ზოგჯერ ვუსმენთ ბენდებს, მოგვწონს, ვგულშემატკივრობთ, ველოდებით, როდის ატვირთავენ ახალ ტრეკს YouTube-ზე, მაგრამ არ ვიცით, ვინ დგას ამ მუსიკის მიღმა. ეს რუბრიკაც ხომ ამისთვისაა? გაგაცნოთ ქართველი მუსიკოსები უფრო უკეთ, თავიანთი პერსონალობით, რომელიც ხშირად იმ მუსიკასთან არის კავშირში, რომელსაც ქმნიან.
გიზი ფანჯაკიძე ქართული ჰარდროკ ბენდის, Almost Famous-ის გიტარისტია. სიმღერები, რომლებიც მსმენელს უკვე დიდი ხანია, უყვარს, სწორედ გიზის თანამონაწილეობით იწერება და როგორც თავად გვეუბნება, შემოქმედებითი პროცესი მისთვის იდეების გაცვლის, ასევე, ემოციების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.
გიზი ფანჯაკიძე:
მუსიკის მიმართ ჩემი ინტერესი ადრეული ასაკიდან გაჩნდა. მამაჩემი დიდი მელომანია და ბავშვობიდან ვუსმენდი არაერთ ცნობილ მუსიკოსს, რომელთაგან გამოვარჩევ გიტარისტებს: ჯიმი ჰენდრიქსი, გარი მური, ფრენკ ზაპა, ედი ვან ჰალენი და სხვები.
მუსიკის სიყვარულით, თინეიჯერობის ბოლო წლებში დავიწყე გიტარაზე დაკვრა. შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ვარ, რადგან YouTube-ზე ვუყურებდი ტუტორიალებს და ისე ვსწავლობდი. შემდეგ კი, ასევე, დამოუკიდებლად, ბარებში დავიწყე დაკვრა, რითაც ნელ-ნელა გამიჩნდა სურვილი, რომ საკუთარი ბენდი მყოლოდა.
M: გავიხსენოთ და მოვყვეთ ისიც, თუ როგორ შეკარით ბენდი…
გავიცანი რომა ერანოსოვი, ბენდის დღევანდელი დრამერი, რომელმაც გამაცნო ვოკალისტი დაჩი დოდაშვილი და მისი ძმა ბაჩუკი დოდაშვილი ბასზე. ეს იყო პანდემიის დასაწყისში, როცა დავამუშავეთ და ოფიციალურად, ლეიბლთან თანამშრომლობით გამოვუშვით პირველი სიმღერა. დაახლოებით ერთი წლის წინ შემოგვიერთდა ლუკა მუსერიძე, რომელიც კლავიშზე უკრავს.
ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც მოგვცა ბიძგი და მოტივაცია, რომ შემდეგაც გაგვეგრძელებინა ერთად მუშაობა.
M: როგორია ხოლმე თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი, როგორც პირადად, ისე ბენდთან ერთად?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ რეპეტიციაზე ბენდის წევრებთან ერთად შეკრება ჩემთვის იგივეა, როგორც შეკრება ოჯახის წევრებთან ერთად. შეიძლება ერთს ჰქონდეს რაღაც იდეა, რომელიც სხვადასხვა გარემოებიდან მოდის, ან პირიქით, შენ გაქვს ისეთი სათქმელი, რომელიც მოვიდა რაღაცაზე გაბრაზების, დაფიქრების, პროტესტის გამოთქმის სურვილით…მაგრამ რეპეტიციაზე რომ მიდიხარ და სხვებს უზიარებ, შეიძლება ბენდის წევრებმა ისეთი რამ გირჩიონ, რომ ცვლილება შეიტანო ამ იდეაში ან მეტიც, საერთოდ არ გააგრძელო მასზე ფიქრი.
პირიქითაც ხდება – სავსებით შესაძლებელია, იმდენად მაგარი აზრი გააჟღერე, ყველას ერთხმად მოეწონოს და ამით იმას სწავლობ, რომ შენი იდეა ბოლომდე გაიტანე.
ეს ორივე პროცესი ძალიან საინტერესოა.
რაც შეეხება ემოციურ მიდგომას, ნებისმიერ შემთხვევაში, დამშვიდება მინდა თუ ყვირილი, სიყვარულზე საუბარი მსურს თუ ვნებაზე, ყველაზე კარგად ამ გრძნობებს გიტარით გადმოვცემ.
M: რა არის ხოლმე ის თემატიკა და გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ მსმენელამდე მიიტანოთ?
შვიდი საავტორო გვაქვს გამოშვებული და, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი თემატიკა. ზოგიერთი მათგანი სიყვარულზეა, ზოგიერთში ისეთი ისტორიებიც კია გადმოცემული, როგორიცაა ბედუინი, რომელიც უკვდავებას ეძებს, მაგრამ ვერ მიაგნებს…ერთი სიტყვით, თემები მრავალფეროვანია და მათზე ყველა ერთად ვმუშაობთ.
პირადად მე რაც შემეხება, მუსიკა მეუბნება იმას, რომ ხანდახან ყველაფერი არ არის კარგად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ.
M: როგორ შეაფასებდით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიას საქართველოში, რა სჭირდებათ მუსიკოსებს, რომ მეტად რეალიზდნენ?
პირველ რიგში, სჭირდებათ კარგი რეკლამა, რომელსაც, თავის მხრივ, სჭირდება პროდიუსერები, თუმცა მათი ნაკლებობაა საქართველოში. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ანდერგრაუნდმუსიკაში, სადაც ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან არაერთი ბენდი მოღვაწეობდა, თუმცა მათ შესახებ ბევრმა არ იცის დღემდე, მათ შორის, არც ახალგაზრდა თაობამ.
რომ ყოფილიყვნენ პროდიუსერები და ყოფილიყო ლეიბლები, რომლებიც იზრუნებდნენ ამ ჯგუფების ცნობადობაზე, ბევრად უკეთესი იქნებოდა. შეიძლება ითქვას, დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვართ და ჩვენც კი იმავე გზას გავდივართ – ბენდები ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ლეიბლებთან სიმღერების დარეგისტრირებაზე, თავად ლეიბლს არ აქვს ჯერ იმდენი საშუალება, რომ გაგარეკლამოს და ა.შ.
M: თქვენზე, როგორც მუსიკოსზე, როგორ მოქმედებს მსმენელის უკუკავშირი?
ჩვენს შემთხვევაში, ძირითადად, დადებითი ემოცია და უკუკავშირი მოდის ხოლმე მსმენელისგან. ისინი გრძნობენ, რომ საკმაოდ ბევრს გავცემთ მათთვის და ეს ენერგია, რაღაცნაირად, უკან გვიბრუნდება.
M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი მიმდინარე გეგმები?
სულ ახლახან ჩავწერეთ რამდენიმე ახალი სიმღერა და მათი დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. ნელ-ნელა, ყველას ერთად არა, მაგრამ ეტაპობრივად ავტვირთავთ ამ სიმღერებს და მსმენელსაც გავაცნობთ.
M: დაბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დავუტოვებ ჩვენი ბენდის სიმღერას, რომელიც ქრონომენტრაჟით ყველაზე გრძელია და მას ვტოვებ იმიტომ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მოგვისმინოთ.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











