობ, მოგზაურობაში ვხარჯავ.

 

M: როგორ შეუთავსე სპორტული გატაცება შენს საქმიანობას?

ვარჯიშის პარელალურად, ვიღებდით ვიდეოებს, რადგან შეჯიბრები ნაკლებადაა ჩვენთან. ძირითადად, საკუთარ თავზე ვმუშაობთ და სიძლიერეს ვუმტკიცებთ მხოლოდ საკუთარ თავს და არა სხვას. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბითაც მხოლოდ ვიდეოებს დებდნენ და ჩვენც ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენილიყავით. სწორედ, ამ პერიოდში გამიჩნდა ინტერესი ვიდეო გადაღებების მიმართ. ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა ძალიან მეხმარება ხოლმე იდეების გენერირებაში და ყოველი ჩემი ვიდეოს იდეა რაღაც მუსიკით არის ისნპირირებული.

 

M: როგორც ვიცით, იტალიაში მიგიწვიეს  Freesports and Youth Culture-ზე. რა ღონისძიებაა, ვისთვისაა განკუთვნილი?

ახლახანს მიმიწვიეს  University of Nations-ის ორ დღიან ვორქშოფზე Freesports and Youth Culture, სპიკერად, სადაც უნდა ვისაუბრო თემაზე Filming in Action Sports. ღონისძიება 16-17 თებერვალს გაიმართება იტალიაში, პესკარაში, რომთან არის ახლოს ეს ქალაქი. ეს მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდას action და extreme სპორტებში და ამ სპორტის სახეობების დადებითი მხარეების წარმოჩენას. რამდენიმე მოწვევა დღის წინ მივიღე და ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. თავიდან ცოტა დავფიქრდი, რადგან გამოცდილება არ მაქვს სპიკერობაში და არც განათლება მაქვს ფილმმეიქინგში, მაგრამ რომ დავუფიქრდი, კარგი გამოწვევაა იქნება ჩემს ცხოვრებაში და why not? ალბათ, საინტერესო ეტაპი იქნება ჩემთვის. დავთანხმდი და 15-ში უკვე იქ ვიქნები.

 

M: როგორ აღმოჩნდი სპიკერებს შორის და რაზე აპირებ საუბარს?

არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეგვარჩიეს. ჩემ გარდა, სამი ქვეყნის წარმოდგენლი იქნება: გერმანიიდან, ავსტრალიიდან და შტატებიდან. პირველ დღეს, დაახლოებით, 4 საათი მომიწევს საუბარი. მიახლოებითი საკითხები მომწერეს, რაზეც უნდა ვესაუბრო სტუდენტებს. ძირითადად, მაინც ალბათ უნდა ვილაპარაკო გადაღების მეთოდიკაზე ექსტრემალურ სიტუაციებში და საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვანო მაგალითები. თან ახლა დუბაიში მიწევს წასვლა, პარაშუტით უნდა გადმოვხტე და ახალი შეგრძნებებით უფრო მეტს მოვუყვები. ვფიქრობ, საინტერესოდ უნდა წავიდეს ყველაფერი.

M: თუ გამოარჩევდი რომელიმე ვიდეოს შენი ნამუშევრებიდან?

 



განხილვა