ჯორჯია:
“როდესაც მისტერ ზალდასტანი შეკრებებზე თავს წარადგენდა, აუცილებლად სადმე ახსენებდა, რომ ჯორჯიიდანაა. თან მსუყე აღმოსავლეთ ევროპული აქცენტით დასძენდა, ცხადია, არა ამ ჯორჯიიდან, არამედ ჯორჯიის რესპუბლიკიდან, რომელიც კავკასიაში მდებარეობსო“ – წერს გივი ზალდასტანიშვილის შესახებ ქართველთა ასოციაცია ამერიკაში, რომელიც 1932 წელს საბჭოთა რეჟიმისგან გაქცეულმა ქართველებმა ვაშინგტონში დაარსეს.
მიუხედავად მისტერ ზალდასტანის, იგივე მუსიე გუივის და იგივე ბატონი გივი ზალდასტანიშვილის ხსენებული მცდელობებისა, დღეს, როდესაც პოპულარულ გენეოლოგიურ ამერიკულ საიტზე – www.ancestry.com – შედიხართ, აღმოაჩენთ, რომ მის დაბადების და გარდაცვალების ადგილად ორივეჯერ „ჯორჯია, აშშ“ არის მითითებული. თითქოს არც ყოფილა ასეთი ქართველი, არამედ – ვინმე რიგითი ჯო მასაჩუსეტსიდან.
არადა, ცნობილი ბოსტონელი ბიზნესმენი, ფილანტროპი და საზოგადო მოღვაწე გივი ზალდასტანიშვილი 1919 წელს თბილისში, საქართველო-ჯორჯიაში დაიბადა და 2007 წელს თბილისშივე გარდაიცვალა. მისი ბედი დაბადებიდან ემიგრაციისთვის იყო განწირული: მამა, ეროვნული არმიის პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სოლომონმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად საიდუმლოდ დატოვა საქართველო და თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მალე საფრანგეთში მეუღლე მარი ხირსელი შეუერთდა ორი მცირეწლოვანი ვაჟით: გივი მაშინ ხუთი წლის იყო, ოთარი კი – ორის.
საფრანგეთი:
საფრანგეთში ზალდასტანიშვილების ოჯახმა 17 წელი იცხოვრა. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პატარებში ქართული ცნობიერება აღეზარდათ და ენა შეენარჩუნებინათ. ყოველ კვირას დედა ქართულ სადილს ამზადებდა და მათ ოჯახში პარიზში მცხოვრები ქართველები იკრიბებოდნენ. სოლომონის სულისკვეთება არც თეთრი არმიის მარცხის შემდეგ განელებულა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ სხვა ემიგრანტთა მსგავსად საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ტყვეთა განთავისუფლების საქმეში. ლეგენდად შემოგვრჩა ამბავი, როდესაც რუმინეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში ჩასულს გერმანელებმა 500 ქართველიდან მხოლოდ 90-ის გაყვანის ნება მისცეს. სოლომონმა კი განაცხადა, ოთხას ქართველს სასიკვდილოდ ვერ დავტოვებ და, თუ ვერაფერი ვუშველე, მაშინ მეც მათთან დავრჩებიო. ასეთი თავდადებით გაოგნებულმა გერმანელებმა ხუთასივე ქართველი ტყვე გაათავისუფლეს თურმე.
ცხადია, ასეთმა ცხოვრებამ სოლომონს ჯანმრთელობა ძლიერ შეურყია, 1941 წელს ბუქარესტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დარჩა მარიამი მარტო ორ წამოზრდილ შვილთან ერთად. თუმცა საქმე საამაყოდ ნამდვილად ჰქონდა: უკვე აქედან ხედავდა, რომ მან და სოლიკომ კარგად აღზარდეს ბიჭები. ორივემ წარჩინებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი: ოთარი ტექნიკურმა საგნებმა გაიტაცა, გივი კი საფრანგეთის საზღვაო–სამხედრო ძალების სასწავლებლიდან გამოვიდა, რომელშიც მებრძოლი მშობლების ხათრით ჩააბარა და წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წელს კი ამავე უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ასპირანტურაში მოხვდა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო. მეორე სამამულო ომის დამთავრების შემდეგ ოთარი იყო პირველი, რომელსაც ეპატარავა სამშობლოდ ქცეული პარიზი, ახალი ტრენდი ამერიკა გახლდათ, ოცნებების ასრულების ქვეყანა, ჰოდა, ოთარსაც იქით გაუწია გულმა.
