in

როგორ შექმნა გივი შანავამ „შერეკილების“, „ჭრიჭინასა“ და სხვა ქართული ფილმების ანიმაციური „რექაფები“

„შერეკილები“, „ჭრიჭინა“, „კუკარაჩა“ – ეს ფილმები, რომლებზეც თაობები გავიზარდეთ საქართველოში და რომლებიც დღემდე განსაკუთრებულ სითბოს გვგვრის. 23 წლის გივი შანავამ ქართული კინემატოგრაფიული ნამუშევრები ისეთი ფორმით გააცოცხლა, როგორიც აქამდე არავის უნახავს – ანიმაციური „რექაფების“ სახით. ანიმაციით გივი, ჯერ კიდევ, სკოლის ასაკში დაინტერესდა. შემდეგ, წლების განმავლობაში, სტუდია „ველოსიპედის“ გუნდში „ჟირაფი ჟოზეს“ პროექტზე მუშაობდა. ახლა კი, მის ნამუშევრებს TikTok-ზე ათასობით ადამიანი ნახულობს და ცნობილი ქართული ფილმების მის მიერ შექმნილი ვერსიებით ინტერესდება. როგორია შემოქმედებითი პროფესი და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? დეტალებზე გივი შანავა გვესაუბრა.

BOG
BOG

M: პროგრამირების პარალელურად, ანიმაციის სფეროში როგორ აღმოჩნდი?

არსად არასდროს არ მისწავლია, ჩემით ვითვისებდი ყველაფერს. მეშვიდე კლასში ვიყავი, პროგრამირების სწავლა დამოუკიდებლად რომ დავიწყე – თამაშების შექმნა მინდოდა. მალევე მივხვდი, რომ ანიმაცია მჭირდებოდა და რაკი ანიმატორის დაქირავებისთვის ფული არ მქონდა, გადავწყვიტე თავად შემესწავლა. ეს სფერო YouTube-ის ვიდეოებიდან ავითვისე – შევარჩიე ჩემი სტილი და პროგრამა, რომელსაც დღემდე ვიყენებ.

შემდეგ, Facebook-ის ჯგუფ CG Georgia-ში გავაზიარე ჩემი პირველი ანიმაცია. აღმოჩნდა, რომ „ჟირაფი ჟოზეს“ პროექტიც ამავე პროგრამით იქმნებოდა, ამიტომ სტუდია „ველოსიპედში“ შემომთავაზეს სტაჟირება. დავთანხმდი და საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ანიმაცია უფრო მიყვარს, ვიდრე პროგრამირება. ასე გადავედი სრულად ანიმაციაში.

M: ვუამბოთ მკითხველს, რა არის რექაფი და როგორ მუშაობ ამ სტილზე?

რექაფი არის ფორმატი, სადაც ფილმი ან სხვა შემოქმედებითი ნაწარმოები, მოკლედ არის ნაამბობი. ეს ტრენდი ძალიან დიდი ხნის წინაა დაწყებული – YouTube-ის მომხმარებლებს შეიძლება ახსოვდეთ კიდეც ვიდეო ამავე შინაარსით.

წლების განმავლობაში, ეს ტრენდი გაფართოვდა და ახლა, მხატვრული ნაწარმოებებსს, თამაშებს, ფილმებსა და მულტფილმებს მოიცავს. პოპულარულია ალტერნატიული დასასრულის მოფიქრებაც – მაგალითად, არის ძალიან ცნობილია პროექტები, სადაც სუპერმენისა თუ რკინის კაცის ალტერნატიული დასასრულები შექმნეს.

ამ ანიმაციებს წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი. ძალიან მომწონდა და დაახლოებით, ორი წლის წინ ჩავიფიქრე ამ ფორმით გაკეთება. ჯერ „შერეკილებით“ დავიწყე და რამდენიმე კვირის წინ დავდე სოციალურ ქსელში. ხალხს მოეწონა და გადავწყვიტე, სხვებიც გამეკეთებინა. ამ დროისთვის, რამდენიმე უკვე ნამუშევარი მაქვს – ზოგი ალტერნატიული დასასრულით, ზოგიც რექაფის ფორმატით, სადაც ერთ წუთში სრული ფილმია გადმოცემული.

M: როგორ იქმნება შენი ერთწუთიანი ანიმაციური ამბავი?

