Givi To Me ალექს კუპერის ახალი რესტორანია, რომელიც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე ქართულ ატმოსფეროს აერთიანებს. Givi To Me უკრაინაში, ოდესაში მდებარეობს და „კუპერის ხალხის“ მეოთხე პროექტს წარმოადგენს.
პატარა, მაგრამ ამაყი ხინკლის ბარი Givi To Me ქართული კულტურის მახასიათებლებითაა შექმნილი: სტუმართმოყვარეობითა და გემრიელი საკვების სიყვარულით. როგორც ქართულ ტრადიციას შეეფერება, რესტორანშიც ფიქრობენ, რომ სტუმარი ღვთისაა და ყოველთვის იმის მცდელობაში არიან, საუკეთესოთი გაუმასპინძლდნენ აქ მოსულ სტუმრებს.
Givi To Me-ის ძირითადი კერძი ხინკალი გახდა. როგორც ვიცით, ამ ტრადიციული და ერთი შეხედვით, მარტივი კერძის მომზადება განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს, რათა საბოლოოდ, წვნიანი ხორცი და იდეალური პროპორციების ცომი მივიღოთ. ამიტომაც, შეფ-მზარეული გია მარიანაშვილი პირადადაა ჩართული პროცესში. სამზარეულო ღიაა და ყველა სტუმარს შეუძლია, ხინკლის მოხვევის პროცესს თვალი ადევნოს. მთავარი წესი კი ხინკლის ხელით ჭამაა. ხინკალის გარდა, მენიუში შეგხვდებათ ქართული სამზარეულოს სხვა კერძებიც: ხაჭაპური, ლობიო, საცივი, მხალი, ხარჩო, „ქართული აქცენტის“ სენდვიჩები, ბლინები და რა თქმა უნდა, ბევრი ღვინო.
სასმელებიდან „გივის“ ლიმონათი შეგიძლიათ დალიოთ, ან სახლში ჩამოსხმული ღვინო, GIVINO VINO მიირთვათ. ლუდის მოყვარულებს კი თეთრი („მთის რძე“) და შავი („მთის ჩაი“) ლუდები ელოდებათ. უფრო მაგარი სასმელის მსურველები მენიუში ქართულ ჭაჭასა და კონიაკსაც ნახავენ.
რესტორანში ორი დარბაზია განთავსებული: პირველ სართულზე განლაგებულია მაგიდები ხალხის დიდი ჯგუფებისთვის. მეორე სართულზე კი, მცირე მაგიდები და ორი კომფორტული საქანელაა. მთლიანი სივრცე სულ 100 სტუმარს იტევს. რესტორნის ინტერიერი ყურადღებითა და გემოვნებითაა არჩეული: მთლიანი ავეჯი ხელნაკეთია, ჭურჭელი 5 ქვეყნიდანაა შეგროვებული, ხოლო კეცები უკრაინელი მეთუნეების მიერაა დამზადებული. ყველა კუთხეში ნახავთ უნიკალური დიზაინის დეტალებს: ჰიფსტერულ გრაფიკას, ჩაიდნებს საყვავილეების ნაცვლად, თუ ლოგოებს თეფშებსა და ჭიქებზე. სანამ თქვენს შეკვეთას ელოდებით, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადახედოთ მენიუს, რომელიც ილუსტრაციებითაა გაფორმებული და თითოეულ საკვებს თავისი დეტალური აღწერა მოჰყვება.
2013 წელს „კუპერის ხალხმა“ გახსნა Cooper Burgers, 2015 წელს – Tikhiy Bar (Quiet Bar) over Cooper, 2016-ში კაფე-ბარი Molodost, როლო 2016 წლის 19 ივლისს სარესტორნო პროექტს Givi To Me შეემატა. „კუპერები“ თითოეულ პროექტს უნიკალურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზეა გათვლილი. რესტორნის ადმინისტრაცია პოპულარობაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მათი რესტორანი 5000-ზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა და 10 000-ზე მეტი ხინკალი და ხაჭაპური მოამზადა.
ძალიან მალე, „გივის“, არც ისე დიდი, მაგრამ კომფორტული ბაღი ექნება. სამომავლოდ კი, „კუპერის ხალხი“ კიდევ ორი სარესტორნო პროექტის განხორციელებას გეგმავს.