ამერიკა:
1946 წელს ოთარ ზალდასტანიშვილი ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე თვეში ჰარვარდის სტუდენტი გახდა. მისი დაჟინებული თხოვნით, 1947 წლის დასაწყისში ამერიკას გივიმ და დედამაც მიაშურეს. გივი დიდხანს არ ეთმობოდა საფრანგეთი, მეგობრები, მაგრამ ოთარი არ ეშვებოდა და ჰარვარდზე საოცრებებს უყვებოდა. ბოლოს გადაწყდა: მარიამი და გივი ამერიკას გაემგზავრნენ! ინგლისურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გივიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება შეძლო. იურისპრუდენცია საფრანგეთში მოიტოვა და გადაწყვიტა, კაპიტალიზმის ქვეყანაში ბიზნესს დაუფლებოდა.
1951 წელს გივიმ მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, თან ასევე დარწმუნდა, რომ ოთარი არ ტყუოდა ჰარვარდის შეახებ: ამ უნივერსიტეტმა, პროფესორებმა, თანაკურსელებმა სამუდამოდ მოიგეს მისი გული. იცით, რომ მილიარდერ მარკ ცუკერბერგს დღემდე თავისი ფეისბუკის გვერდზე ბიოგრაფიაში სამსახურთა ჩამონათვალის ნაცვლად უბრალოდ „ჰარვარდის კურსდამთავრებული“ უწერია? გივიმაც ასევე შეიყვარა თავისი ალმა-მატერი, ცხოვრების ბოლომდე ჰარვარდთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია და ათწლეულები ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი გახლდათ.
მაგრამ აი, დამთავრდა სწავლა, და ახალგაზრდა ყმაწვილი ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დადგა, რის წინაშეც ყოველი ემიგრანტი დგება ამერიკაში: სამსახური. დიახ, შრომა ფასდება, მაგრამ დიდ კარს თავიდან არავინ აღებს. ოთარის საქმე თითქოს უკეთ მიდიოდა: სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ბოსტონში, სამშენებლო კომპანიაში დაიწყო, შემდეგ კი ავია-კონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად 1952 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. 1952 წელს კომპანიის პარტნიორი გახდა, რამდენიმე წელში კი – პრეზიდენტი. რაც შეეხება სორბონისა და ჰარვარდის წარჩინებულმა კურსდამთავრებულ, ორდიპლომიან გივის, მან უკადრისობა არ დაიწყო და ხალისით შეუდგა ამერიკაში პირველ სამსახურს მუშად.
ფედერეით დეპართმენთ სთორს (Federated Department Stores) ბოსტონში თანამედროვე მოლის ან შოპინგ-ცენტრის პროტოტიპს წარმოადგენდა და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საკმაოდ მოძლიერდა, ცნობილი „მეისის“ ქსელიც კი შეიერთა. 1951 წელს, როდესაც გივიმ იქ უბრალო მუშად დაიწყო მუშაობა, მინიმუმი ანაზღაურება 43 ცენტი იყო, რაც დღეს შემსყიდველობის უნარით 4.42 დოლარს უტოლდება. ისე გამოიჩინა თავი, რომ ძალიან მალე შესყიდვების განყოფილების მენეჯერად დააწინაურეს, რაც, მერწმუნეთ, მუშის პოზიციიდან უზარმაზარი ნახტომი იყო.
1962 წელს გივი ზალდასტანი უკვე ავეჯის პოპულარული მაღაზიის მფლობელი და პრეზიდენტი გახდა, 1976 წლიდან საინჟინრო–საკონსულტაციო კომპანია „ზალდასტანი ასოშიეთს ინკორპორეითედ“ დააარსა, რასაც ბოსტონში ცნობილი მარკეტინგული ფირმა „ზალდასტანი კონსალტინგი“ მოჰყვა.