ყოველი ახალი პროექტისთვის ვცდილობ გავაანალიზო, რომელი ნაწილია საჭირო ისტორიის მოსათხრობად და როგორ შევძლებ მის სახალისო ფორმატში გადატანას ისე, რომ ორიგინალი ნაწარმოების არსი არ დაიკარგოს.

თავდაპირველად, ფილმიდან ვიღებ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადამწყვეტი როლი უჭირავთ სიუჟეტში. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი ეტაპი.

შემდეგ მთავარ თეზისებზე ვფიქრობ – როგორ შეიძლება ტრაგიკული ან დრამატული მომენტები უფრო მსუბუქ ფორმატში გადავიტანო. რაკი ანიმაციურ ფორმატში იქმნება, ის უფრო სახალისო უნდა იყოს მაყურებლისთვის. ხშირად ვამატებ თანამედროვე ელემენტებსაც, ან ვცდილობ ორიგინალი სიუჟეტი ცოტა უტრირებულად გამოვიყვანო.

თუმცა, პროცესში მთავარია – რასაც ორიგინალი ფილმი ჰყვებოდა, უნდა შენარჩუნდეს, უბრალოდ უფრო უტრირებული, გაზვიადებული ფორმით. ეს ანიმაციას უფრო ექსპრესიულსა და დასამახსოვრებელს ხდის.

M: შენი პირველი „რექაფი“ იყო „შერეკილები“ – როგორ შექმენი ეს ანიმაცია?

„შერეკილები“ ჩემი საყვარელი ფილმია. მასში უამრავი საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტაა – დაწყებული რეკვიზიტებით, მრავალფეროვანი კოსტიუმებით დამთავრებული.

როცა რაღაცას ვიზუალურად წარმოვიდგენ, ამ ფილმის კადრებში ადვილად ვხედავ ხოლმე. ამიტომაც ვიფიქრე, მაყურებლისთვისაც მარტივი იქნებოდა მიეხვედრა, რომ ანიმაციური პერსონაჟები რეალურად „შერეკილების“ გმირები არიან.

რაც შეეხება სხვა ფილმებს – ნამუშევრებს შორის არის „ჭრიჭინა“ და კიდევ სხვებიც. ასევე, ერთ-ერთი პროექტი არის სცენა ფილმიდან „კუკარაჩა“, სადაც ინგა მურტალოს შვიდ ტყვიას ესვრის. ეს კადრი იმდენად დამამახსოვრდა, რომ ბავშვობის მოგონებებიც გამიცოცხლა. ამ ფილმის დრამატული მომენტი ჩემთვის პირადი ასოციაციებით არის დატვირთული, რამაც ანიმაციის შექმნა კიდევ უფრო საინტერესო პროცესად აქცია.

M: როგორც ჩანს, ანიმაციის შექმნისას რამდენიმე პროფესიას ერთად ითავსებ. რა ეტაპებს გადის შენი შემოქმედებითი პროცესი?

მთელი პროცესი ასე გამოიყურება: სცენარი, პერსონაჟის დიზაინი, ანიმაცია, მონტაჟი და ხმის დადება. ანიმაციის ნაწილში ყველაფერს მე ვაკეთებ – ფონებსაც მე ვხატავ და პერსონაჟების დიზაინსაც, თუმცა ხანდახან სხვებსაც ვრთავ, რომლებიც ხატვაში მეხმარებიან.

ყველაზე მარტივი ნაწილი ალბათ სცენარია. არჩეული ფილმიდან რთული არ არის იმის მოფიქრება, როგორ შეიძლება რაღაც სხვანაირად დამთავრებულიყო და რა არის რეალურად სასაცილო. ფილმში ისედაც ჩანს, რა ნაწილია დრამატული და შესაბამისად, უტრირება ჩემთვის რთული არ არის.

შემდეგ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – ხატვა, პერსონაჟების დიზაინი. კლასიკური სტილის ანიმაციის ნაცვლად, ვიყენებ ძვლების სისტემის იმიტაციას, რაც სწრაფად მუშაობის საშუალებას მაძლევს.

ყველაზე რთული პროცესი ჩემთვის ხმების მოძიებაა. თუ რაღაცას ვუყურებ და საინტერესო ხმები მესმის – რეზინის გაწელვის, მძიმე მეტალის ნივთის დავარდნის და ა.შ. – იმ შემთხვევაში, თუ ეს ხმა სუფთაა და მუსიკა ხელს არ უშლის, ვფიქრობ რომ ოდესმე გამომადგება და ვიწერ. მთლიანი ფაილიდან ამ პატარა მონაკვეთს ვჭრი და შემდეგ რომელიმე რექაფში ვიყენებ.