შრომამ დაიწყო დაფასება და შედეგის გამოღება. ძმები არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ ბიზნეს-პარტნიორები გახდნენ. უძრავი ქონება, მშენებლობა, დაპროექტება და ახლა მოდური სიტყვა „დეველოპმენტი“ მათ გატაცებად იქცა. დაუღალავი შრომის შედეგად გივი ზალდასტანიშვილმა დააგროვა კაპიტალი, შეიძინა სოლიდური საცხოვრებელი სახლები ამერიკასა და საფრანგეთში, პატარა კუნძული კარიბის ზღვაში, სადაც ააშენა სასტუმროები. ოთარმა კი ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში პროექტების რეკორდული რაოდენობას – ათასს – გადააჭარბა. მათ შორისაა: ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონი და ლეგენდარული ხელოვნური კუნძული „პალმა ჯუმეირა“ საუდის არაბეთში. ეს არის ზღვაში განლაგებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები და ადამიანის ხელით შექმნილი მეორე ძეგლია, რომელიც, დიდი ჩინური კედლის შემდეგ, კოსმოსიდან ჩანს. „პალმა“ იმიტომ ეწოდება, რომ ორი კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17-ტოტიან პალმის ხეს ქმნის, რომელიც თერთმეტკილომეტრიანი რიფებით არის გარშემორტყმული. ორასი პატარა კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზე ასიოდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ათასამდე ვილა, პენტჰაუზი და ხუთი ათასი კერძო ბინა. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ „მერვე საოცრების“ შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. არადა სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც ყურეში ნიადაგის დამაგრება მოხერხდა, რომ მიწა ზღვას არ წაეღო.
საქართველო:
აქ თითქოს მშვიდად შეიძლებოდა გვეთქვა, და ცხოვრობდნენ მას შემდეგ დიდხანს და ბედნიერადო, მაგრამ იყო რაღაც, რაც არ აძლევდა მოსვენებას არც ერთ ძმას, რაც აკარგვინებდა ძილს და მშვიდ ცხოვრებას. ის სამშობლო, ერთს რომ ორი წლის ასაკში წაართვეს და მეორეს – ხუთის, ეძახდა, აშფოთებდა, უხმობდა.
საფრანგეთში ქართული გარემო დედ-მამის წყალობით არ აკლდა, ბოსტონში კი არჩევანი დიდი არ იყო. ამიტომ გივიმ ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ურთიერთობა ამერიკის ქართველი ახალგაზრდობის ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტიც 1966 წელს თავადვე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის” დაარსებაშიც. 1955 წელს ალექსანდრე ცომაიასთან და დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად ნიუ–იორკში დაარსა გაზეთი „ქართული აზრი”, სადაც გივი და ოთარი მუდმივად აქვეყნებდნენ წერილებს.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა გივი ზალდასტანიშვილის მოღვაწეობა 1931 წელს დაარსებული ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოში, რომლის საქმიანობაში მისმა ძმამ, ოთარმა ჩაააბა. ოთარი რვა წელი იყო ეროვნული ორგანიზაციის, 1958 წელს დაარსებული „საქართველოს ასოციაციის“ პრეზიდენტიც, რომლის მიზანი საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა გახლდათ. 1961 წელს, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ზალდასტანიშვილი მესამედ აირჩიეს ასოციაციის პრეზიდენტად, ემიგრანტული გაზეთი „ქართული აზრი“, რომელიც ნიუ-იორკში იბეჭდებოდა, წერდა: „საზოგადოების მხრივ ეს იყო უდიდესი მადლობის გამოხატულება თავისი თავმჯდომარის მიმართ. მართლაც, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უდიდესი ცვლილება მოხდა ქართული სათვისტომოს ისტორიაში, მან მოიპოვა შეერთებულ შტატებში არსებულ კორპორაციებისა და საზოგადოებების უფლება და გადაიქცა იმ ოფიციალურ დაწესებულებად, რომლის მიმართაც სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობს: მას იცავს, მფარველობს და ეხმარება.“ 1966-1974 წლებში ასოციაციის პრეზიდენტი გივი იყო, შემდგომ კი იგი ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილმა – ელისაბედმა (ლიზიმ) გადაიბარა.
და აი, დადგა ის დღეც, როდესაც გივი ზალდასტანიშვილი საქართველოს 62 წლიანი განშორების შემდეგ ესტუმრა, პირველი ვიზიტი 1986 წელს იყო, მეორე კი – 1988 წელს მეუღლესთან მიშლენ დე ბიევასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად დახვდნენ, როგორც ძვირფას სტუმარს, მოატარეს თბილისი და მცხეთა, ჯვარი და სვეტიცხოველი, ჩურჩხელა ამოუვლეს და გაატანეს, ყანწი დააცლევინეს და ცრემლიც ბევრჯერ მოადგა ალბათ თვალზე. მაშინ იყო ალბათ, რომ ამერიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, გივი ზალდასტანმა, საქართველოს ეკონომიკის აღორძინება გადაწყვიტა. ამაში ძმებმა ზალდასტანიშვილებმა პოლონეთში დაბადებული, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აიყოლიეს, დააარსეს საზოგადოება „ჯორჯიან ქოასთერ დეპარტამენტი“. 1997 წელს გივი და ოთარ ზალდასტანები საქართველოს საპატიო მოქალაქეები გახდნენ 1921 წელს გატანილი ეროვნული არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის.
ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე ვერ იგებდნენ, რატომ მოჰყვებოდა ყოველი მაღალი დონის ბიზნეს-პროექტის წამოწყებას უამრავი გაუგებარი წინააღმდეგობა.
მეცხოველეობის ფერმების დიდი ქსელის შექმნა – არ გამოვიდა.
ეროვნული ფარმაცევტიკის შექმნა – არ გამოვიდა.
მედიკამენტების საწარმო ქარხნის აშენება – არ გამოვიდა.
შავ ზღვაზე, სუფსაში ახალი პორტის აშენება – არ გამოვიდა.
90-იანი წლების საქართველო „ცისფერი მთების“, ჩამონგრეული საბჭოთა კავშირის, აფხაზეთის ომის, კუპონებისა და უშუქობის ქვეყანა იყო, არ გახლდათ მზად გრანდიოზული წამოწყებებისთვის.
მხოლოდ 2001 წელს, როგორც იქნა, გივი ზალდასტანიშვილმა გაიტანა თავისი და ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში დაარსა ამერიკული აკადემია – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელსაც დღეს მისი სახელი ქვია. ოთარი დაუღალავად ეხმარებოდა ძმას აკადემიის დაარსებაში, შემდეგ კი – აკადემიის საუკეთესო სტუდენტების ჰარვარდისა და სიმსონის კოლეჯებში გაგზავნაში. ამ დროისთვის ოთარი იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი გახლდათ, ასევე – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი აეროდინამიკაში კითხულობდა ლექციებს, გამოქვეყნებული ჰქონდა უამრავი თეორიული ნაშრომი და იყო ბევრი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში). ,,ის იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი და მეცნიერი”, _ ამბობდა მამის შესახებ ელიაბედ ზალდასტანი. სამწუხაროა ის, რომ საქართველოში, მიუხედავად მისი დიდი ეროვნული ღვაწლისა, კარგად არ იცნობდნენ. მის გარდაცვალებას მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით, როდესაც ოთარ ზალდასტანიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის საყვარელ ბოსტონში, მაუთ ობურნის სასაფლაოზე დაკრძალეს 2005 წელს. გივი ზალდასტანიშვილი კი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. 2008-ში კი დაიხურა „ზალდასტანი ასოშიეთდს ინკორპორეითედ“.
„… ქართველი! სწორედ ეს არის სიტყვა, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრად იქცა. ცხოვრების, რომლის უდიდესი ნაწილიც სამშობლოდან შორს, უცხო მხარეში გავატარე. სწორედ ამ მიწისა და ხალხის სიყვარულმა დამაბრუნა საქართველოში ამდენი ხნის დაცილების შემდეგ… პატარაობიდანვე მქონდა გათვითცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი ერის შვილი ვიყავი და ვატარებდი სახელს ქართველისას“ – გივი ზალდასტანიშვილის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ შემართებას და სულისკვეთებას, რომლითაც ამ ადამიანმა იცხოვრა.
ახალგაზრდა მარი ხირსელი და სოლიკო ზალდასტანიშვილი სულ იმას შიშობდნენ, ბავშვებს ქართული არ დაავიწყდეთო, რას წარმოიდგენდნენ, რომ ორ პატრიოტს და ჭეშმარიტ გულშემატკივარს უზრდიდნენ იმ ქვეყანას, რომელმაც ემიგრანტის მწარე ხვედრისთვის გაიმეტა.
თამარ გუნაშვილი