M: რა მიზანს ემსახურება შენთვის ეს პროექტი?

ჩემი მთავარი მიზანია ქართულ YouTube სივრცეში შევქმნა გასართობი ანიმაციური კონტენტი და ხელი შევუწყო ქართული კინემატოგრაფის პოპულარიზაციას. მაყურებლისთვის ეს ახალი გამოცდილებაა – რამდენიმე წუთით ნაცნობი კინოსამყაროს სახალისო ინტერპრეტაციაში შეაბიჯოს. ჩემთვის კი ანიმაცია არის საშუალება შევქმნა ის, რაც მიყვარს და ეს სხვებსაც გავუზიარო.

იმედი მაქვს, ჩემი პროექტები ხელს შეუწყობს ანიმაციის პოპულარიზაციას საქართველოში. მინდა ყველას დავანახო, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ანიმაციის წარმოება, თუნდაც მოკლე ფორმატში, სავსებით შესაძლებელია და ამას რეალური აუდიტორია ჰყავს.

განსაკუთრებით გამიხარდება, თუ სხვებიც დაინტერესდებიან ამ სფეროთი. როცა ადამიანები დაინახავენ, რომ ანიმაცია მაყურებელს იზიდავს, შესაძლოა მეტი რესურსი ჩადონ და უფრო მასშტაბური პროექტები შექმნან. იქნებ, ამ პატარა ინიციატივამ ბიძგი მისცეს ქართული ანიმაციის ინდუსტრიის განვითარებას.

M: როგორ ფიქრობ, როგორ არის შესაძლებელი ქართული ანიმაციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა?

ვფიქრობ, ექსპორტზე შეიძლება გავიდეს არამხოლოდ ადამიანური რესურსი, არამედ იდეებიც. ეს საკმაოდ აპრობირებული პრაქტიკაა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ვფიქრობ კარგი იქნება, ქართველი ბიზნესები მიხვდნენ, რომ ანიმაციის შექმნა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება. თავის მხრივ, ანიმატორები აითვისებენ, რომ შეიძლება უფრო ნაკლები ძალისხმევით ანიმაციის შექმნა. ამ ყველაფრის შეთანხმებით, ძალიან საინტერესო პროექტებზე შეიძლება მუშაობა.

ბუნებრივია, ყველა სეგმენტში ვერ ვიმუშავებთ, მაგრამ მგონია, რომ სწორი სტილის და ტექნიკის არჩევის შემთხვევაში, მინიმალური ფინანსებით მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის მქონე ანიმაციის შექმნა შესაძლებელი მგონია.

M: როგორ აპირებ ანიმაციური პროექტის გაგრძელებას?

უახლოეს პერიოდში, არსებული რექაფების სერიის გაგრძელებას ვგეგმავ. ამის პარალელურად, ვმუშაობ ახალ, უფრო მასშტაბურ პროექტზე – ვქმნი საკუთარ ანიმაციურ სერიალს, რომლის მთავარი კონცეფცია სიზმრების სამყაროა. ამჟამად, ვწერ საპილოტე ეპიზოდს, სადაც გმირი სიზმრების საშუალებით განსაკუთრებულ ხედვას იძენს.

პროექტი უკვე საწყის ეტაპზეა – პერსონაჟები დახატულია და სატესტო ანიმაციებიც გავაკეთე. ყველაზე შრომატევადი ნაწილი სცენარის წერაა, მაგრამ ვვარაუდობ, მომავალი წლის განმავლობაში, მის დასრულებას შევძლებ.

ამ სერიალით მინდა პრაქტიკულად დავამტკიცო, რომ საქართველოში შესაძლებელია მინიმალური რესურსებით შეიქმნას საინტერესო ანიმაციური კონტენტი. მიზანი არა სამხატვრო შედევრის, არამედ მაყურებლისთვის მიმზიდველი და ყურებადი პროდუქტის შექმნაა, რომელიც უფრო ამბიციურ პროექტებს გაუხსნის გზას.

სასწავლო პროგრამის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტრენინგი წარმატებით დაასრულეს

რჩევები ექსტრემალურ პირობებთან გასამკლავებლად